კომპანია Proservice, მომხმარებელს, დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საჭირო სერვისის, კოლოკაციისთვის [Co-location] განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ამ მომსახურებისთვის კომპანიამ, 2019 წელს, ახალი დატა ცენტრი ააშენა. „პროსერვისის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რევაზ ნატროშვილი, ამბობს, რომ შენობის პროექტირების თუ დატა ცენტრის მოწყობის დროს საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობდნენ. რაც შეეხება ტექნიკურ უზრუნველყოფას, ის Schneider Electric-ის მიერ წარმოებულ გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული.
რევაზ ნატროშვილი: საფინანსო, საწარმოო, სადისტრიბუციო და სხვა დიდ კომპანიებს, სჭირდებათ, რომ სერვერები განთავსებული ჰქონდეთ არა ლოკალურად, თავისსავე ოფისებში, არამედ სპეციალურად ამ საქმიანობისათვის შექმნილ, დაცულ ინფრასტრუქტურაში, მაღალი ხარისხის ტექნიკური მხარდაჭერით. მაგალითად, კომპანიას აქვს რამდენიმე ოფისი ქალაქის სხვადასხვა რაიონში, ან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და ყველა ამ წერტილიდან ერთ სერვერზე ან სერვერების კლასტერზე გროვდება ინფორმაცია, რაც სწრაფ და ეფექტურ აღრიცხვიანობას უზრუნველყოფს. ხშირად, კომპანიას ამ ყველაფრისთვის ლოკალურად, ოფისში უდგას სერვერი, რაც არასწორია. სპეციალურად ამ ფუნქციისთვის შექმნილ დატა ცენტრში, სერვერების კოლოკაციით, მას შეუძლია, გაცილებით მაღალი ხარისხის, დაცული და ეფექტური მომსახურება, მინიმუმ, 2-ჯერ უფრო იაფად მიიღოს. ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, Co-Location სწორი გადაწყვეტილებაა – კომპანიის სერვერი დგას დატა ცენტრში და უზრუნველყოფილია 24/7-ზე გამართული მუშაობით.
ახალ დატა ცენტრზე და მის შესაძლებლობებზე რომ ვისაუბროთ . . .
რ. ნ. : რაც შეეხება თავად დატა ცენტრს, 2019 წლის ოქტომბერში დავასრულეთ მშენებლობა, წლის ბოლოსთვის ყველა სახის ტესტირება გავიარეთ. 2020 წლის დასაწყისიდან კი, სრულფასოვან მომსახურებას ვუწევთ მომხმარებლებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შენობა კომერციული დატა ცენტრისთვის, საქართველოში, მხოლოდ ჩვენ გვაქვს. სამშენებლო პროექტი სპეციალურად შეიქმნა და მაქსიმალურად მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებსა თუ მოთხოვნებს. დავიცავით TR 3-ის (TR 1, TR 2, TR 3 და TR 4 საერთაშორისო სტანდარტებია, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას დატა ცენტრი, TR 4 არის უმსხვილესი კორპორაციებისთვის, მაგალითად – Google) მოთხოვნები, რომელიც, დაახლოებით, 300 პუნქტისაგან შედგება. TR 3-ის სტანდარტებითაა აღჭურვილი უშუალოდ დატა ცენტრიც. გათვალისწინებულია გაგრილების, ჰაერის ტენიანობის განსაზღვრისა და უსაფრთხოების სისტემები, ხანძარქრობის ავტომატური დანადგარები და ყველა ამ სისტემის მონიტორინგი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დატა ცენტრში ყველაფერი დუბლირებულია: ელექტროენერგია, ინტერნეტის არხები, დიზელ გენერატორები, UPS-ები, კონდიცირება – ამით მაქსიმალურად ვაზღვევთ ჩვენს მომხმარებელს და უზრუნველვყოფთ, რომ უწყვეტ რეჟიმში, 24/7-ზე მიიღონ მომსახურება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „პროსერვისი“, კოლოკაციის მიმართულებით, ნამდვილად უკონკურენტოა. როგორც აღვნიშნე, დატა ცენტრი რამდენიმე თვის წინ შევიდა ექსპლოატაციაში. აბონენტთა რიცხვი იზრდება და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი და მოტივაცია, რომ ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ თითოეულ მომხმარებელს.

„პროსერვისი“ ასევე ახორციელებს დომენების რეგისტრაციას. ამ მიმართულებაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
რ. ნ. : თავდაპირველად, ქართული დომენების რეგისტრაცია მხოლოდ ერთ კომპანიას შეეძლო, რაც პრინციპში არანორმალურია, თუმცა, 2018 წელს აპრილში სიტუაცია შეიცვალა – .ge ზონის დომენის ადმინისტრატორმა რეგისტრაციის დელეგირება გააკეთა და დაახლოებით, 12 კომპანია გახდა რეგისტრატორი, მათ შორის „პროსერვისიც“. თუმცა, ამ დროისთვის, ჩვენ უკვე გვქონდა გამოცდილება დომენების რეგისტრაციაში, რადგან ვარეგისტრირებდით საერთაშორისო დომენებს, მაგალითად: .com .org .net .info. და ა. შ. ამ გამოცდილებამ თავისი შედეგი გამოიღო და ავტორიზებული რეგისტრატორის სტატუსის მიღებიდან 2 წლის თავზე, .ge ზონის დომენების 30 % – 15 ათას დომენზე მეტი – ჩვენს პორტფელშია, რითიც კომპანია ამ ბაზრის ლიდერი გახდა. ბედნიერი ვარ, რომ „პროსერვისს“ ნდობა აბონენტების ასეთმა დიდმა რაოდენობამ გამოუცხადა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ქართული – .გე ზონის რეგისტრატორებიც ვართ. მართალია, მოთხოვნა დიდი არ არის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ გაიზრდება.
თავად ჰოსტინგ პროვაიდინგზე რომ ვისაუბროთ . . .
რ. ნ. : კომპანიის შექმნის დღიდან, რამდენიმე სახის სერვისს ვაწვდიდით ჩვენს აბონენტებს. ესენია: განაწილებული (შეარდ) ჰოსტინგი, ვირტუალური სერვერები, ფიზიკური სერვერების არენდა და ახლა უკვე სერვერების კოლოკაცია. ჩვენი პრიორიტეტია, მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება მივაწოდოთ. თავიდანვე შევქმენით დახმარების ჯგუფი, თუმცა რაც დატა ცენტრი ავაშენეთ, 24-საათიან ტექნიკურ დახმარებაზე გადავერთეთ. ჩვენი მომხმარებლები ნებისმიერ ტექნიკურ საკითხზე კონსულტაციასა და დახმარებას 24/7-ზე იღებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სერვისი მივაწოდოთ მომხმარებელს, სწრაფად და ეფექტურად მოვემსახუროთ მათ.
იმ თანამშრომლების ძირითადი ბირთვი, ვინც ტექნიკური საკითხებით არის დაკავებული, 10 წელზე მეტია, ჩვენთან მუშაობს. თუმცა, კომპანიის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, ახალი თანამშრომლებიც გვემატებიან. როგორც ძველ, ისე გუნდის ახალ წევრებს მუდმივად ვუტარებთ ტრენინგებს, ტექნიკური განვითარებისა და აბონენტებთან ურთიერთობის კუთხით. სერვის +_ ის ტრენინგს, პერიოდულად გადიან როგორც ტექნიკური მხარდაჭერის, ისე გაყიდვებისა და ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიის წარმატება დიდწილად სწორედ ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალზმის დამსახურებაა, რისთვისაც მადლობა მინდა, მათ გადავუხადო.
„პროსერვისის“ გუნდის წევრები არიან მაღალი დონის პროფესიონალები. ყველა ის საკითხი და მიმართულება, რაზეც კომპანია მუშაობს, მათ კარგად იციან და, შესაბამისად, ეფექტურად ემსახურებიან აბონენტებს. საკმაოდ ეფექტურად იმუშავა გუნდმა ამ კრიზისის [პანდემია] პერიოდშიც – 14-15 მარტიდან დისტანციურ მუშაობაზე გადავედით. თუმცა, დატა ცენტრში მუდმივად გვყავდა მორიგე თანამშრომელი, რათა ჩვენს აბონენტებს არანაირი ტექნიკური პრობლემები არ შექმნოდათ. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს, ელ. ფოსტითა და სპეციალური დახმარების მოდულით ვუწევდით მხარდაჭერას.
ასევე, ჩვენი გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, ქართული ბიზნესის მხარდაჭერაში პატარა წვლილი ჩვენც შევიტანეთ და ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისათის, პანდემიის პერიოდში, უფასო, 3-თვიანი მომსახურება გვქონდა გამოცხადებული. ამ შეღავათით ტურისტული მიმართულების კომპანიებს დღესაც შეუძლიათ ისარგებლონ. აქცია ძალაშია 1 სექტემბრამდე.

კონკურენტებთან შედარებით, რა უპირატესობა აქვს „პროსერვისს“ ? დღეს რა ვითარებაა ამ ბაზარზე ?
რ. ნ. : ჩვენი უპირატესობა არის ჩვენი გამოცდილება და სტაბილურობა. „პროსერვისი“ 2003 წელს შეიქმნა. მაშინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა ჰოსტინგის სერვისის მიმწოდებელი კომპანიები. ამ დროს დაარსდა ჩვენი კომპანია, რომელიც მე და ჩემმა ძმამ, სახლიდან წამოღებული 2 კომპიუტერით დავაფუძნეთ. შემდეგ, ნელ-ნელა გავფართოვდით, მოვიზიდეთ მომხმარებლები. დღეს, ჩვენს ძირითად სერვისებთან ერთად, მომხმარებელს სხვა ისეთ მომსახურებებსაც ვთავაზობთ, როგორებიცაა: კომპანიების IT მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება. ვმუშაობთ რამდენიმე შიდა ინტერნეტ პროექტზეც. რაც შეეხება სერვისების უპირატესობას, ეს არის მაღალი ხარისხის უწყვეტი მომსახურება და 24-საათიანი ტექნიკური დახმარება, კვირის ნებისმიერ დღეს. ამასთან, დატა ცენტრში რამდენიმე პროვაიდერის ოპტიკური ხაზია შეყვანილი, რაც სისტემების დუბლირებისთვის გავაკეთეთ და ამით სისტემის მაღალ მდგრადობას უზრუნველვყოფთ. ზოგადად, ბაზარზე რომ ვისაუბროთ, მსოფლიოში იზრდება ინტერნეტში განთავსებული მონაცემების რაოდენობა. ყოველდღიურად იცვლება ციფრები და ეს უზარმაზარი მოცულობები კიდევ უფრო მოიმატებს. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ჩვენს სერვისზეც. ვფიქრობთ, მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენს აბონენტებს – არსებულსაც და ახალსაც – შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, იქნება ეს დომენების რეგისტრაციის, ჰოსტინგის, კოლოკაციის, თუ სხვა სერვისების კუთხით.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
რ. ნ. : თუ ჩვენს გეგმებზე ვისაუბრებთ, ეს რა თქმა უნდა, ქლაუდ სერვისების განვითარებაა, რითიც დამატებით მოვიზიდავთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებლებს. სიმართლე გითხრათ, პანდემიამ, ამ მიმართულებით, ცოტა უკან დაგვხია, რადგან პროექტირების ეტაპზე ვიყავით და ეს პროცესი ცოტათი მინელდა, მაგრამ ისევ დღის წესრიგშია. თუმცა, პანდემიის პროცესში, სხვა საკითხებზე ფიქრის დრო მოგვეცა და საკმაოდ საინტერესო გეგმაც დავისახეთ – ეს არის ჩვენი ოფისის ელექტრო მომარაგების მზის ენერგიაზე გადაყვანა. პრინციპში, ამ 3 თვეში პროექტირება უკვე დავასრულეთ. ახლა დაგეგმარების ეტაპზე ვართ და იმედი მაქვს, სექტემბრისათვის დავიწყებთ ამ სისტემის მონტაჟს. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე და რაც შეიძლება მეტად გავუფრთხილდეთ გარემოს, რაშიც ჩვენს პატარა წვლილსაც შევიტანთ.













