10
Oct
2019

მენტორინგი პირიქით, ანუ რატომ უნდა ისწავლოთ თანამშრომლებისგან?

10 Oct 2019

ხშირად, კომპანიების ხელმძღვანელები კრიზისის შემდგომ იწყებენ ხოლმე პრობლემის ძიებას, მაშინ, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში უწევთ მოქმედება. პრობლემა კი, მეტწილად, თანამშრომლებს უკავშირდება. კერძოდ იმას, რომ მაგალითად, მილენიალები შესაძლოა აღარ იყვნენ დაინტერესებული ფინანსურ სერვისებში მუშაობით. ახალგაზრდა თაობა უფრო მეტადაა მიდრეკილი სამსახურის დატოვებისკენ, უფრო მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, ვიდრე შედარებით უფროსი კოლეგები. ეს გამოწვევა ბევრი კომპანიისთვისაა საერთო. მილენიალთა ნიჭის გადინება საკმაოდ აქტუალური საკითხია და შესაბამისად, აჩენს კითხვას, როგორ შევინარჩუნოთ ისინი? მით უმეტეს, რომ მათ წასვლას ახალგაზრდა მომხმარებელთა სეგმენტის დაკარგვაც შეიძლება მოყვეს. ამ კითხვაზე საპასუხოდ, მსოფლიო მსხვილი ორგანიზაციები ნერგავენ მენტორინგის სისტემას, ოღონდ ამ შემთხვევაში, მენტორად სტატუსით უმცროსი თანამშრომელი გვევლინება. ეს ერთგვარი “უკუმენტორინგი” თანამშრომლებს აღმასრულებელი გუნდის წევრებთან აწყვილებს და საშუალებას აძლევს, გასცენ რჩევები სტრატეგიულ და კულტურულ თანხვედრაზე ორგანიზაციაში. ეს სისტემა არამხოლოდ ცოდნის გაცვლას მოიცავს, არამედ სტრატეგიულ აზროვნებას, ლიდერობასა და ეფექტური მიდგომის პოვნას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მაინც, რა უპირატესობა და სარგებელი აქვს უკუმენტორინგს? გამოგვყევით და გიამბობთ.

იზრდება მილენიალთა შენარჩუნების ალბათობა. უკუმენტორინგი გამჭვირვალობასა და აღიარებას გულისხმობს, რასაც მილენიალები ხელმძღვანელობისგან ელიან. ეს პროგრამა ინფორმაციის გაცვლისა და უკეთესი გადაწყვეტილების შანსია. საუბარი საუკეთესო გამოსავალია.

ციფრული უნარების გაზიარება. ბევრი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ამ ტიპის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, თუკი თანამშრომელი დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ, როგორ მუშაობს სოციალური მედია, თქვენ სულ სხვანაირად დაინახავთ მის სამუშაოს.

შეცვალეთ კულტურა. მომავლის წარსულით განსაზღვრა ყოველთვის არ გაამართლებს. დგება მომენტი, როდესაც სრულიად განსხვავებული მიდგომა უნდა გამოიყენოთ. უფროსი ხელმძღვანელების სოციალურ მედიაში მენტორინგის გარდა, მნიშვნელოვანია ონლაინ შოპინგის გამოცდილება. ცოდნის გასაზიარებლად შეგიძლიათ სპეციალური პორტალიც შექმნათ. ამ გამოცდილებამ განმაცვიფრებელი შედეგები შეიძლება მოგცეთ, რეალურად დაგანახოთ მიზეზები, რის გამოც თანამშრომლები ნაკლებად არიან ჩართულები ან დაინტერესებულები კონკრეტული სფეროთი.

ხელი შეუწყვეთ მრავალფეროვნებას. გლობალურმა იურიდიულმა კომპანიამ Linklaters, უკუმენტორინგი დანერგა ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლების მხარდასაჭერად. ამავე მიზნით, 2014 წელს, PricewaterhouseCoopers-მა წამოიწყო უკუმენტორინგი, რათა ხელი შეეწყო განსხვავებულობისა და ინკლუზიისთვის. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 122-მა მილენიალმა. ისინი მსოფლიოს 200 პარტნიორსა და დირექტორს უწევდნენ მენტორობას.

პროგრამის ხელმძღვანელებმა უნდა განსაზღვრონ რამდენიმე მომენტი, რაც უკუმენტორინგს ეფექტიანად აქცევს: სწორი დამთხვევა უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში, ხაზი გაუსვით მრავალფეროვნებას, რაც დამახასიათებელია რეგიონისთვის, განყოფილებისთვის ან ადგილმდებარეობისთვის. ასევე, გამონახეთ მიდგომა განსხვავებული ადამიანებისთვის, მაგალითად, შედარებით ინროვერტი დააწყვილეთ ექსტრავერტთან. დაწყვილებამდე, გაიარეთ “შეგირდებთან” კონსულტაცია. როგორც წესი, მილენიალი მენტორები უფრო ღია არიან ნებისმიერი ტიპის დაწყვილების მიმართ. აი, ხელმძღვანელები კი უფრო შერჩევითი პრინციპით ხასიათდებიან და უფრო მეტად შფოთავენ ნებისმიერი საპირისპირო მოსაზრების მოსმენისას.

ყურადღება მიაქციეთ შეგირდების შიშსა და უნდობლობას. ბევრი ხელმძღვანელი შიშობს გამოავლინოს უცოდინრობა სტატუსით უმცროს თანამშრომელთან. მაგრამ გულწრფელობა ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. როდესაც საკუთარი შიშებისა და მოწყვლადობის შესახებ ხმამაღლა საუბრობ, მნიშვნელოვნად გეხმარება გაძლიერებასა და შენს მეწყვილესთან დაახლოებაში. ხელმძღვანელები იმასაც შიშობენ, რომ უმცროსი თანამშრომლები მათ შესახებ სხვა კოლეგებს უამბობენ. თუმცა, კვლევებს თუ დავუჯერებთ, კონფიდენციალობა არასოდეს ყოფილა პრობლემა.

დარწმუნდით, რომ ხელმძღვანელები ნამდვილად არიან ჩართულები პროცესში. უკუმენტორინგის პროგრამა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ეს ხელმძღვანელი პირების პრიორიტეტად არ იქცევა. ამიტომ, მენტორმა მილენიალებმა უნდა შეძლონ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, დაეხმარონ ხელმძღვანელებს ახლის შეცნობაში. კვლევები აჩვენებს, რომ ტრენინგის გარეშე, უკუმენტორინგის მხოლოდ ერთი მესამედი ამართლებს, ტრენინგით კი – ორი მესამედი. ტრენინგი მოიცავს მენტორების მომზადებას, როგორ წარმართონ წარმატებული სესიები თავიანთ ხელმძღვანელებთან და გაუზიარონ ის გამოწვევები, რასაც ურთიერთობებში წააწყდნენ.

 

წყარო: HBR



განხილვა