თითქოს ამ კითხვაზე პასუხი აშკარაა, მაგრამ რადგან ამას კითხულობთ, მთლად ასე არ ყოფილა საქმე… რეზიუმეში მოტყუება იმაზე გავრცელებულია, ვიდრე თავად გგონიათ, იქნება ეს პოზიციის მოტყუება, გამოცდილებისა თუ უნარების გაზვიადება… ბოლოდროინდელი კვლევა გვეუბნება, რომ ამას აპლიკანტების 70% აკეთებს. თუმცა ბევრი რომ აკეთებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც ასე უნდა მოიქცეთ და, სიმართლე რომ ვთქვათ, არც რისკი ღირს ამად. ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს და აღარ ექნება მნიშვნელობა რამდენად კარგი იქნებით, ნდობა დაგეკარგებათ.
მოკლედ, რეზიუმეში მოტყუება არასდროსაა კარგი იდეა. არც არის საჭირო, რადგან არსებობს გზები, რომლითაც იმ საკითხების შემსუბუქებაა შესაძლებელი, რომელთა მოტყუებასაც აპირებდით, მათ შორის:
უმუშევრობის პერიოდის ახსნა თქვენს კარიერულ ისტორიაში
ძალიან ცოტა ადამიანს თუ აქვს სწორხაზოვანი კარიერული გზა და ვერავის მოატყუებთ რაღაც ცვლილებებით. თუ ფრილანსერად მუშაობდით, ოჯახის წევრზე გქონდათ ზრუნვის ვალდებულება აღებული ან მოხალისეობას მიმართავდით, ტრადიციულად დასაქმებულად არ ითვლებით. თუმცა თარიღების შეცვლის ნაცვლად, ეს საკითხები სამოტივაციო წერილში შეგიძლიათ, ასახოთ და თქვენს ძლიერ მხარეებად წარმოაჩინოთ.
თქვენი მიღწევების ჩვენება
წარსული მიღწევების გაზვიადების ნაცვლად, ილაპარაკეთ იმაზე, რაც გაგიკეთებიათ, რა გავლენა გქონიათ და ვისთან გიმუშავიათ. რეზიუმეს ექსპერტი ამ კუთხით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: „კარიერის ადრეულ ეტაპზე როცა ვიყავი, ვმუშაობდი ერთ ადამიანთან, რომელმაც ვერასდროს მიაღწია ინტერვიუს ეტაპამდე. ამიტომ გავაანალიზეთ მისი გამოცდილება და ვნახეთ, რომ ცნობილ არტისტებთან ჰქონდა ნამუშევარი. ეს კი საერთოდ არ იყო რეზიუმეში ასახული. მათგან რამდენიმე ტოპ არტისტი ვახსენეთ და მისი მიღწევებიც ჩავსვით — სამი კვირის შემდეგ მუშაობა დაიწყო“.
შეუსაბამო ინფორმაციის ამოღება და არსებულის დამაჯერებლად ქცევა
ზოგჯერ იმდენად გვინდა რომ კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ, რეზიუმეს მრავალი არასაჭირო ინფორმაციით ვავსებთ. სიმართლე რომ ვთქვათ, ესენი არც ჩვენი უნარების და არც გამოცდილების გულწრფელ პრეზენტაციას წარმოადგენს… ამიტომაც ცუდი ამოიღეთ და იმ ფაქტებით ჩაანაცვლეთ, რომლებიც დამაჯერებელია. ოღონდ დარწმუნდით, რომ პოზიტიურად აღიქმება.













