in

„საქმეში ჩადებული შრომა და სიყვარული არ იკარგება“ – რეზო შელია

6, 7 წლის წინ, ეკას და ლეფსვერას ლექციების შემდეგ გადავწყვიტე გავმხდარიყავი კრეატიული დირექტორი. ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეგ სიტყვები, მაგრამ ზედმეტად კარგად ჟღერდა „კრეატიული დირექტორი“ იმისთვის, რომ არ მეცადა. ჯერ რომ სააგენტოში უნდა მოვხვედრილიყავი, ვხვდებოდი. პირველი საფეხური ჩემი იმდროინდელი „მესთვის“ ძალიან მოსაწყენი და პროპორციულად სტაბილური სამსახურის დათმობა იყო. უფროსს პარკში ვესაუბრე სეირნობისას. ასე, კოსტუმებით რომ ვსეირნობდით ხოლმე პარკში, ეგ კარგად მახსენდება.

მოვხვდი „ლივინგსტონში“, გადავედი კრეატიულ გუნდში, ვიმუშავე ბევრ საინტერესო კამპანიაზე, აღმოვჩნდით „რედბერიში“ მე და თოკარეშკა და გავხდი კრეატიული დირექტორი. ბებო სიტყვა „დირექტორით“ იყო განსაკუთრებულად ამაყი. ეს ყველაფერი ერთ წელში მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გეგმა საკუთარ თავს 4 წლიანად აღიქვამდა.

შუაშიც და მერეც, ძალიან ბევრი საინტერესო რამ გადამხდა, მაგრამ მთავარი ნაბიჯი, ალბათი გადაწყვეტილების მიღება და ჩართულობა იყო. უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებასაც ვგულისხმობ. მათ შორის, ყველა იმ ნაკლები ზომის გადაწყვეტილებას, რომელიც პროცესში უნდა მიიღო, მაგალითად, როდესაც შემდეგ საფეხურს საფეხურზე ფიქრობ. მნიშვნელოვანი მგონია მიზნის მანიფესტაცია, თუნდაც ხმამაღლა გაჟღერებით, სიმბოლური ჟესტით, ან პირველი ნაბიჯის გადადგმის სახით, რომელიც კომფორტის ზონიდან გამოგიყვანს ან უბრალოდ დაგაწყებინებს მოძრაობას სწორი მიმართულებით.

ვიპოვე საქმე, რომელიც მართლა მიყვარს, რაც ძალიან მიხარია. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ შემეძლო დამესახა გრძელვადიანი მიზანი და ამ მიზნის მისაღწევ გზაზე, ბოლომდე თავდადებული ვყოფილიყავი. ყოველი ახალი საფეხურის გადაბიჯება იყო მოტივაცია კიდევ უფრო თამამი მიზნების დასასახად, ვალიდაცია, რომ საქმეში ჩადებული შრომა და სიყვარული არ იკარგება. სავარაუდოდ, ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ამ პროცესმა დიდი როლი ითამაშა.

იმას, რომ შრომა და მონდომება არ იკარგება და აუცილებლად წინ დაგხვდება, მშობლები მეუბნებოდნენ ხოლმე, ოღონდ, შესაძლოა იმ ვადებში და იმ ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი, რომელიც შენს წარმოდგენებს არ ემთხვევა. არ ვამტკიცებ, რომ ეგრე მუშაობს სამყარო, მაგრამ ნათელი მგონია, რომ თუ გადაწყვეტ მიზანს მიაღწიო, გადადგამ პირველ ნაბიჯს და მართლა ცდი, გაცილებით დიდი ალბათობით მიაღწევ მიზანს.

ერთსაც დავამატებ, რომ ხშირად „ქომითმენთი“ არის ის, რაც ცდას განასხვავებს „მართლა ცდისგან“. ცოტა რამეს ვცდილობთ ხოლმე მართლა.

შეცვლით არაფერს შევცვლიდი, კარგი იყო.

 

რეზო შელია – Redberry-ის კრეატიული დირექტორი

როგორ მოვიქცეთ, თუკი ბიზნესს ზაფხულში ვიწყებთ?

ევროპული სტანდარტის მქონე ქართულ – ლიეტუვური არქიტექტურული პროექტი თბილისში