„კაი, რა, ნუ იმასშვები” – მეგობრებს ერთმანეთისთვის ეს ფრაზა მინიმუმ ერთხელ, მაქსიმუმ კი უთვალავჯერ მაინც გვითქვამს. გვითქვამს იმიტომ, რომ ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციაში, როცა თავს არაპროდუქტიულად ვგრძნობთ, ან სინდისი გვქენჯნის იმის გამო, რომ „ძვირფას დროს” განტვირთვაზე ვხარჯავთ. ასეთ განწყობას ზოგჯერ სხვებიც გვიქმნიან, როცა გვამუნათებენ და გვეკითხებიან: „რაში ხარჯავ დროს?”.
დარწმუნებულნი ვართ, აღწერილი სიტუაცია ყველა მკითხველისთვის ნაცნობია და ერთხელ მაინც გამოგიცდიათ. კამპანიის „ნუ იმასშვები” შემქმნელებმა სწორედ ეს ინსაითი დაიჭირეს და კაიაკის ვიდეორგოლით ეცადნენ, ჩვენთვის, ყველასთვის ეთქვათ, რომ ზოგჯერ ყველას გვაქვს ცხოვრებისთვის მარტივად შეხედვის უფლება.
როგორ შეიქმნა კამპანია და საიდან წამოვიდა ინსპირაცია, ამაზე მისი ერთ-ერთი შემქმნელი, რეზო შელია გვესაუბრება.
M: ერთ-ერთი ბოლო კამპანია, რომელსაც ხელმძღვანელობდით, „ნუ იმასშვები” იყო. მოგვიყევით ამ კამპანიის დაგეგმვის, მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფის შესახებ და როგორ შეიქმნა ის?
ერთ-ერთი აღსანიშნავი რამ სამუშაო პროცესიდან იყო ის, რომ სააგენტოს მხრიდან მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფი სამი ადამიანისგან შედგებოდა.
ჩემთან ერთად მიშო (წიკლაური) და აჩი (ორაგველიძე) სააგენტოს ყველა საჭირო როლს ინაწილებდნენ, ბუნებრივად შევითავსეთ შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ქოფირაითერის, ექაუნთის და სტრატეგის როლები. პატარა და კარგად შეთამაშებულ გუნდში ბევრად მოქნილი და ეფექტური ხარ.
ასე რომ, პროცესი კარგად წავიდა, მით უმეტეს, რომ კაიაკს სამივე კარგად ვიცნობდით და მთელი პროცესით საკმაოდ ვისიამოვნეთ.
M: რა არის „ნუ იმასშვების” კრეატიული კონცეფცია და მთავარი გზავნილი?
კაიაკი მარტივი ლუდია, რომელიც იუმორის გრძნობას არასოდეს კარგავს და მარტივი სიამოვნებისკენ მოგიწოდებს. მთავარ ინსაითამდეც მარტივად მივედით, საკუთარ თავს დავაკვირდით, თუ რა გვიშლის ხოლმე ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში მივიღოთ მარტივი სიამოვნება?
ბევრჯერ შემიმჩნევია გართობისას, თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობ ხოლმე, თითქოს ვერ პატიობ საკუთარ თავს, რომ ამ მომენტში პროდუქტიული არ ხარ, როცა რეალურად, სწორედ პროდუქტიულობისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ისვენებ, ბოლომდე დაისვენო და გაერთო.
თავად მესიჯი ,,ნუ იმასშვები” მოგვწონს იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრ კონკრეტულ და კომპლექსურ ქცევას ერგება, მოიცავს ყველა შესაძლო „ჩაჭერას”. როდესაც მეგობარი გეუბნება ნუიმასშვების, როგორც წესი, ორივემ ზუსტად იცით, რას გულისხმობს, ამ ერთი სიტყვით შეიძლება ძალიან ბევრი რამე გითხრას.
M: თქვენს ხელში არაერთ კრეატიულ პროექტს გაუვლია. ეს ბოლო კამპანია რით იყო გამორჩეული?
ამ კამპანიას გამოვარჩევდი იმით, რომ მთავარი მესიჯის ადრესატები ჩვენივე თავები ვიყავით, სააგენტოშიც და ფროდაქშენის პროცესშიც ინსაითი ყველასათვის ნაცნობი იყო, სამუშაო პროცესში ფრაზა ,,ნუიმასშვები” საკმაოდ მალევე დამკვიდრდა და ხშირად ისმოდა.
ბევრმა ადამიანმა ამ რეკლამაში საკუთარი თავი დაინახა, საკმაოდ ბევრმა მეგობარმა მითხრა, რომ შეგრძნება ჰქონდა თითქოს ის კონკრეტულად მას ელაპარაკებოდა, მეკითხებოდნენ, თავად ხომ არ იყვნენ რომელიმე პერსონაჟის ან კონკრეტული ფრაზის ინსპირაცია…(კი, იყვნენ).
M: თქვენს თავს რასთან დაკავშირებით ეტყოდით – „ნუ იმასშვები”?
ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ ზუსტად იმავე სიტუაციაში, როგორშიც ვიდეოს მთავარი გმირი, რომ დგახარ წვეულებაზე და სინამდვილეში ჯერ კიდევ სამსახურში ხარ, ან უეცრად მიხვდები, რომ ბოლო 20 წუთია, საკუთარ თავს განიკითხავ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არცერთი ალბომი არ გაქვს გამოშვებული და ალბათ „სიქსფექიც” აღარასოდეს გექნება.
სხვათა შორის, მაგ მხრივ კამპანიაზე მუშაობა ძალიან გამომადგა, ახალი ფილტრი გამიჩნდა ცხოვრებაში და არაერთხელ გამოვიჭირე საკუთარი თავი და ვუთხარი ,,ნუიმასშვები”.
M: ერთი ზოგადი კითხვაც რომ დავსვათ: რა სირთულეები აქვს კრეატიული ვიდეორეკლამის შექმნას, თუ არსებობს რაიმე ტენდენციები, რომლებსაც ითვალისწინებთ მუშაობისას?
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ალბათ ნამდვილი და ძლიერი ინსაითის პოვნაა და მესიჯის მოფიქრება, რომელიც არის გამოყენებადი და დამკვიდრებადი ყოველდღიურ საუბარში.
როდესაც კონკრეტულ ჯგუფს ელაპარაკები, მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ორგანული ენით ესაუბრო და იდეა დააშენო ინსაითს, რომელიც ამ ჯგუფთან არის რეზონანსული.
სწორედ ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მესმის, რომ ადამიანებმა კაიაკის ედში საკუთარი თავი ამოიცნეს, ისევე როგორც სხვადასხვა სიტუაციაში ნათქვამი „ნუიმასშვები”, ვთვლი, რომ კამპანია წარმატებული იყო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი