in

ისწავლე Cannes Lions School-ის აკადემიაში და დაესწარი კანის კრეატიულ ფესტივალს უფასოდ!

2026 წელს, საქართველოს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, წარადგინოს საკუთარი კანდიდატი Cannes Lions School-ის პრესტიჟულ Roger Hatchuel Student Academy-ში (RHSA). რეგისტრაცია დაწყებულია. პროგრამა მსოფლიოს 30 რჩეული ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ სტუდენტებს აერთიანებს. აქამდე აკადემიაში, საქართველოს, ქვეყნის სახელით ოფიციალური წარმომადგენელი არ ჰყოლია. წელს კი, საქართველო Cannes Lions School-ის მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრებს თავს. ეს არის შესაძლებლობა, მიიღო პრაქტიკული ცოდნა, იმუშაო რეალურ ბრიფებზე და დაამყარო კავშირები ინდუსტრიის ლეგენდებთან. კურსის ბოლოს თითოეული მონაწილე იღებს Cannes Lions School-ის სერტიფიკატს.

აკადემია გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და სპიკერებით. გასულ წელს სტუდენტებს გამოცდილებას უზიარებდნენ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან: LEGO Group-ის ვიცე-პრეზიდენტი კარლო კავალონე, GUT-ის ჩრდილოეთ ამერიკის კრეატიული დირექტორი ხუან ხავიერ პენია პლაზა და Cannes Lions-ის აღმასრულებელი დირექტორი საიმონ კუკი.

ვის ვეძებთ?

კანის ფესტივალმა 2026 წლისთვის საქართველოსთვის ერთი ადგილი გამოყო. შესარჩევი ეტაპისთვის იდეალური კანდიდატი არის:

  • ნებისმიერი ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ადამიანი, რომელსაც აინტერესებს რეკლამა და კრეატიული კომუნიკაციები;
  • თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას;
  • გამოირჩევა შემოქმედებითი აზროვნებით, ლიდერული თვისებებითა და სოციალური პასუხისმგებლობით.

პროგრამა ქალაქ კანში, ფესტივალის პარალელურად, 2026 წლის 21-26 ივნისს გაიმართება და მასზე კანდიდატმა სრულად უნდა შეძლოს დასწრება.

სტუდენტის ფრენის ღირებულებასა და აკადემიაში სწავლის საფასურს, რაც ფესტივალზე სრულ წვდომასაც გულისხმობს, სრულად ფარავს კანის ფესტივალის წარმომადგენლობა. შერჩეულ სტუდენტს მხოლოდ ადგილზე ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფა მოუწევს.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

რეგისტრაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა 7 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ:

  1. CV;
  2. ფოტო პორტრეტი (რომელსაც ფესტივალი ვებგვერდისთვის გამოიყენებს);
  3. 2-წუთიანი ვიდეო ინგლისურად – გაგვაცანი შენი თავი, გვითხარი, რატომ ხარ კრეატიული და რატომ იმსახურებ ადგილს აკადემიაში.

წარმოსადგენი მასალა გაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]

10 თებერვალს, ქართველი ჟიური კონკურსის სამ საუკეთესო კანდიდატს გამოავლენს, მათი აპლიკაციები კანის ფესტივალზე გაიგზავნება, თავის მხრივ, ფესტივალი ერთ სტუდენტს შეარჩევს.

„პეტრა ჯგუფის” პრეზენტაცია დუბაიში და საქართველო საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე

უნდა იყოს თუ არა კრეატიული პროფესიონალი AI-ს მოწინააღმდეგე?