საქართველოს წელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, კანის ლომების ფესტივალზე, პრესტიჟულ Roger Hatchuel Student Academy-ში (RHSA) საკუთარი ოფიციალური კანდიდატი წარადგინოს. RHSA არის გლობალური პროგრამა, რომელიც მსოფლიოს 30 ყველაზე პერსპექტიულ სტუდენტს აერთიანებს. 5 დღის განმავლობაში, მონაწილეები მუშაობენ რეალურ ბრიფებზე, ესწრებიან დახურულ სესიებს ინდუსტრიის ლეგენდებთან და იღებენ გამოცდილებას, რომელსაც კარიერის დასაწყისში ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს.
სანამ საქართველო თავისი პირველი ოფიციალური დელეგატის შესარჩევად ემზადება (რეგისტრაცია 7 თებერვლამდე გრძელდება), ჩვენ ვესაუბრეთ ადამიანს, რომელმაც ეს გზა უკვე წარმატებით გაიარა. ლიზა ღლონტმა პროგრამაში მონაწილეობა გერმანიის სახელით მიიღო. ინტერვიუში ის დეტალურად გვიამბობს, რეალურად რას ნიშნავს კანის სკოლის სტუდენტობა, როგორია „შიდა სამზარეულო“ და რა პერსპექტივებს უხსნის ეს გამოცდილება დამწყებ კრეატორებს.
M: გვიამბე, კონკრეტულად რას გულისხმობს Roger Hatchuel Student Academy-ის (RHSA) პროგრამა და როგორც ამ სკოლის კურსდამთავრებული, როგორ შეაფასებდი მის შესაძლებლობებს?
RHSA კანის ლომების ფესტივალის პარალელურად, უშუალოდ ფესტივალის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ეს არის ინტენსიური პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დამამთავრებელი კურსის მხოლოდ 30 სტუდენტს არჩევს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მულტიდისციპლინური ჯგუფი – მართალია, უმეტესობა კრეატიული მიმართულებით სწავლობს, თუმცა პროგრამაში ასევე შეხვდებით პროგრამისტებს, ფსიქოლოგებს, ჟურნალისტებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს.
რაც შეეხება შესაძლებლობებს, პროგრამა სტუდენტებს აძლევს შანსს, ძალიან მოკლე დროში, სიღრმისეულად გაიცნონ კრეატიული კომუნიკაციების ინდუსტრია. მონაწილეები ეცნობიან გასული წლის ყველაზე გამორჩეულ და ინოვაციურ ნამუშევრებს, რომლებიც ფაქტობრივად განსაზღვრავენ სფეროს სამომავლო გეზს. გარდა ამისა, ეს არის საუკეთესო პლატფორმა ნეთვორქინგისთვის – აქ შეგიძლია გაიცნო პოტენციური კოლაბორატორები, პარტნიორები და მომავალი დამსაქმებლები. ეს არის ერთი კვირა, რომელიც აერთიანებს უდიდეს სასწავლო და პროფესიულ გამოცდილებას და, ამავდროულად, სავსეა შთაგონებით.
M: საინტერესოა უშუალოდ შენი გამოცდილება – როგორ მოხვდი RHSA პროგრამაში და როგორი იყო შერჩევის პროცესი?
პროგრამის შესახებ 2022 წლის ბოლოს, Miami Ad School-ის მეშვეობით შევიტყე. იმ პერიოდში Art Direction-ის მიმართულებით ვსწავლობდი და რადგან გერმანიაში ვცხოვრობდი, შესაძლებლობა მქონდა, გერმანიის წარმომადგენელი ვყოფილიყავი.
შერჩევის პროცესი ყველა ქვეყანაში იდენტურია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას კანის ფესტივალის ადმინისტრაცია იღებს. პროცედურა ასეთია: დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ლოკალურ კონკურსში აგზავნიან 2-წუთიან ვიდეოს, სადაც პასუხობენ მთავარ კითხვებს: ვინ არიან, რატომ თვლიან თავს კრეატიულად და რატომ იმსახურებენ აკადემიაში ადგილს. ლოკალურად ირჩევა 3 კანდიდატი, საიდანაც საბოლოო მონაწილეს ფესტივალი ამტკიცებს.
ვიდეოს ბრიფი საკმაოდ ზოგადია, რაც ინტერპრეტაციის დიდ თავისუფლებას გაძლევს – არ არსებობს ვიზუალური ან თხრობის სტილის შეზღუდვა. მე აქცენტი ჩემს განვლილ გზასა და კოლაბორაციულ ნამუშევრებზე გავაკეთე. ასევე, ხაზი გავუსვი, თუ რატომ იყო კარიერის მოცემულ ეტაპზე RHSA-ში მონაწილეობა ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მახსოვს, მირჩიეს, რომ მთავარი შინაარსი იყო, თუმცა ჩემთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა ამბის საინტერესოდ და ესთეტიკურად გადმოცემაც. ვფიქრობ, სწორედ ავთენტურობისა და „სიურპრიზის“ ელემენტმა განაპირობა სასურველი შედეგი, რადგან ჟიური უამრავ ვიდეოს ნახულობს და აუცილებელია, მათ თავი დაამახსოვრო.
M: როგორია პროგრამის სტრუქტურა და მიმდინარეობა? რა იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ან აქტივობა?
კანის ლომების ფესტივალს რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა აქვს და ყველა მათგანი Cannes Lions School-ის კამპუსზე, ფესტივალის მთავარ შენობაში ტარდება.
RHSA-ს მონაწილეებს კამპუსზე საკუთარი სივრცე გვაქვს, სადაც დღის ძირითად ნაწილს სპიკერებთან ერთად ვატარებთ. აქტივობები, ძირითადად, ერთსაათიანი პანელებისგან შედგება, რომლებსაც ინდუსტრიის ლიდერები, არტისტები, კრეატორები და გლობალური ბრენდების კრეატიული დირექტორები უძღვებიან. თითოეული სესიის ბოლოს გამოყოფილია დრო კითხვა-პასუხისთვის, თუმცა ყველაზე ღირებული მაინც სესიების შემდგომი პერიოდია, როდესაც შეგიძლია სპიკერებს პირადად გაესაუბრო. ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ აქ დაწყებულა ახალი პროექტები თუ დასაქმების ისტორიები.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა UNDP-ის ბრიფი, რომელიც RHSA-ს ფარგლებში მივიღეთ. სპონტანურად დავყავით ჯგუფებად და 48 საათი გვქონდა სამუშაოდ, რის შემდეგაც პრეზენტაცია UNDP-ის კრეატიული ხელმძღვანელის წინაშე წარვადგინეთ. პროცესმა იმდენად წარმატებით ჩაიარა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გავაგრძელეთ.
გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს დაჯილდოების ცერემონიებზე დასწრებას და რაც მთავარია, ჟიურის მუშაობის პროცესზე (Behind the Scenes of Judging) დაკვირვებას. სტუდენტები ასევე ვსტუმრობთ სხვადასხვა ბრენდისა და სააგენტოს წარმომადგენლობებს.
M: დღევანდელი გადმოსახედიდან, რა როლი ითამაშა ამ გამოცდილებამ შენს პროფესიულ განვითარებაში?
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პანელი განსაკუთრებულად ჩამრჩა მეხსიერებაში, ყველაზე დიდი ღირებულება მაინც ადამიანური ურთიერთობებია. RHSA-ს ოთახში შეკრებილია 30 ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებსაც კრეატივი აერთიანებთ, თუმცა თითოეულს განსხვავებული ისტორია და ხედვა აქვს. დღეს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობარი RHSA-დან და ბერლინში ყოფნისას ხშირად ვიკრიბებით ხოლმე.
რაც შეეხება კარიერულ წინსვლას: 2024 წელს, მე და ჩემმა გუნდელმა Young Lions Film კატეგორიაში, გერმანიის სახელით ვერცხლის ჯილდო მოვიპოვეთ. მჯერა, რომ ამ გამარჯვებაში აკადემიაში გატარებულმა პერიოდმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სიმბოლური იყო 2025 წელიც, როდესაც უკვე სპიკერის ამპლუაში მიმიწვიეს RHSA-ში, რათა ახალი ნაკადისთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა. ვფიქრობ, ამ მოვლენებმა ერთობლივად იქონია გავლენა ჩემს კარიერულ ზრდაზე, რის შედეგადაც გასულ წელს გერმანიაში, W&V-ის პრესტიჟულ 33under33 სიაში მოვხვდი.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











