წელს, საქართველო, ოფიციალურად პირველად წარადგენს კანდიდატს Cannes Lions School-ის პრესტიჟულ Roger Hatchuel Student Academy-ში (RHSA). ლოკალური კონკურსის ეტაპი უკვე დასრულდა და კომპეტენტურმა ჟიურიმ ის სამი რჩეული სტუდენტი გამოავლინა, რომელთა მონაცემებიც კანის აკადემიას გაეგზავნება.
შორტლისტის კანდიდატები არიან:
- დათი კოპაძე
- ელენე ფირალიშვილი
- გიორგი ჯაფარიძე
სწორედ ამ სამეულიდან შეარჩევს კანის აკადემია საბოლოო გამარჯვებულს, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ კანში გაემგზავრება. ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, რადგან აქამდე აკადემიაში საქართველოს, ქვეყნის სახელით ოფიციალური წარმომადგენელი არ ჰყოლია. შერჩეული სტუდენტი 2026 წლის 21-26 ივნისს დაესწრება პროგრამას, რომელიც კანის ფესტივალის პარალელურად გაიმართება.
გამარჯვებულის ფრენის ღირებულებასა და აკადემიაში სწავლის საფასურს, რაც ფესტივალზე სრულ წვდომასაც გულისხმობს, სრულად ფარავს კანის ფესტივალის წარმომადგენლობა. შერჩეულ სტუდენტს მხოლოდ ადგილზე ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფა მოუწევს.
აკადემიაში მოხვედრა ნიშნავს მსოფლიოს 30 რჩეული ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ სტუდენტებთან ერთად სწავლას, პრაქტიკული ცოდნის მიღებას და რეალურ ბრიფებზე მუშაობას. კურსის ბოლოს თითოეული მონაწილე იღებს Cannes Lions School-ის სერტიფიკატს. აკადემია ტრადიციულად გამოირჩევა სპიკერების მასშტაბურობით – გასულ წელს, სტუდენტებს გამოცდილებას უზიარებდნენ ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან LEGO Group-ის ვიცე-პრეზიდენტი კარლო კავალონე, GUT-ის კრეატიული დირექტორი ხუან ხავიერ პენია პლაზა და თავად Cannes Lions-ის CEO, საიმონ კუკი.
ქართველი კანდიდატების შერჩევაზე ინდუსტრიის პროფესიონალებმა იზრუნეს. გაგაცნობთ ჟიურის შემადგენლობას: ბექი ფანცხავა, ლევან ლეფსვერიძე, მარიამ კანავა, ლიზა ღლონტი, ლიკა კეშელავა, ლადო მალაზონია, კოკა კამუშაძე, ხატია არველაძე, ქეთო ბარაბაძე.
ახლა ჯერი კანის აკადემიაზეა – სწორედ იქ გადაწყდება, ვინ ისწავლის მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის ლეგენდებთან ერთად უფასოდ.











