in

Riabid-ის ხელოვნების დღეებს “ბაზარი ორბელიანზე” მასპინძლობს

რატომ არ შეიძლება ხელოვნება თავად მივიდეს ხალხთან და არა პირიქით? ერთ დღესაც, გამოაღწიოს ჩვეული თეთრი კედლებიდან, შემოიჭრას ადამიანების ყოველდღიურობაში და დაგხვდეთ იქ, სადაც არ ელით – აი ასე, მაგალითად, არჩევთ ბოსტნეულს აგრარულ ბაზარში,  ყიდულობთ ღვინოს მეგობრისთვის ან შესვენებაზე წასახემსებლად გახვედით, ამ დროს კი, სრულიად მოულოდნელად, ექსპოზიციის დამთვალიერებელი ხდებით! მეტიც, საშუალება გაქვთ აქვე და ახლავე, დიდი ხნის სურვილი აიხდინოთ და იყიდოთ ნახატი ახალი სახლისთვის, ან იქნებ, საჩუქრად შეყვარებულისთვის – სცენარი სრულიად რეალისტურია, რადგან 29 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, „ბაზარი ორბელიანზე“ ქართულ ონლაინ არტ პლატფორმას, Riabid.ge-ს მასპინძლობს.

bog
bog-mob

ხელოვნების დღეების ფარგლებში დაგეგმილი გამოფენა-გაყიდვის მიზანია, მიიტანოს ქართველი არტისტების შემოქმედება დამთვალიერებელთან ახლოს, მისცეს გაცნობის, აღმოჩენის და შეყვარების საშუალება. ნათია საფანაძე, სოფო მამალაძე, თეო კვი, ანოკი კიკნაველიძე, მაკო ლომაძე, ნიკა კოპლატაძე, თორნიკე რობაქიძე, მოდი გიო, ლუკა ჯიქია, სალომე ბოჭორიშვილი, გელა მიქავა, თორნიკე ხადური, ბარბარა ასლამაზი, გიორგი კობიაშვილი, ლიზა ქიქავა და ელენე მელიქიძე – ეს იმ მხატვრების ჩამონათვალია, რომელთა ნამუშევრების ნახვას და შეძენას დედაქალაქის ისტორიულ სივრცეში შეძლებთ.

ონლაინ არტ-პლატფორმა თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია. პანდემიამ და დღევანდელმა რეალობამ კი მათი როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა; ჩვენი ჩართულობა კულტურულ თუ საზოგადოებრივ ღონისძიებებში ნელ-ნელა ციფრულ სივრცეში აქტიურობით ჩანაცვლდა.

პირველი  ქართული ონლაინ არტ-პლატფორმა Riabid.ge სულ ცოტა ხნის წინ, სწორედ პანდემიის პირობებში შეიქმნა. უნიკალური პროექტის იდეის ავტორს, რია ქებურიას კი  ერთადერთი ჩანაფიქრი ჰქონდა – ქართველი ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების გაცნობა ფართო აუდიტორიისთვის და საქველმოქმედო მიზნით ხელოვნების ყიდვა-გაყიდვის წახალისება. დღეს პლატფორმაზე უკვე 1300-ზე მეტი ნამუშევარია განთავსებული. ეს სივრცე აერთიანებს ყველას, ვისაც ხელოვნება უყვარს – კოლექციონერებს, ახალბედა თუ უკვე ჩამოყალიბებულ არტისტებს; ყველას ეძლევა  საშუალება აღმოაჩინოს, გაეცნოს, გაყიდოს და შეაგროვოს ხელოვნების ნიმუშები; საკუთარი შემოქმედების განთავსებაც ნებისმიერს შეუძლია – არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფერწერა იქნება, ინსტალაცია, ფოტო, პრინტი, ქანდაკება, კოლაჟი, ქსოვილი, თუ სხვა მედიუმი. ონლაინ არტ-პლატფორმა არღვევს ყველანაირ საზღვარს, Riabid.ge-ზე ყიდვა-გაყიდვა შეუძლია ყველას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ამ სივრცეს ეროვნული საგანძური, რომელიც სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა მედიუმში შექმნილ ათასობით ნამუშევარს შემოინახავს. რაც მთავარია, ბევრად გაამარტივებს პროცესს –  ეს საგანძური თითოეულ ჩვენგანს სახლში გვქონდეს, ვიცნობდეთ და გვიყვარდეს თეთრი კედლების მიღმა. ნამდვილი ხელოვნება ხომ სინამდვილეში ყველასთვისაა და ყველასია – მათთვისაც, ვინც ქმნის და მათთვისაც, ვინც აღიქვამს და აფასებს. Riabid.ge-ს  კი, რომელმაც პირველმა აიღო დამთვალიერებელს და ავტორს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია, წინ უამრავი საინტერესო გეგმა აქვს –  IN THE FUTURE, EVERYONE WILL BE WORLD FAMOUS FOR 15 MINUTS…

… მანამდე კი შევხვდებით „ორბელიანის ბაზარზე“ , მაშინ როცა არჩევთ პროდუქტებს, საჩუქარს ან ლანჩს, თქვენ სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდებით გამოფენის დამთვალიერებელი….

 

[პარტნიორის კონტენტი]

Super Lung, წყალმცენარეების მეშვეობით, ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის

როცა დაბალი ინტენსივობით მუშაობა მაღალ შედეგს გვაძლევს