in

როგორ მივაღწიოთ წარმატებას?! – რიჩარდ ბრენსონის ფორმულა

„არასდროს გაიხედო უკან სინანულით – გადადი შემდეგ საქმეზე!“. დიახ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის რიჩარდ ბრენსონის რჩევას არაფერი აქვს საერთო კაპიტალის დაცვას, სოციალურ მედიაში ტრენდულობასა და უნაკლო გუნდის შეკრებასთან. მისი აზრით, წარმატება მხოლოდ გონების წყობაზეა დამოკიდებული.

pasha-statiebi
pasha-statiebi
რიჩარდ ბრენსონი – „Virgin Group”-ის დამფუძნებელი.

რიჩარდ ბრენსონი „Virgin Group”-ის დამფუძნებელია. ჰოლდინგი, დღეს, 400-ზე მეტ კომპანიას მართავს. როგორც ექსპერტები ამბობენ, მისი სუფთა ღირებულება 5 მილიარდი დოლარი,  თავად ბრენსონი კი 2018 წლის მონაცემებით, სამოგზაურო ინდუსტრიაში, ყველაზე მდიდარი ადამიანია. ასეთი კაპიტალის გარდა, საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს: ის „გამგები უფროსი“ და ანტრეპრენუარებისთვის მისაბაძი პიროვნებაა.

თუმცა, წარმატება და დიდება ერთ დღეში არ მოსულა. ბრენსონს, ბავშვობაში, დისლექსია აწუხებდა. ამ თემისადმი მიძღვნილ ბლოგში, საკუთარ ადრინდელ თავს სწერს: „ვიცი, სკოლაში გიჭირს და მინდა, რჩევა მოგცე, როგორ გახდე შენი თავის საუკეთესო ვერსია, მიუხედავად იმისა, რომ ძნელია და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს, მთელი სამყარო შენ წინააღმდეგ მოქმედებს. არასოდეს აღიქვა საკუთარი განსხვავებულობა ნაკლად და არ იფიქრო, რომ რაღაც გჭირს. განსხვავებულობა ყველაზე დიდი ქონებაა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარება.“

რიჩარდ ბრენსონი: „არასდროს გაიხედო უკან სინანულით – გადადი შემდეგ საქმეზე“.

ბრენსონმა საკუთარი განსხვავებულობით კარგად ისარგებლა. თინეიჯერობისას შექმნილ კომპანიას „Virgin” დაარქვა, რადგან ბიზნესში გამოცდილება აკლდა და ამ საქმეში „უბიწო“ იყო. მაგრამ ადამიანები ვვითარდებით და მუდმივად ვსწავლობთ. რომელიმე კონკრეტული მოვლენა ან პიროვნება ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. რაც მოზარდობისას გადაგვხდება, როგორც წესი, ჩვენს მომავალს განაპირობებს. რიჩარდ ბრენსონს, ამ მხრივ, დიდი უპირატესობა ჰქონდა: დედამისი, ივი. ერთხელ, როცა შინ ბრუნდებოდნენ, ბრენსონი დედამ გზაზე მარტო დატოვა და აუხსნა, როგორ უნდა დაბრუნებულიყო სახლში, თავად ცალკე წავიდა.

„სახლამდე სამი მილი უნდა მევლო. დამსაჯა, იმიტომ რომ მანქანის უკანა სავარძელზე ვერ ვისვენებდი, მაგრამ, ამავდროულად, უფრო დიდი გაკვეთილი მომცა – გადამალახინა სიმორცხვე და სხვებისთვის მიმართულების კითხვა მასწავლა“.

როგორც წესი, დედები 5 წლის შვილებს, გზის პირზე, მარტოს არ დატოვებენ, არ აქვს მნიშვნელობა, რისი სწავლება უნდათ. მაგრამ ივი უშიშარი და გაბედული იყო, მით უფრო, როცა საქმე დედობას ეხებოდა. ამას ასწავლიდა რიჩარდსაც.

ჰო და, რა გასაკვირია, როცა ბრენსონს ახალგაზრდებისთვის საუკეთესო კარიერული რჩევა ჰკითხეს, დედამისის ნათქვამი გაიხსენა: „არასდროს გაიხედო უკან სინანულით – გადადი შემდეგ საქმეზე!“.

ბევრისთვის მომავალზე ფოკუსირება სათქმელად ადვილია, შესასრულებლად – ძნელი. პერფექციონისტებისთვის, განსაკუთრებით, მარტივია არასწორ ნაბიჯებზე ჩაციკვლა და სინანული.

„ყოველთვის მაოცებს, რამდენ დროს კარგავენ ადამიანები წარუმატებლობაზე ფიქრში, იმის მაგივრად, რომ ეს ენერგია ახალ პროექტს მოახმარონ,“ – ამბობს ბრენსონი.

ფსიქოლოგების აზრით, სინანული, დროსა და ენერგია შთანთქავს, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე კი უარყოფით გავლენას ახდენს. AARP-ის კვლევის თანახმად, სინანულს ქრონიკული სტრესის გამოწვევა შეუძლია, რაც ნეგატიურად აისახება ჰორმონალური და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე. სინანული აფერხებს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარს და მის ემოციურ ეფექტს თვეების, წლების, ან სულაც სამუდამოდ აგრძელებს.

„ყოველთვის მაოცებს, რამდენ დროს კარგავენ ადამიანები წარუმატებლობაზე ფიქრში, იმის მაგივრად, რომ ეს ენერგია ახალ პროექტს მოახმარონ“ – რიჩარდ ბრენსონი.

აქ მნიშვნელოვანია „ემოციური ეფექტის გაგრძელება“. ერთია, შეცდომა დაუშვა და შედეგები მიიღო, მეორე –  ამ შეცდომის ეფექტი კიდევ უფრო გაახანგრძლივო.

საბედნიეროდ, ბრენსონი არა მხოლოდ გვიხატავს პრობლემას, არამედ მისი გადაჭრის გზასაც გვთავაზობს: შემდეგ საქმეზე გადადი. წერტილი.

როგორც კი, საკუთარ თავს შეცდომებზე დარდში გამოიჭერ, ფიქრის შეწყვეტაზე მეტი უნდა გააკეთო. ასეთ დროს ძალიან ადვილია, ორმაგად შეარცხვინო საკუთარი თავი – ერთხელ შეცდომის დაშვებისთვის და მეორედ – სინანულისთვის.

„ამის მაგივრად, აქტიურად გადადით შემდეგ საქმეზე. ერთ-ერთი მარტივი გზა ამის სიტყვა-სიტყვით გაგებაა. ფიზიკურ მოძრაობას და ღრმად სუნთქვას ტოქსიკური ფიქრების განეიტრალება შეუძლია. თუ სინანულისკენ ხართ მიდრეკილი, როცა მსგავსი ფიქრების მოძალებას იგრძნობთ, ცოტა ხნით სასეირნოდ წადით. სეირნობისას იმაზე იფიქრეთ, რისი გაკეთება გინდათ, ან საით წასვლის სურვილი გაქვთ“.

წყარო: inc.com



ნუ წუწუნებ, ეგ არ არის კრიზისი! – Samsung-ის ვიდეორგოლი

სულაკაურის წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ დიდი სასკოლო სამზადისი დაიწყო