19
Dec
2018

როდის არ უნდა იფიქროთ ბიზნესის გაფართოებაზე

19 Dec 2018

როდესაც ჩვენი ხარჯები ჩვენსავე შემოსავალს გადააჭარბებს, ბიზნესის გაფართოებასა და განვითარებაზე ზრუნვას ავტომატურად ვიწყებთ ხოლმე. (ანდაც უბრალოდ გადავხედავთ, ზედმეტს ხომ არ ვხარჯავთ?) როდესაც ინვესტორების მოზიდვას ცდილობთ, აუცილებელია, მანამდე შეაფასოთ თქვენი ნამოღვაწარი და დაფიქრდეთ, რატომ უნდა იყოს იგი ინვესტორებისთვის საინტერესო… თუმცა, მუდმივად ზრდაზე ორიენტირებულობაც არ არის მთლად კარგი, ეს ეხება როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ ბიზნესმენებსაც. არის მომენტები, როდესაც ბიზნესს თქვენ მიერ დასახული სამომავლო და განმავითარებელი გეგმები სრულებითაც არ სჭირდება. ხანდახან “სტატუს-კვოს” შენარჩუნებაზეც უნდა იფიქროთ.

statiebi-bog
statiebi-bog

წარმოგიდგენთ ოთხ მაგალითს, თუ როდის არ უნდა იფიქროთ ბიზნესის გაფართოებაზე:

როდესაც ინფრასტრუქტურა არ გიწყობთ ხელს

თქვენ შეიძლება ყველანაირი ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ოფისი გაქვთ და ეს საკმაოდ კარგია, თუმცა, როდესაც ამ ყველაფრის გაზრდაზე იწყებთ ფიქრს, დაფიქრდით იმაზეც, რამდენი ახალი ხარჯი და რესურსი უნდა დაიხარჯოს მათზე. თუკი წინასწარ არ გათვლით ყველაფერს, შესაძლებელია, არც თუ ისე სასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და შემოსავლის მაგივრად, გასავალი გაგეზარდოთ. დარწმუნდით, რომ თქვენი ბიუჯეტი მყარია საიმისოდ, რომ სწრაფ ზრდას გაუძლოს.

თუკი თქვენ ჯერ კიდევ ვერ იღებთ მოგებას

ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც არამომგებიანი ბიზნესის ზრდას უფრო მეტი გასავალი მოჰყვება ხოლმე. პირველ რიგში, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდეთ, გჭირდებათ თქვენსავე პროდუქტიულობაზე ზრუნვა. ნუ ფოკუსირდებით თავიდანვე ფასებზე, ორიენტირებული იყავით საქმეზე, რომელსაც აკეთებთ და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრეთ მისი ღირებულება. წაგების შემთხვევაში ეგრევე ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრს ნუ დაიწყებთ, რადგანაც შეიძლება, მან უარეს მდგომარეობაში ჩაგაგდოთ.

თუკი თქვენ იმდენად საჭირო ხართ, რომ ბიზნესის გასაფართოებლად არ გცალიათ

როდესაც სტარტაპერი ხართ, თქვენივე ბიზნესი, ფაქტობრივად, თქვენ ხართ. თქვენ ესაჭიროებით თითოეულ დეტალს, თითოეულ პიროვნებას კომპანიაში, იქნება ეს თანამშრომელი, პარტნიორი, სულაც მომხმარებელი. თქვენი დრო არის ზედმეტად ძვირფასი და სანამ ამგვარ სიტუაციაში იმყოფებით, არ გაქვთ სხვა რაიმესთვის დრო. შესაბამისად, ასეთი ვითარება პირდაპირ გულისხმობს, რომ ბიზნესის გაფართოებამდე უნდა მოიცადოთ. განსაზღვრეთ ჯერ რამდენს შეიძლება “გაწვდეთ” და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ფიქრი აღნიშნულ საკითხზე.

როდესაც თქვენ გინდათ იმუშაოთ თქვენს ბიზნესში და არა თქვენს ბიზნესზე

ანრეპრენუარებს ხშირად ეუბნებიან, რომ თუკი უნდათ წარმატებულები იყვნენ, უნდა იმუშაონ თავიანთ ბიზნესზე და არა ბიზნესში. ეს კი გულისხმობს რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ზოგადი ცნებები ბიზნესის შესახებ და ხშირად აკეთონ ის, რაც არ სიამოვნებთ. აუცილებელია, თქვენი ბიზნესი ერგებოდეს თქვენს ინტერესებსა და მიდრეკილებებს. მხოლოდ იმიტომ არ უნდა იფიქროთ ბიზნესის გაფართოებაზე, რომ ეს საზოგადოებრივი შეხედულებითაა საჭირო. იფიქრეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ თვლით.

წყარო: www.inc.com 



განხილვა