in

“აბა, მნახე, ვინა ვარ!” – “რიგის” ქალაქთან დამეგობრების არნახული ამბავი

“გაგიმარჯოს, მეგობარო, სალამს გიძღვნი რიგიანს.”

სულ ცოტა ხნის წინ, თბილისს თანამედროვე დუქანი “რიგი” დაემატა. ამ ადგილმა, დედაქალაქის საუკუნოვანი ისტორია ოსტატურად დაიტია და ძველი ქალაქის რიგების იდეა, კულტურა, გასტრონომია და რაც მთავარია, ურთიერთობა თანამედროვეობაში გადმოიტანა. ამ დინამიკურმა ბრენდმა ფიროსმანის “მზარეული” ცოცხალ პერსონაჟად აქცია, რომელმაც საკუთარ თავზე სტუმრების რიგიანი გამასპინძლება აიღო. მზარეულმა ახალი მეგობრების შეძენა განიზრახა და “რიგის” გასტრონომიულ ლხინში დასაპატიჟებლად, უჩვეულო მოსაწვევები დაუგზავნა.

ყველაფერზე დეტალურად იზრუნა – ადრესატის კონვერტზე ერთი ფრაზა ეწერა “აბა, მნახე ვინა ვარ?”, მისი გახსნის და QR კოდის დასკანერების შემდეგ წერილის ადრესატი ბმულზე გადაჰყავდა, სადაც სპეციალურად მისთვის შექმნილ მოსაწვევს ნახულობდა. მოსაწვევი ლექსად იყო გადმოცემული და პერსონალურად შექმნილი ილუსტრაცია ახლდა თან.

ილუსტრაციებზე მუშაობა George Gamez-თან კოლაბორაციით შედგა. გამეზას თითოეული ადრესატი, ბრენდის სახასიათო სტილითა და მათი ინდივიდუალობით უნდა გამოესახა და ამგვარად, ბრენდის იდენტობა მიეტანა ადამიანებამდე.

George Gamez: “შემოდგომის დადგომისთანავე, George Gamez Creative Studio-ს მოგვეცა კიდევ ერთი ძალზედ საინტერესო გამოწვევა: “რიგი”-ს უმშვენიერესი “შეფი” პერსონაჟის ილუსტრაციების სტილში, უნდა შეგვექმნა კონკრეტულ ადამიანთა ილუსტრაციები, რომლებიც, შემდგომ ინტეგრირებულნი იქნებოდნენ, თავიანთი სახასიათო როლით, “რიგის” უკვე არსებულ კონცეფციაში. გადავარჩიეთ, ქვეყნის ასიოდე სახასიათო – გასტრონომ-კულინარიასთან დაახლოებული, სამაგალითო, წარმატებული, გამოცდილი თუ დამწყები, ზოგჯერ უსიტყვო, მაგრამ მეტწილად გამგებიანი, შეფ/მზარეულ/კრიტიკოს/ექსპერტ/ბიზნესმენ/საზოგადო მოღვაწ/ამბასადორ/კრეატორი პერსონაჟის კანდიდატურა, შევქმენით ფოლდერი, სახელად “Rigi & George Gamez Collaboration” და შევუდექით ნატიფი ხაზით მათ გამოხატვას.”

ბოლო დღეებია, ილუსტრაციებით აღფრთოვანებული ადრესატების პოსტებს წააწყდებით სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, ჩანაფიქრმა გაამართლა – მეგობრულმა მასპინძელმა “რიგის” სტუმრებს 3 და 4 ოქტომბერს, ქალაქური მოლხენის ტრადიციის გასაზიარებლად უხმო, რათა მათთან ერთად გაიზიაროს თბილისური ეზოების ყოველდღიურობა და ძველი თბილისის ბაზრის ესთეტიკა. თანაც, პირობა დადო, რომ გასტროლხინის სტუმრებისთვის გაშლილ სუფრას ჩიტის რძე არ დააკლდება, ძველი თბილისური ბაზრით შთაგონებულ პურის, ღვინის, ყველის, საყასბო თუ საბაყლო რიგებში, ფუსფუსსა და მოლხენას ბოლო არ ექნება. სტუმრების თვალის გასახარად, პურიც იქვე გამოცხვება და მეგრულ სულგუნსაც დუქანშივე ამოიყვანს გამოცდილი ოსტატის ხელი. ადგილზე მომზადებულ თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილ პროდუქტებს კი, იქვე დააგემოვნებს, მერე, შინაც წაიღებს ყველა მსურველი და მეგობრობის ხიდიც გაიბმება.

გასტრონომიული დუქანი რიგი, ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაშია, ბრენდის კონფეფციაზე და კამპანიის იდეაზე სააგენტო “გასტრონავტმა” იმუშავა.

 

[R]

ბიზნესდაჯილდოება 2020 იწყება

“ყველაფერი ყოველთვის არაა ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს” – ილუსტრაციები სტიგმების წინააღმდეგ