in

RIHA – რატი ონიანის ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი სვანური ფესვებით

Riha

ალბათ ახალი ქართული მუსიკის მოსმენა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი პროცესია ჩემთვის – არა ისეთის, მუსიკალური იდეების სიმცირის გამო, პროცესი სრულ იმიტაციამდე რომ დადის – არამედ მოსმენის შემდეგ, სრულიად ახალი პერსპექტივები და გზები რომ გესახება ლოკალური მუსიკისთვის. სწორედ ასეთი მუსიკოსია ახალგაზრდა რატი ონიანიც – რომლის სადებიუტო ალბომი, “When The Tree Saw Me” რამდენიმე თვის წინ, პროექტ RIHA-ს სახელით გამოვიდა. რატის მუსიკალურ წარსულზე, ალბომის შექმნის პროცესზე და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ.

M: რატი მოგვიყევი შენს პირველად მუსიკალურ შთაბედილებებზე

ხელოვანი ოჯახის შვილს, მუსიკა დაბადებიდან მომყვება. პირველად მუსიკას გააზრებულად ვეზიარე მაშინ, როდესაც მშობლები მირთავდნენ ლეგენდარული ამერიკული ფანკ/სოულ/R&B ბენდის Earth, Wind & Fire-ის ლაივ ალბომს, რომელიც 1990 წელს ჩაიწერა იაპონიაში (Live In Japan). პატარა ბავშვის აზროვნებაზე მათმა შესრულებამ, მოძრაობამ და ფერებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემში მრავალფეროვნების ძიება. 5 წლის ასაკში კი ქართულ ხალხურ სიმღერაზე შემიყვანეს, რამაც არამხოლოდ უცხოური, არამედ ჩვენი ქვეყნის საერო და სასულიერო სიმღერებიც გამაცნო. 14 წლის ასაკში მძიმე მეტალი აღმოვაჩინე (პირველი სიმღერა Iron Maiden-ის Alexander The Great გახლდათ, რომელიც მეგობარმა სკოლაში მომასმენინა, ალბომი კი Dimmu Borgir-ის Abrahadabra), ჩემთვის ყველაზე იდუმალი, ღრმა და დიდებული მიმდინარეობა, თავისი მრავალი ქვეჟანრებით (Black Metal, Death Metal, Doom Metal და სხვა).

M: როგორ დაიწყო ტრანზიცია მელომანობიდან მუსიკოსობამდე – გახსოვს პირველი კომპოზიციის შექმნის მცდელობა?

ბავშვობაში Earth, Wind & Fire-ის CD-ების ბუკლეტების დათვალიერება მიყვარდა (განსაკუთრებით საყვარელი In The Name Of Love იყო), თითქოს რაღაც მაგიური და ამოუხსნელი იყო ამ ბენდის კომპოზიციები, ალბომის ყდები და ხშირად კლიპებსაც ვრთავდი, რომელიც ვიდეო კასეტაზე იყო ჩაწერილი (ჩემთვის უსაყვარლესი System Of Survival გახლდათ). სკოლის პერიოდში, მცირე დროით აკუსტიკურ გიტარაზე შემიყვანეს, მაგრამ იმ მომენტში მივხვდი, რომ აკუსტიკური თუ ელექტრო გიტარა არ იყო ჩემი სულის ინსტრუმენტი. მძიმე მუსიკამ სიღრმეების და დაბალი ნოტების ძიება შემაყვარა. 2017 წელს ჩემმა ახლობელმა ბას-გიტარას მაზიარა, 2018 წელს კი Georgian Drum School-ის წევრი გავხდი, სადაც მრავალი საათის განმვალობაში ვუკრავდი. იქ ჩემს პირველ ორ კონცერტს ვეზიარე, რომლებაც ბევრი ლამაზი და დიდებული რამ მასწავლა მუსიკის და მუსიკოსების შესახებ. პირველი კომპოზიცია იმპროვიზაციის შედეგად მოვიდა გონებაში. ერთხელ, როდესაც რეპეტიციიდან მოვედი სახლში, შევაერთე ბასი და რაც დავუკარი ჩავიწერე, ამ დემოს სახელად “ელფების მარში” დავარქვი. ის ჯერჯერობით მხოლოდ დემოს სახით არსებობს.

Riha

M: ვინ იყვნენ და არიან ის მუსიკოსები რომელთა გავლენასაც განიცდი (თუ არიან ესეთები) ან თუნდაც დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები არიან მუსიკალურ სამყაროში?

სია უსასრულო შეიძლება იყოს, ამიტომ რამოდენიმე ჩემთვის უსაყვარლეს არტისტს და ბენდს ჩამოვთვლი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს: Black Sabbath, Pink Floyd, DEATH, Bathory, Jon Lord, Ramones Depeche Mode, Dimmu Borgir, The Cure, Frank Zappa, ჰამლეტ გონაშვილი, ჯანსუღ კახიძე, Cynic, Jamiroquai, Mayhem, Miles Davis, Jaco Pastorius, Atheist, Type O Negative, Prodigy, ქართული ხმები, Кино, Weather Report, Johann Sebastian Bach, John Frusciante და Beastie Boys (უკანასკნელმა ნარევი ჰიპ-ჰოპიც შემაყვარა, ჰარდქორ პანკთან ერთად და ძალიან დიდი სტიმული მაჩუქა მუსიკის შექმნის, სწორედ პანდემიის პერიოდში აღმოვაჩინე, სიმღერა “Gratitude”-ს წყალობით.). თანამედროვე არტისტებიდან ძალიან მომწონს: Aurora, Nik West, R+R=NOW, King Krule და Beyond Creation.

M: 2020 წელს შენი სადებიუტო ალბომი გამოვიდა, სადაც თითქმის ყველა ინსტრუმენტზე შენ უკრავ – რა იყო ალბომის ჩაწერის იდეა?

ალბომის შექმნის იდეა ცხოვრებისეული დანაკარგის და დიდი სიხარულის შედეგადაც იშვა. ყველაფერი უეცრად მოხდა, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და მივხვდი რომ მზად ვიყავი იმისთვის, რომ ჩემი მუსიკა გამესაჯაროვებინა. წარსულში თითქოს ამის მეშინოდა, მაგრამ ეს შიშები დავძლიე. უმეტესობა კომპოზიცია ალბომის შექმნის პროცესში უეცრად დაიბადა. მხოლოდ ბასი არ იყო საკმარისი და მიხვდი, რომ მეტ-ნაკლებად უნდა მესწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტები და შემეთავსებინა ბასთან. ასე ვისწავლე პერკუსიის, სინთეზატორების და გიტარის შეთავსება ბასთან და ნელნელა ჰარმონიასაც ვხვეწავ. ალბომზე დიდი გავლენა ბავშვებმაც მოახდინეს, მათთან დიდი სულიერი კავშირი მაქვს და მათგანაც იგივეს ვგრძნობ. ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია “New Life From Us (Revival), დისშვილს მივუძღვენი და ორ მეგობარს. მათ გარეშე, იპოდრომის მთაზე შეუძლებელი იქნებოდა იდეა დაბადებულიყო. ჩემში თითქოს ორი ადამიანი ცხოვრობს. ერთი ნაწილს მძიმე მუსიკა უყვარს, ისეთი მუსიკა რომელიც აგრესიული და გიჟურია, მეორეს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რომელიც დროებით სიმძიმეს აქრობს.

 

M: რას აღნიშნავს RIHA და რამდენად ახლო კავშირი გაქვს სვანურ კულტურასთან?

რიჰა (რიჰო) სვანური სიტყვაა, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც სინათლე, აისი, განთიადი, ასევე უცნაურად ისე დაემთხვა, რომ ჰინდუს ენაზე რიჰა გათავისუფლებულს ნიშნავს. ბაბუაჩემი მოქანდაკე და მხატვარი ვახტანგ ონიანია, ალბათ სვანეთის უდიდესი მოტრფიალე. მისმა დასურათებულმა წიგნებმა და ნახატებმა ქართული და სვანური მითოლოგია ძალიან შემაყვარა, ისინი მისტიკური და არქაულია. სხვათაშორის ალბომში ორი კომპოზიცია არის სვანეთის თემაზე. Mkalviani (Dev Of The Tree), რომელიც ჩემს ძმასთან, ინგლისური ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტთან, გიორგი ონიანთან (Gyorgy Ono- Creatures, Damaged, Icarus Blue, 乃₳бɄ丂нᖽᐸ₳ (Babushka)) ერთად შევქმენი. კომპოზიცია მითოლოგიური თემისაა, ის დევზეა. დევი ბოროტ ხის მჭრელებს ანადგურებს, იგი ტყის მცველია და “Home of many ways”, რომელიც ორი კომპოზიციისგან შედგება: “მასპინძელსა მხიარულსა” (უძველესი გურული სიმღერა, რომელიც ერთადერთი პატარა ვოკალური ნაწილია ალბომის და მას ანსამბლ “დიდგორის” წევრები ნოდარ და გიორგი ქარცივაძეები ასრულებენ და ასევე კოტიკო, გიორგის შვილი) და უსახელო სვანეთი, რომელიც სვანეთში ყოფნის დროს დავწერე (ფონად ენგურის ხმას გაიგებთ). ეს უკანასკნელი არ არის მხოლოდ სვანეთზე, არამედ საქართველოზეა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ქართული კულტურა საინტერესო ნარევს შექმნიდა. იმედი მაქვს ეს გამოვიდა. მიყვარს როდესაც მთებს ვუყურებ, მგონია მათ ფორმებში დიდ წარსულს დაინახავთ, შეიძლება ეს წარსული დავიწყებულია, მაგრამ ის უნდა გავიხსენოთ (ჩემთვის ულამაზესი აღმოჩენა იყო, როდესაც გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “მთებს გახედე რატი” აღმოვაჩინე). სვანეთის ბუნებაში და სვანი ხალხის გარეგნობაში, უძველეს და ბრძენ მოძრაობებს ვხედავ.

M: ალბომი „WHEN THE TREE SAW ME“ საკმაოდ ექპერიმენტალურია…

ალბომი ნამდვილად ექსპერიმენტალურია. სხვათაშორის ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა John Frusciante-ს პირველმა სოლო ალბომმა Niandra LaDes and Usually Just a T-Shirt, რომელიც მან ასევე სახლში ჩაწერა და ისიც 24 წლის იყო როდესაც გამოუშვა. ამ ალბომმა შემაყვარა Lo-fi, თითქოს ბინძური, მაგრამ თავისებურად ლამაზი ჟღერადობა (მიხვდი, რომ მუსიკაში მხოლოდ კომპოზიციების ხარისხი არ არის მთავარი, არამედ ის თუ როგორ არის ეს ნოტების მოძრაობები წარმოსახული). პანდემიის დროს ბევრ ბენდს გავეცანი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ბენდების კომპოზიციებს იშვიათად ვარჩევდი, უბრალოდ ვუსმენდი და ისინი ინსპირაციას მჩუქნიდნენ აბსოლუტურად განსხვავებულად დამეკრა მათგან. მუსიკაში უფრო მეტად დავაფასე ავანგარდი და მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი მუდამ მოლოდინი, არამედ ხანდახან აბსოლუტურად მოუზადებლად უნდა დაუკრა. ალბომის ყდა მამაჩემს ჯაბა ონიანს ეკუთვნის. ხილვის და სიზმრების შედეგად დანახული ხის თვალი თითქოს ადამიანის ბუნებას და განსხვავებებს აკვირდება, როდესაც ჩვენც ვუყურებთ მის გამჭრიახ და იდუმალებით მოცულ მზერას.

M:საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩაერთო შენთან ერთად ალბომის გარკვეულ ნაწილებში – როგორ მოახერხე მათი შეკრება პანდემიის პირობებში?

2019 წელს ჩემს მეგობარ ანანო კანკიასთან ერთად, რომელიც ალბომში უკულელეზე და ფორტეპიანოზე უკრავს, კომპოზიცია “First Rays of Sunshine” დავწერე, ამას კიდევ ორი ერთობლივი კომპოზიცია დაემატა და მაისში, როდესაც ჩემს ოთახში ალბომის ჩაწერა გადავწყვიტე, საერთო მოგზაურს და არაჩვეულებრივ მუსიკოსს ანდრო გოგიბედაშვილს (Saphileaum, Farewell Warm Fields, Marquess Evergreen) მივწერე სურდა თუ არა საერთო კომპოზიციის შექმნა, რაზეც ანდრო დამთანხმდა და ასე შეიქმნა ჩემთვის უძვირფასესი Gates And Farewells. თითოეული კოლაბორაციული კომპოზიცია დისტანციურად შეიქმნა. საქსაფონისტმა Kamerde-მ ვფიქრობ ზუსტად დაინახა რა სჭირდებოდა Crazy Cat-ს და გიტარისტმა სანდრო ქართველიშვილმა პანკური სული შემატა Accident Free-ს. მუსიკოსებისგან მქონდა მასალები და ჩემი მისია ის იყო, რომ ბასის პარტიები სწორად დამეწერა.

 

M: ვინ არიან ის ქართველი მუსიკოსები რომლებსაც აქტიურად უსმენ ან თუნდაც კოლაბორაციას ისურვებდი?

ძალიან მომწონს, მოძრაობის თეატრის ბენდი, ასევე გიორგი ერგემლიძის სოლო ალბომი მომეწონა, თითქოს ლამაზი 80-იანი წლების ესთეტიკა დაკრავს. ძალიან ძლიერია Kung Fu Junkie, The Generations, Iberian (ჩემი აზრით უფრო მეტად უნდა იყოს ეს ბენდი ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ალბომი გამოუშვეს “Striving For Immortal Heights”). ფანტასტიკურია Moku Moku. მახსოვს, როდესაც ბათუმის ჯაზფესტივალზე მოვუსმინე ლაივზე, ძალიან დიდი ემოციები შექმნა ჩემში და გამიხარდა რომ დროთა განმავლობაში ქართული სცენა ვითარდება და ამდენი საინტერესო მუსიკოსია ქართულ სცენაზე. კოლაბორაციას ბევრთან ვისურვებდი, მაგალითად “Kordz”, ძალიან აზრიან და ლამაზ მუსიკას ქმნის.

M: ბასი შენი ძირითადი ინსტრუმენტია – როგორ ფიქრობ რა აქვს მას ისეთი რამაც შენი არჩევანი განაპირობა?

ბასი მუსიკის სულია და ფუძე, ისევე როგორც ხალხურ მუსიკაში ბანი. ბანის გარეშე მუსიკა გაცილებით ცარიელია და თითქოს ძალა არ გააჩნია. ბას-გიტარა, როგორც რიტმის ასევე მელოდიის როლსაც ასრულებს და ხშირად საიდუმლო იარაღია ბენდების ხმაში. მე მგონია ბასისტები სხვანაირად აღიქვავენ მუსიკას, ერთი შეხედვით ისინი ფონად არსებობენ, მაგრამ მათ ხელებში და გონებაში დიდი ძალაა. მახსენდება ჯაკო პასტორიუსის “Portait Of Tracy” (სხვათაშორის ერთ-ერთი კომპოზიცია ალბომში ჯაკოს მივუძღვენი “Chained To hope melody”), სადაც ბასი ერთ დროულად ულამაზეს მელოდიას და დასამახსოვრებელ რიტმს უკრავს. მე მგონია ჯაკო იმსახურებს ყველა ბასისტისგან ერთ კომპოზიციას მაინც. ბასის ხმაზე ბავშვობიდან მაჟრიალებდა, ისევე როგორც ბანის ხმაზე ხალხურ მუსიკაში. ძალიან შემიყვარდა დაბალი ბანი ვოკალში (Peter Steele, რუსული საეკლესიო გალობა და ქართული ხმების ბანის დავით გოგიაშვილის (თავგასას) ხმა) და სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ძიება უფრო დაბალი ხმების.

M: როგორია თავად მუსიკის შექმნის, იდეის გენერირების პროცესი – არიან ადამიანები ვისაც უზიარებ და მათი აზრი გაინტერესებს სანამ ფინიშამდე მიხვალ?

მუსიკას ხშირად გაუაზრებლად ვქმნი. პროცესის დროს თითქოს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემს სხეულს ვტოვებ და მოვლენები რაც ჩემს გარშემო ხდება დროებით დროსთან ერთად ჩერდება. ზოგადად იდუმალება და მისტიციზმი მთელი ცხოვრება მომყვება. ბასის სვლებს სხვადასხვა იდეები ემატება და ასე ეწყობა ყველაფერი პალიტრულად. მე მგონია მუსიკოსი პირველ რიგში მოსმენით და ნიუანსების დაკვირვებით სწავლობს. უნდა უსმინო ბევრს და შენსას იპოვი, შეიძლება ეს ნაწილი მიზერული იყოს, მაგრამ ის უკვე ძვირფასი ემოციის გზაა. მუსიკას მშობლებს და მეგობრებს ვუზიარებ, მათი აზრი, კრიტიკა და დამოკიდებულება ძალიან მზრდის და მაჩვევს, იმას რომ თითოეული პიროვნების აზრი აუცილებლად უნდა გაიაზრო და უფრო სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

M: რა არის შენი სამომავლო გეგმები? პანდემიის პირობებში ცოცხალი შესრულება შეზღუდულია,აგრძელებ მუსიკაზე მუშაობას?

იანვარში ახალ ალბომზე ვიწყებ მუშაობას. მომავალში აუცილებლად ვფიქრობ “რიჰას” ლაივ შესრულებაზეც, რადგან არ მინდა ჩემი მუსიკა მხოლოდ ალბომების სახით გაჟღერდეს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტს იანვარში ვამთავრებ. უკვე 2016 წლიდან ვწერ სტატიებსაც მუსიკაზე, ჩემს ბლოგზე. დამიწერია ჯაზ-ფესტივალებზე და საკმაოდ ბევრი ალბომი განმიხილავს. ვფიქრობ ჩემთვის ორი უსაყვარლესი საქმიანობა შევათავსო და კომპოზიციებთან ერთად მუსიკაზე და მუსიკოსებზეც ბევრი ვწერო. ველი უამრავ მუსიკალურ გაერთიანებას და მოგზაურობას, როგორც რეალურ ასევე, მუსიკალურად სიურეალისტურ სამყაროში.


რა გავლენა აქვს სურნელსა და ხმას ჩვენს გარეგნობაზე?

#საზოგადოებაარტისტებისთვის – კოვიდ სტიპენდია მათ, ვისაც სჭირდება!