in

ტოქსიკური „სირბილე“ თანამშრომლებთან კომუნიკაციაში – „რინგოს“ #შეცდომები

„ვისურვებდი, რომ ადამიანები საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობებს პატიოსნად ეკიდებოდნენ… ასე, ბევრ სტარტაპსა თუ უკვე ფეხზე დამდგარ და წელში გამართულ ბიზნესსაც უფრო მეტად გაუიოლდებოდა ცხოვრება“.

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის დაწყებისას/კეთებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, ძაღლების ფეკალიების ასაღებად გამოსაყენებელი ერთჯერადი, ბიოდეგრადირებადი პარკების სათავსოების – ტყავის ხელნაკეთი ქისების კომპანია „რინგოს“ დამფუძნებელი, ნესტან მამაცაშვილი გვიზიარებს სტარტაპის გამოცდილებას:

საკუთარი სტარტაპი, გაზვიადებულად არ ჩამითვალოთ – შვილის ყოლას ჰგავს. მთელს შენს ენერგიას, სიყვარულს, სულსა და გულს შიგნით დებ, მისი წარმატება შენს ხელთ არსებული რესურსების სწორად განაწილებას გულისხმობს, წარუმატებლობა კი – ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებას. შენთვის არ არსებობს არც დასვენება და არც შაბათ-კვირა, გონება მუდმივ სამუშაო რეჟიმშია ჩართული და სულ რაღაცაზე ფიქრობს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამღლელია. სულ გგონია, რომ სადღაც გაგვიანდება, მოგდევენ, ვიღაცა გასწრებს და შენს თავს არ აძლევ მოდუნების უფლებას. ეს ერთგვარი სენია და, ჩემი აზრით, თუკი საკუთარი სტარტაპი გაქვს და მის წარმატებაში, აბსოლუტურად, დარწმუნებული ხარ, ასეც უნდა იყოს.

მიმაჩნია, რომ იმ ენთუზიაზმით, როგორითაც საკუთარ სტარტაპს უძღვები, ეგეთი მოტივირებული და შეყვარებული სხვაგან ვერ იქნები და დიდი ფუფუნებაა, გქონდეს საქმე, რომელიც ყველაფერთან ერთად, შემოსავლიანიცაა. თუმცაღა, ამ პროცესს შეცდომები და ის პატარა, უსიამოვნო, თუმცა ღირებული ნიუანსებიც თან ახლავს, რომელთა გულწრფელი გაზიარებაც „რინგოს“, დღეს, თქვენთვის შეუძლია. 

მე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, რინგომ, 4 წლის წინ წამოვიწყეთ უკარგესი ერთობლივი საქმე – რინგო ქალაქის სამსახურში, რომლის თითოეული ეტაპი ერთად გავიკვლიეთ. წარმოდგენა არ გვქონდა, არც მე და არც ჩემს ოთხფეხა მეგობარ რინგოს, ზოგადად, როგორ კეთდება საქმე, რომელსაც, აწ უკვე, ძალიან პოპულარული ტერმინი – სტარტაპი ჰქვია. 

„რინგოს“ სტარტაპი მდგომარეობს შემდეგში: ხელნაკეთ ტყავის ან მისი შემცვლელი მასალისგან დამზადებულ ქისებს ვაწარმოებთ, რომლებშიც ბიოდეგრადირებადი, ერთჯერადი მწვანე პარკებია მოთავსებული, ძაღლის ფეკალიების ასაღებად. 

„რინგოს“ პროდუქცია, დღესდღეობით, უკვე ძალიან ბევრ ზოო- და კონცეფტმაღაზიაშია ხელმისაწვდომი და ჩვენი მომხმარებლების რაოდენობაც, წლიდან წლამდე, საგრძნობლად იზრდება.

შეცდომა
ყველაზე მეტად, რაც ბოლო 4 წლის მანძილზე გამიჭირდა – დაქირავებულ თანამშრომლებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება იყო. დელეგირება თითქოს მოვახერხე, თუმცა აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ, საქმის ხარისხიანად შესრულებაზე პასუხისმგებლობა მაინც მე მეკისრებოდა. ამას მივაწერ ჩემს „სირბილესა“ და შეუფერებელ დროს, შემწყნარებელ დამოკიდებულებას. არც ისე იშვიათად, ამან იქამდე მიმიყვანა, რომ სხვის მიერ დაკლებული ჯაფის ანაზღაურება, როგორც წესი, მე მიწევდა.

ჩემი გამოცდილებით, ამ პრობლემას ისიც ემატებოდა, რომ ისეთ ადამიანებთან გადავწყვიტე თანამშრომლობა, რომლებსაც „იოლად ფულის შოვნა“ სურდათ… ამაში ვგულისხმობ საქმისადმი გულგრილობასა და ჰონორარით მუდმივ უკმაყოფილებას.გულწრფელად, მიმაჩნდა, რომ სამართლიანი დამქირავებელი ვარ, იმდენად, რომ შემიძლია სხვისი შრომის დანახვა და დაფასება. წახალისების მიზნით, მადლიერება, ფინანსური კუთხით, ხშირად იმაზე მეტადაც გამომიხატავს, ვიდრე ეს საჭირო ყოფილა და ჩემდა გასაკვირად, ეს არა სტიმულის, არამედ პირიქით, მოდუნების საწინდარი გამხდარა.

მოკლედ რომ ვთქვა, ვისურვებდი, რომ ადამიანები საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობებს პატიოსნად ეკიდებოდნენ… ასე, ბევრ სტარტაპსა თუ უკვე ფეხზე დამდგარ და წელში გამართულ ბიზნესსაც უფრო მეტად გაუიოლდებოდა ცხოვრება. 

როგორც დამფუძნებელს კი, საკუთარ თავსა და სტარტაპის სხვა ავტორებსაც ვუსურვებდი, რომ კარგად აწონ-დაწონონ და შეეცადონ, მაქსიმალურად, კომპანიის კულტურის შესაბამისი კადრები შეარჩიონ. შემდეგ კი, გუნდის თითოეულ წევრს ნათლად აუხსნან, რას ემსახურება სტარტაპი, კომპანიას რა ფასეულობები აქვს და რა ტიპის კომუნიკაციაა მისაღები მათ შიდა კულტურაში.

კეთილგანწყობა ტოქსიკურობაში რომ არ გადაიზარდოს და საბოლოოდ, სტარტაპი არ დაზარალდეს, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის საქმე! და როცა თანამშრომელი მისი რაიმე ნაწილის შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებს, იდეალურ შემთხვევაში, კითხვის ნიშნები აღარ უნდა ისმებოდეს, საქმე შესრულდა, თუ არა. ტოქსიკურობაშიც სწორედ ამას ვგულისხმობ – თანამშრომლებისთვის კარგი გარემოს შექმნა და მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა არ ნიშნავს იმას, რომ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ შენიშვნა არ მისცე. სწორედ ამ ნაწილს ვგულისხმობდი, როცა ზემოთ ჩემს „სირბილეზე“ ვსაუბრობდი.

რომ შევაჯამო, როცა კომპანიაში ყველას სწორად აქვს საკუთარი როლი გააზრებული და გრძნობს, რომ მისი უყურადღებობა, გულგრილობა, საბოლოოდ, სტარტაპს აზიანებს, უფრო ნაკლები შანსია, რომ დამფუძნებლების მხრიდან, მათ მიმართ გამოცხადებული ნდობა „უსაფუძვლოდ“ შეფასდეს და სტარტაპის განვითარებაზე ფიქრის ნაცვლად, დრო უარყოფითი შედეგების მომკაზე ბრაზს ეთმობოდეს.

ამას კი, როგორც უკვე ვთქვი, გუნდის წევრების კომპანიის შესაბამისი ღირებულებებით დაკომპლექტება უზრუნველყოფს.

Makidine.ge – ქარუ მანქანის ყიდვის გამოცდილებას ცვლის

რატომ არის ტვირთის გადაზიდვა ნებისმიერი ჩვენგანის ინტერესი? – OMOFOX და მისი ლოჯისტიკური ფილოსოფია