in

თბილისელი ძაღლი რინგო საკუთარი სტარტაპითა და ვიდეოდღიურით – ეკო-მეგობრული ქისა ძაღლის ფეკალიებისთვის

Startauperi
Startauperi

„დაგსიზმრებიათ, თუ არა გენიალური პროექტი, რომელსაც სანამ არ განახორციელებთ, მანამდე არც მადა გაქვთ, თათებიც გექავებათ და ერთი სული გაქვთ, როდის ნახავთ თქვენ მიერ ხორცშესხმულ იდეას? აი, სწორედ ასე იყო ჩემთანაც, როდესაც განდის ფრაზამ შთამაგონა ყველაფერი – „ცვლილებები შენგან უნდა იწყებოდეს“. ძაღლების ფეკალიებით გატენილ ქუჩებს რომ ვუყურებ, გული მიწუხდება, ამას უკვე 11 წელია განვიცდი. მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, ძაღლებმა, რომ ეს პატრონების მოსაგვარებელია და ფეკალიების აწმენდა ფიზიკურად არ შეგვიძლია“, – ასე იწყებს თბილისელი, მოგზაურობისა და სისუფთავის მოყვარული ძაღლი რინგო საკუთარ ვიდეობლოგს, რომლითაც ეკო-მეგობრული პროდუქტის – ძაღლის ფეკალიებისთვის განკუთვნილი ქისა „რინგოს“ შექმნის ისტორიასა და საჭიროებას გვიყვება.  

რამდენიმე თვის წინ, რინგოს თქმით, მეგობრებისა და ნესტანის (პატრონი) დახმარებით შექმნეს ნივთი, რომელიც ძაღლების პატრონებს დაეხმარება გახადონ ქალაქი უფრო სუფთა. სპეციალურ ქისაში მოთავსებულია 20 ცალი, ბიოდეგრადირებადი, ერთჯერადი პარკი, რომელიც ძაღლის ფეკალიების ასაწმენდადაა განკუთვნილი. რინგოს სოციალური სტარტაპის ფუნქციონირებასა და მომხმარებელთან კომუნიკაციაში ნესტანი „ეხმარება“.

ნესტანი და რინგო

„პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქში, რაც თავი მახსოვს, სულ მძვინვარებდა, არის ფეკალიებისგან დაბინძურებული ქუჩები და ცალსახად, არ იმსახურებს თბილისი ამდენ ჭუჭყსა და ნაგავს. სწორედ, ამ პრობლემის გადასაჭრელად მე ჩავდექი ჩვენი ქალაქის სამსახურში და  შევქმენით ჩვენს გარემოსა და ბუნებაზე მზრუნველი ქისა, რომელიც დამზადებულია ქართული ტყავისგან (სურვილისამებრ დერმატინისგანაც), თქვენი ერთგული მეგობრების ქამარზე ჩამოსაკიდად. შიგნით კი, მოთავსებულია 20 ცალი ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი პარკი, რათა კომფორტულად შეძლოთ პატრონებმა ძაღლების ფეკალიების ქუჩიდან აწმენდვა“, – აღნიშნავს რინგო.

ზემოაღნიშნული იდეა რინგოს მოგზაურობისას გაუჩნდა. სწორედ ისე, როგორც მოგზაურს, რომელიც ცვლილებებზე ფიქრს სამშობლოდან შორს ყოფნის დროს იწყებს. „საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე და ვნახე არაერთი ლამაზი და კოხტა ქალაქი და ჩემი საბოლოო პროექტის შთაგონების წყაროც სწორედ თბილისზე მოვლილი, სუფთა და წკრიალა ქალაქები იყო“, – ამბობს ის ერთ-ერთ ვიდეოდღიურში. 

როგორც რინგოს პატრონი და მეგობარი ნესტან მამაცაშვილი ამბობს, „ამჟამად, „რინგოში“ ონლაინ შეკვეთის გზით, ხელმისაწვდომია 8 ფერის ქისა, თითოეულის საფასური კი 20 ლარია. საფასურში შედის ბიოდეგრადირებადი პარკები და კურიერის სერვისიც. გარდა ამისა, პროდუქტი იყიდება გალერა 27-სა და ზოოგალერეაში. ორ კვირაში ზოომარტის საბურთალოს ფილიალშიც ვიქნებით და უახლოეს მომავალში, „რინგო“ სხვა ზოომაღაზიებშიც გამოჩნდება“. მანამდე კი, უკვე არიან ძაღლები და მათი პატრონები, რომლებიც რინგოს ინიციატივას მხარს უჭერენ და პროდუქტს მოიხმარენ.

დუეინ ჯონსონის წარმატების საიდუმლო – Under Armour-ის ვიდეორგოლი

PlugandPay – ქართული “პლაგინი” მათთვის, ვისაც ონლაინ მაღაზიის გახსნა სურს!