ფინანსურ სექტორში, იმ თემების გარდა, რომლებზეც ამ რუბრიკაში უკვე ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია რისკების მართვა. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ $ 2 000 და აქციების ან ნებისმიერი სხვა ტიპის აქტივების შეძენა გსურთ. უცბად, მიიღეთ შეთავაზება – კონკრეტული კომპანიის თითო აქცია 20 დოლარად. თითქოს, არანაირი პრობლემა არ არის, 100 ასეთი ფასიანი ქაღალდის ყიდვა შეგიძლიათ. მაგრამ ერთ დღეს, რომ მისი ღირებულება დაეცეს, დიდ თანხას დაკარგავთ და ამ პროცესს ვერ შეაჩერებთ.
საფინანსო სექტორში, ისევე როგორც ყველა სფეროში, არსებობს საკითხები, რომლის ბოლომდე გაკონტროლება და თავის დაზღვევა თქვენზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ, ასეთ სიტუაციებს მაქსიმალურად უნდა ერიდოთ. როცა ნებისმიერი სახის ინვესტიციას გადაწყვეტთ, მხოლოდ ის ნაბიჯები გადადგით და ისეთ რამეზე კონცენტრირდით, რისი კონტროლიც შეგიძლიათ. ერთ-ერთი ასეთი რისკების მართვაა. ჩვენს მაგალითს თუ დავუბრუნდებით, გეტყვით, რომ არ ღირს, მთელი ფინანსური რესურსის ერთ აქტივში ჩადება და უმჯობესია, სხვადასხვა მიმართულებით დააბანდოთ ფული. თუ ერთი ტიპის აქტივების ფასი დაიწევს, გექნებათ სხვა ინვესტიციაც, რომელიც მოცემულობის დაბალანსებაში დაგეხმარებათ. ფინანსურ სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია, შეგეძლოთ სიტუაციის კონტროლი, რისკების თავიდან აცილება და მათი სწორი მენეჯმენტი.
კარგად დაგეგმეთ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა და ივაჭრეთ მხოლოდ ამ გეგმით
თქვენი სავაჭრო კაპიტალი და ანგარიში არის თქვენი ბიზნესი, წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრივი კომპანიაა. თქვენ კი ამ ორგანიზაციის დირექტორი ხართ, რისკების მართვის მიმართულებით. ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ბიზნესი სწორად განვითარდეს და მინიმალური რისკიც დააზღვიოთ. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა დაუსვათ:
- „რით ვივაჭრებ“?
- „რა სტრატეგიით ვივაჭრებ“?
- „რა მოცულობის კაპიტალი, შემიძლია გავრისკო“?
- „როდის დავიწყო ვაჭრობა“?
- „გეგმა B – რა უნდა გავაკეთო, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება“?
- „როდის უნდა დავასრულო ვაჭრობა“?
როცა ყველა ამ შეკითხვაზე საკუთარ თავს პასუხს გასცემთ, ჩათვალეთ, სავაჭრო გეგმა უკვე შედგენილი და მეტ-ნაკლებად დაზღვეული გაქვთ. და პრინციპში, მზად ხართ, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობისთვის. საქმისადმი ასეთი მიდგომა – სიტუაციის მაქსიმალურად დაზღვევა, ანუ რისკების ბოლომდე მართვა, თქვენ როგორც ინვესტორს თავიდან აგაცილებთ ფინანსურ დანაკარგებს.
რისკების მართვის ძირითადი საკითხები
საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების წინ, ინვესტიციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საბაზისო აქტივ(ებ)ის შერჩევაა. ინვესტორები, ხშირად, ამ ეტაპზე უშვებენ შეცდომას, რომლის გამოსწორებაც ან წარმოქმნილი რისკების პროცესში დაზღვევა, შეუძლებელია. გადაჭრით, ვერც ჩვენ და ვერც სხვა ვერ გირჩევთ, რომელი აქციებით ან საბაზისო აქტივებით უნდა ივაჭროთ, მაგრამ შეგვიძლია, სხვადასხვა სახის ინფორმაცია მოგაწოდოთ და დაგეხმაროთ, როგორ შეარჩიოთ და განსაზღვროთ, თუ რა ტიპის ინვესტიციაა თქვენთვის ყველაზე შესაფერისი, მისაღები. ასევე – როგორ უნდა მოიქცეთ მანამ, სანამ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის პროცესს დაიწყებთ.
ივაჭრეთ, კარგი ლიკვიდურობის მქონე საბაზისო აქციებით. არა, აქ არ იგულისხმება წყლით ვაჭრობა. საუბარია სიმსუბუქეზე. ანუ აქცენტი ისეთი ტიპის ინვესტიციებზე გააკეთეთ, სადაც მარტივად შეიძლება პროცესში შესვლა და გამოსვლა.
ივაჭრეთ მხოლოდ მაღალი ლიკვიდურობის მქონე ოპციებით. ზუსტად იმავე მიდგომით, როგორც ლიკვიდური საბაზისო აქციების შემთხვევაში.
ივაჭრეთ მხოლოდ ნაცნობი აქციებით. ვგულისხმობთ, რომ კარგად უნდა იცნობდეთ კომპანიას, მის ფინანსურ მაჩვენებლებს, განვითარების პერსპექტივას და სამომავლო გეგმებს.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, შეძლებთ, სირთულეების თავიდან არიდებას და რისკების მაქსიმალურად დაზღვევას.
Delta App
თეორიული ცოდნის გარდა, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც საფონდო ბირჟაზე რისკების მართვაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია Delta. პროგრამაში, შეგიძლიათ, შეიყვანოთ კონკრეტული მონაცემები, მონიშნოთ რამდენიმე მითითება და დაელოდოთ შედეგებს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა აპლიკაციები, Delta მაგალითის სახით გიჩვენეთ, რა შესაძლებლობები აქვს ასეთ პლატფორმებს. არც იმის თქმა შეიძლება გადაჭრით, რომ მხოლოდ აპლიკაცია დაგეხმარებათ რისკების დაზღვევასა და მართვაში.
მნიშვნელოვანია, ყველა ის ფაქტორი და მაგალითი გაითვალისწინოთ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ასევე – კარგად აწონ–დაწონოთ სიტუაცია საფონდო ბირჟაზე, შეისწავლოთ კონკრეტული კომპანიების ფინანსური მდგომარეობა, ხედვები და განვითარების პერსპექტივა, სწორად შეაფასოთ შემოთავაზებული ინვესტიციები. ამ ყველაფრის შემდეგ კი ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომელიც თქვენთვის, ერთი კონკრეტული ინვესტორისთვის ყველაზე მეტად მისაღები იქნება.
თუმცა, ერთი რამ ყველასათვის წესი უნდა იყოს – საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებამდე, აუცილებლად შეაფასეთ რისკები და ყველა დეტალი ზუსტად „გაწერეთ“, რომ ამ რისკების ეფექტურად მართვა შეძლოთ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.