in

რისკენ გვიბიძგებს მოწყენილობა და როგორ დავძლიოთ ეს გრძნობა?

M2
M2

ერთ-ერთ ცნობილ ექსპერიმენტში ადამიანებს სთხოვეს, 15 წუთის განმავლობაში ცარიელ ოთახში ჩუმად მსხდარიყვნენ და მხოლოდ საკუთარ აზრებს ჩაღრმავებოდნენ. მათ შეეძლოთ, ამის ნაცვლად ღილაკისთვის თითი დაეჭირათ და საკუთარი თავებისათვის ელექტრული შოკი მიეყენებინათ.

მართალია, საკუთარი თავისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება საკმაოდ უსიამოვნოა, მაგრამ ბევრი მონაწილე სწორედ ამ ალტერნატივას ირჩევდა — 42 ცდისპირისგან თითქმის ნახევარმა აირჩია ღილაკზე ხელის დაჭერა.

საინტერესოა, რამ მიიყვანა თითოეული მათგანი ამ გადაწყვეტილებამდე?

მოწყენილობა საყოველთაოდ საშიში გრძნობაა. მოწყენილობა ნიშნავს ვარჯიშის სურვილს, როცა არ შეგიძლია. ჩვენი ტვინი გვეუბნება ვიმოქმედოთ, ისევე როგორც ტკივილი მიგვანიშნებს ხოლმე საფრთხის ან ზიანის მოახლოების შესახებ.

მოწყენილობა არის ის, თუ როგორ გვაფრთხილებს ჩვენი ტვინი, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის. ემოციების მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მოწყენილობის ყოველი ეპიზოდი პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობას ქმნის, ნაცვლად იმისა, რომ რეაქტიულად ვეძებოთ ყველაზე სწრაფი და მარტივი გამოსავალი.

„მოწყენილობა არის ერთგვარი ემოციური შუქი, რომელიც ციმციმებს და ამბობს: აი, შენ არასწორ გზაზე ხარ. ეს არის სიგნალი იმისა, რომ რასაც ვაკეთებთ, ან უმნიშვნელოა ჩვენთვის, ან უბრალოდ წარმატებით ვერ ვუმკლავდებით მას. მოკლედ, მოწყენილობა გამაფრთხილებელი ნიშანია“, — აღნიშნავს ერინ უესტგეიტი, სოციალური ფსიქოლოგი ფლორიდის უნივერსიტეტიდან.

შეიძლება მოწყენილობამ დაგაფიქროს?

2021 წელს ჩატარებულ კვლევაში უესტგეიტმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ მოწყენილობა მონაწილეებს უფრო სადისტური ქცევისკენ უბიძგებს. ერთ-ერთ ექსპერიმენტში, მოწყენილი მონაწილეები, რომლებიც 20-წუთიან ვიდეოს უყურებდნენ, უფრო მეტად აკეთებდნენ მანამდე თავიანთთვის შეუსაბამო და წარმოუდგენელ რაღაცებს, ვიდრე სხვები — თითოეული ქმედება გარკვეული „მავნებლობით“ გამოირჩეოდა.

გარდა ამისა, სხვა ექსპერიმენტებმაც აჩვენა, რომ მოწყენილობასა და სხვადასხვა სახის ცუდ ქცევას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს — ონლაინ ტროლინგით დაწყებული, თანატოლების დაშინებით და ფიზიკური შეურაცხყოფით დამთავრებული.

თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ მოწყენილობა ყოველთვის არ გვაბრაზებს… უბრალოდ, ის მოქმედებისკენ მოგვიწოდებს, იქნება ეს კარგი თუ ცუდი ქმედება. თანაც, როცა უკეთესი ალტერნატივები არსებობს, შესაძლოა, მოწყენილობამ უაღრესად კარგი საქმეების ჩადენისკენ გვიბიძგოს.

ექსპერიმენტების კიდევ ერთ სერიაში, რომელშიც დაახლოებით 2000 ადამიანი მონაწილეობდა, უესტგეიტმა და მისმა გუნდმა სუბიექტებს სთხოვეს, ან მოსაწყენი ხუთწუთიანი ვიდეო ენახათ, ან რამე უფრო საინტერესო. კვლევაში სხვა მონაწილეებისათვის ანაზღაურების შემცირება ყველას შეეძლო ყოველგვარი პირადი სარგებლის გარეშე. მოსაწყენი ვიდეოს მაყურებლებმა ეს იმაზე გაცილებით ხშირად გააკეთეს, ვიდრე მათ, ვინც უფრო საინტერესო ვიდეოს უყურებდა.

მაგრამ როდესაც მოწყენილ მონაწილეებს ორი ვარიანტი ჰქონდათ: ან მიეთვისებინათ სხვისი ანაზღაურება ან გაეზარდათ იგი. ადამიანების დიდმა უმრავლესობამ ფულის გაცემა არჩია, ხოლო ნაკლებმა — მისი აღება.

როგორც ჩანს, მოწყენილობა სიახლის ძიებას უფრო აძლიერებს, ვიდრე ბოროტებას.

მოკლედ, ასარჩევი ვარიანტების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს: თუკი დროის გასაყვანად თქვენთვის საინტერესო წიგნს ან ისეთ ჰობის შემოგთავაზებენ, რომლით დაკავებაც ყოველთვის გინდოდათ, მეტი შანსია, ამაზე გადაერთოთ, ნაცვლად რაიმე ბოროტული ქმედებისა.

მოწყენილობა ტვინში

მოწყენილობა განსხვავდება უსაქმურობისგან ან დასვენებისგან. მოწყენილობა ნიშნავს რაღაცის გაკეთება გინდოდეს, მაგრამ არ შეგეძლოს, რაც ძალინ უსიამოვნო შეგრძნება.

ჯეიმს დანკერტმა, ვატერლოოს უნივერსიტეტის კოგნიტიურმა ნეირომეცნიერმა და მისმა კოლეგებმა 10 ზრდასრული fMRI სკანერში მოათავსეს და მათი ტვინის აქტივობა გაზომეს, ვიდრე დოკუმენტურ ფილმებს, სარეცხის გაფენის, ანდა უძრავი კადრის ვიდეოს უყურებდნენ.

fMRI-ს აპარატში წყნარად ჯდომამ თუ უინტერესო ვიდეოს ყურებამ ტვინის პასიური რეჟიმის ქსელი გაააქტიურა — ტვინის იმ რეგიონთა ერთობლიობა, რომლებიც სასურველ რაღაცებზე ფიქრისას აქტიურდება. ამავდროულად, მოსაწყენი ვიდეოს ყურებისას წინა კუნძულის (წინა ინსულა) მუშაობა შეწყდა — ტვინის ეს რეგიონი გვანიშნებს, რომ გარე სამყაროში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? FMRI-ზე მოწყენილი ტვინი დაუსაქმებელ, უბედურ ტვინს ჰგავს.

როგორ გავუმკლავდეთ მოწყენილობას?

ზოგადად, ადამიანებს უფრო მეტად ჰბეზრდებათ სადმე ყოფნა, როცა ნაკლები ავტონომია და შესაძლებლობა ეძლევათ რაღაც ახლის გასაკეთებლად. თითქმის 4000 ამერიკელი ზრდასრული ადამიანიდან 63%-მა აღნიშნა, რომ 10 დღეში ერთხელ მაინც გრძნობდა მოწყენილობას.

მოწყენილობის პრობლემა ისიც არის, რომ ის არ გვეუბნება როგორ შეიძლება მისგან თავის დაღწევა — მოწყენილობის დასაძლევად ჯანსაღი გზების პოვნა ჩვენზეა დამოკიდებული. როდესაც ეს შემაშფოთებელი გრძნობა გვეუფლება, ადვილია რეაგირება და სმარტფონის რეფლექსური მოძრაობით აღება. თუმცა ასეთი რეაქცია „მანკიერ წრეს“ იწვევს, რადგან ეს მხოლოდ დროებითი თავშესაქცევია და სმარტფონის დადების შემდეგ კვლავ მოწყენილობას მიიღებთ.

მოწყენილობაზე რეაგირების ნაცვლად, შეეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ სიგნალს, რომელსაც ის გიგზავნით. ისარგებლეთ იმ შესაძლებლობით, რომ პრიორიტეტები გადაიაზროთ: რა არის უფრო მნიშვნელოვანი? რა მიზნები გაქვთ? და გაითვალისწინეთ, რომ მოწყენილობა და შვების ძიება აუცილებელია ჩვენი ადამიანური გამოცდილებისთვის.

კონტენტ მარკეტინგის 6 გამორჩეული მაგალითი

Salvatore Ferragamo ახალ ლოგოს აქვეყნებს