თქვენ გარდა რეზიუმეს 1000 კაცი რომ გაგზავნის, ეს კარგად იცით. კონკურენციამ შეიძლება შეგაშინოთ კიდეც, მაგრამ რას იზამთ, თუ გეტყვით, რომ მათ შორის კონკურენტული უპირატესობის მოპოვება პერსონალური ბრენდით შეგიძლიათ?! ასე
გაქვთ შესაძლებლობა, გახვიდეთ რეზიუმეების მიღმა
რეზიუმეებს ხშირად განსაზღვრული ფორმატი აქვს, ხშირად გექნებათ მოსმენილი, ერთ გვერდამდე რომ უნდა დაიყვანოთ ისე, რომ თქვენი მიღწევებიც კარგად იკითხებოდეს და წასაკითხადაც მარტივი იყოს. ბოლო დროს ეს რეზიუმეები პირდაპირ აპლიკანტების გადასარჩევ სისტემებს მიეწოდება და თუ სადღაც კრეატიული ელემენტი ჩადეთ, სულ ტყუილად — რეზიუმეს გადახედვა მხოლოდ ტექსტის საფუძველზე ხდება.
თუმცა ყველა ითხოვს რეზიუმეში ლინკდინის პროფილის ლინკის მითითებას და სწორედ აქ გეძლევათ შანსი — გაპრიალებული გვერდი ყველას შეუძლია ჰქონდეს ფერადი ბანერებითა და საინტერესო სათაურებით, მათ შორის კი გამორჩეული ადგილის დამკვიდრება მიმზიდველი About სექციით, პროექტების ლინკებით Featured-ის სექციაში და ყოფილი კოლეგების რეკომენდაციებით შეგიძლიათ.
ჩათვალეთ, რომ თქვენი ლინკდინის პროფილი თქვენს რეზიუმეს ჰგავს მიკროფონით და, რაღა თქმა უნდა, ამ ამბავში კონტენტის შექმნა ძალიან დაგეხმარებათ. თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ეს უკანასკნელი თქვენთვის არ არის:
შეგიძლიათ დაიწყოთ პატარა, მართვადი პოსტების სიით
თუ აქამდე ლინკდინზე არასდროს დაგიპოსტავთ, შესაძლოა, ცოტათი შეშინდეთ, რადგან გვერდი სავსეა Excited to announced განცხადებებით… თუმცა კონტენტის შექმნა აქ საკუთარი პიროვნული მახასიათებლების ჩვენებას ემსახურება იმ გზით, რომელსაც არც რეზიუმე გთავაზობთ და არც პროფილის გვერდი. არ არის აუცილებელი, ინფლუენსერი გახდეთ, მთავარია, გააზიაროთ თქვენი კარიერული გამოცდილება და ცოტა ინფორმაცია თქვენივე ინტერესების შესახებ.
დაიწყეთ კვირაში ერთი პოსტით, თუნდაც გააზიარეთ ნებისმიერი სამსახურთან დაკავშირებული იდეა, რომელიც თავში გაგიელვებთ. მთავარია, დაიწყოთ და ვიღაც აუცილებლად შეგამჩნევთ.
შეგიძლიათ დაამყაროთ კავშირები
პერსონალური ბრენდი იმ კარებს ხსნის, რომელთა გაღებაც რეზიუმეს არ შეუძლია. გაჯერებულ დასაქმების ბაზარზე ნებისმიერი რამ გჭირდებათ, რაც სხვა სამსახურის მაძიებლებისგან განგასხვავებთ. პერსონალური ბრენდით შეგიძლიათ, დაამყაროთ კავშირები პოტენციურ დამქირავებელ მენეჯერებთან და ამ კავშირებს დაეყრდნოთ სამსახურის ძიებისას. გააკეთეთ ეს მანამ, სანამ განაცხადს გაგზავნით. დაიწყეთ დაკავშირება თქვენს ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებთან და კომპანიებთან, რომლებშიც მუშაობას ისურვებდით. ჩაერთეთ და განაგრძეთ კონტენტის დაპოსტვა.
როცა ვაკანსია დაიდება, შეგიძლიათ გაგზავნოთ რეზიუმე და პირდაპირ მისწეროთ პირადში: გამარჯობა, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ XYZ პოზიციისთვის გამოვაგზავნე ვაკანსია. ნამდვილად ბედნიერი ვარ ამ შესაძლებლობით — ასე თქვენი რეზიუმე ტოპ ჩამონათვალში მოხვდება.
შეგიძლიათ მიიპყროთ ყურადღება
პერსონალურმა ბრენდმა, შესაძლოა, შემოთავაზებებიც მოიტანოს პირდაპირ თქვენამდე ისე, რომ არაფრის გაგზავნა დაგჭირდეთ. შესაძლოა, დამქირავებელი მენეჯერების ყურადღება მიიპყროთ, რომლებიც საინტერესო წინადადებებს შემოგთავაზებენ.
მოკლედ, თქვენი კონტენტის გამო ადამიანები გაიგებენ, ვინ ხართ, გაიაზრებენ, რას აკეთებთ და ენდობიან იმას, რომ თქვენი პერსონალური ბრენდი თქვენსავე სამუშაო ეთიკას ემთხვევა…