სამსახურში ხშირად ინდივიდუალურობას ვკარგავთ. კორპორაციული ნორმები გვკარნახობს, რომ კონკრეტული იდეების გარშემო გავერთიანდეთ, თავმდაბლები ვიყოთ და თითქოს ჩვენი იდენტობა ეკუთვნის სამუშაოსა და დამსაქმებელს.
პროფესიონალებს, რომლებიც ამ პარადიგმაში გაიზარდნენ, ეგოისტურად ეჩვენებათ საკუთარ თავზე საუბარი. თითქოს ეს მხოლოდ TikTok თაობისთვის არის შესაფერისი და არა სერიოზული აღმასრულებლებისთვის. ეს პერსპექტივა მოძველებულია. პიროვნული იდენტობების დათრგუნვა და სხვადასხვა ხმების ჩახშობა სამსახურში ბევრ პრობლემას იწვევს. პირველ რიგში კი სტრესსა და უიმედობას.
აქ არის ოთხი მთავარი მითი პერსონალური ბრენდინგის შესახებ
მითი 1: პერსონალური ბრენდინგი ეგოისტურია.
არა, ეს რეალურად ვალდებულებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაშენებთ ჩვენს კარიერას და ვიზრდებით, როგორც ლიდერები. უნდა დავფიქრდეთ ვინ ვართ და ვიპოვოთ სიტყვები ამის აღსაწერად. ბრენდი კარგად შემუშავებული მალსახმობია იმისთვის, რომ ხალხს ზუსტად გავაგებინოთ ვინ ვართ და რა გვაინტერესებს.
თუ ამას არ გავაკეთებთ, სხვებს მივცემთ საშუალებას თავად გადაწყვიტონ და განსაზღვრონ რა გვინდა ან რა გვჭირდება, რაც რეალურ მოთხოვნებს ნაკლებად ემთხვევა ხოლმე.
მითი 2: პერსონალური ბრენდინგის მქონე ადამიანები ამპარტავნები არიან.
პერსონალური ბრენდინგი არსებითად მშვიდი და შინაგანი სამყაროსკენ ორიენტირებული ვარჯიშია. ამის კარგად კეთება ნიშნავს, გამოვიკვლიოთ და განვსაზღვროთ რას წარმოვადგენთ, რას ვიცავთ და რა უნდა იცოდნენ სხვებმა ჩვენ შესახებ, რათა მხარი დაგვიჭირონ ან ჩვენთან ითანამშრომლონ. ის უნდა იყოს მშვიდი, გააზრებული და ავთენტური.
საბოლოო ჯამში, როგორ შეფუთავთ თქვენს პერსონას, თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს სხვებისთვის თავის გაცნობის კარგი საშუალება, რაც კარიერულ წარმატებაში დაგეხმარებათ.
მითი 3: პერსონალური ბრენდინგი არის ყალბი და არაგონივრული.
ეს მცდარ შეხედულებად დარჩება თუ ბრენდინგს კარგად ვაკეთებთ. უნდა გადმოვცეთ სამსახურებრივი ისტორია, გამოცდილება, ჩვენი ღირებულება და უნიკალური გზა, რომელიც გამოვიარეთ. ამისთვის ძალიან გამოგვადგება ადრეული ინტერესებისა და მისწრაფებების გახსენება და გაანალიზება იმისა, თუ როგორ განვავითარეთ ჩვენი ძველი ოცნებები.
მითი 4: ბრენდინგი განკუთვნილია მხოლოდ უფროსი ლიდერებისთვის
პერსონალურ ბრენდირებას შეუძლია ყველას მოუტანოს სარგებელი კარიერის ნებისმიერ ეტაპზე. იმით, რომ სხვებს ვაცნობთ ჩვენს ღირებულებებს, მისწრაფებებსა და შესაძლებლობებს, მათ ვუბიძგებთ და ვუადვილებთ, რომ დაგვეხმარონ.
მიუხედავად მათი როლისა თუ გამოცდილების დონისა, ძლიერი პერსონალური ბრენდის მქონე ადამიანები უფრო ორიენტირებულები და მიზანმიმართულები არიან. რაც მთავარია, მათ შეუძლიათ სხვებს გააცნონ საკუთარი ინდივიდუალური, ძლიერი მხარეები, სტილი და ღირებულებები, რაც ზრდის პერსპექტივებსა და მომავალი განვითარების შესაძლებლობებს.