in

როგორ ვაქციოთ რიტუალები გუნდის წარმატების საიდუმლო იარაღად

ცვლილებების პერიოდებში, სამუშაო რიტუალს დიდი გავლენა შეუძლია იქონიოს გადაღლილი, დემოტივირებული გუნდის გამოცოცხლების პროცესზე. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებული ერთობლივი კვლევის ფარგლებში, მკვლევრები სწავლობდნენ, თუ როგორ შეუძლია რიტუალებს გუნდის წევრების დაახლოება და მოტივირება.

კვლევის ფარგლებში, შეისწავლეს და დანერგეს სხვადასხვა რიტუალი, მათ შორის ფასილიტირებული საუბრები (მაგალითად, „ყინულის დაძვრა“), გუნდური შეხვედრები, რეტროსპექტივები და ფორმალური ონბორდინგის პროცესები. მკვლევრებმა 929 ადამიანი გამოკითხეს 60 ქვეყნიდან.

გამოკითხვის შედეგების კლასიფიკაციისთვის გამოიყენეს სკალა, რომელიც ითვალისწინებდა რიტუალების რაოდენობასა და სიხშირეს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტ რიტუალში მონაწილეობს გუნდი რეგულარულად, მით უფრო მაღალია მათი წევრების ჩართულობა: სკალის ზედა მესამედში მოხვედრილ გუნდებში მომუშავე ადამიანები 23%-ით მეტად ლოიალურები იყვნენ გუნდური მიზნებისადმი, გრძნობდნენ ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ზრდას (20%-ით), მიაღწიეს 28%-ით უკეთეს ინტერპერსონალურ ცოდნას და დააფიქსირეს სამუშაოთი კმაყოფილების 22%-იანი მატება, რიტუალების კულტურის არმქონე მქონე გუნდებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ რიტუალების სარგებელი ცხადია, კვლევამ და საკონსულტაციო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ლიდერებისა და მათი გუნდების უმეტესობა ვერ ახერხებს რიტუალების დანერგვასა და მათ ერთგულად შენარჩუნებას.

აქვე, რამდენიმე რჩევა გუნდებისთვის რიტუალების ჩამოსაყალიბებლად:

იხელმძღვანელეთ რწმენით

როგორც ლიდერს, უნდა გჯეროდეთ, რომ რიტუალები აუცილებლად დაეხმარება თქვენს გუნდს. თქვენი მონდომების გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი დანერგვა გრძელვადიანად შენარჩუნდება.

ასევე მნიშვნელოვანია გუნდის წევრების ჩართვა რიტუალების იდენტიფიცირების, შერჩევისა და შეთანხმების პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდები ან ნაკლები ენთუზიაზმით იმონაწილევებენ ან საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას. ყველას უნდა ჰქონდეს რწმენა, რათა რიტუალებმა ნაყოფი გამოიღოს. იმ გუნდებში, სადაც წევრები რიტუალის დიზაინის პროცესში ჩაერთნენ, მკვლევრებმა თანამშრომელთა მხრიდან მაღალი ჩართულობა შენიშნეს.

რიტუალებისთვის აზრის მინიჭება

საუკეთესო გუნდურ რიტუალებს აქვთ ტრანსცენდენტული თვისება, რომელიც გუნდის ყოველდღიურობას აუმჯობესებს. ამ მიზნის მისაღწევად, რიტუალები უნდა იყოს შესაბამისობაში კონკრეტულ მიზნებთან (რა), გუნდის კულტურასთან (როგორ) და ორგანიზაციულ მიზანთან (რატომ).

გუნდები რიტუალებს იყენებენ ხუთი მთავარი მიზნისთვის: 1) სტრატეგია და დაგეგმვა, 2) პროდუქტიულობის მართვა, 3) ოპერაციების გაუმჯობესება, 4) სწავლა და 5) გუნდური ჩართულობა და ურთიერთობების შენება.

მაგალითად, საუდის არაბეთის არაკომერციულ ორგანიზაციაში ყოველთვიურად იკრიბებოდნენ გუნდური პროცესის განსახილველად. თითოეული რეტროსპექტივა ტარდებოდა ერთი და იმავე რიტუალური მანერით. ამ პროტოკოლმა გამოიწვია სწრაფი და უწყვეტი გაუმჯობესება მათ ოპერაციებში – თითის გაშვერისა და თავდაცვითი პოზიციის გარეშე, რაც ხშირად ხდება ხოლმე გუნდურ მიმოხილვებში. მონაწილეები თავად იყვნენ ჩართულები ახალი რიტუალის თანაშექმნაში, რომელიც სოციალური კავშირის გაძლიერებისთვის იყო განკუთვნილი. მათ გადაწყვიტეს ყოველთვიურად ჰქონოდათ შეხვედრა, პირადად ან დისტანციურად, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. ძალიან მალე ეს სტრუქტურირებული საუბრები გახდა საყვარელი გუნდური რიტუალი.

თანმიმდევრულობა მონაწილეობისას

რიტუალების შერჩევა ან დიზაინი ადვილი ნაწილია. რთული ნაწილია დისციპლინის დაცვა კომუნიკაციის, ორგანიზებისა და მათში ჩართვის მიმართ. ის უნდა დამკვიდრდეს გუნდის მუშაობის ყოველდღიურობაში. რიტუალებში მონაწილეობა სამუშაოს ძირითად ასპექტად უნდა აღიქმებოდეს გუნდის ყოველი წევრის მიერ და არა არჩევით დამატებით აქტივობად. რიტუალური შეკრებები უნდა დაიგეგმოს კალენდარულად და განიხილებოდეს ისეთივე მნიშვნელოვნად, როგორც სავალდებულო საქმიანი შეხვედრები. ლიდერებმა ასევე უნდა გამოიჩინონ თანმიმდევრული ჩართულობა რიტუალების განხორციელებაში და უზრუნველყონ, რომ დამსწრეებმა კარგად იცოდნენ ამ შეკრებების მნიშვნელობა.

წყარო: HBR



SpaceX ლონდონიდან ნიუ-იორკამდე 29 წუთში მიგიყვანთ — ილონ მასკის ამბიციური კონცეფცია

Balenciaga-მ Snake-ის სათამაშო კონსოლი შექმნა