in

Ritz-Carlton – ელეგანტურობისა და ფუფუნების ისტორია

Ritz-Carlton არის სახელი, რომელიც გახდა ფუფუნების, მსოფლიო დონის სერვისისა და ელეგანტურობის სინონიმი. ის განსაკუთრებით კარგადაა ცნობილი მოგზაურობის მოყვარულებისთვის. როგორც ყველა ასეთ ბრენდს, Ritz-Carlton-საც საინტერესო ისტორია აქვს, რომელსაც, უკვე ტრადიციულად, რუბრიკის ფარგლებში მოგიყვებით.

istoriebi
istoriebi

ყველაფერი ერთი კაცით დაიწყო

The Ritz-Carlton-ის ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს იწყება. თავად სახელი უკავშირდება შვეიცარიელ ჰოტელიერ სეზარ რიცს, რომელმაც, თავისი დიდი გამოცდილებითა და მიდგომით, გავლენა მოახდინა ევროპაში სტუმარმასპინძლობის ბიზნესზე. მას მეტსახელად „სასტუმროების მეფესაც” უწოდებდნენ. რიცის სტუმართმოყვარე ხედვა მოიცავდა უნაკლო მომსახურებას, ელეგანტურ გარემოს და კარგ სადილს. იგი მუშაობდა პარიზსა და ლონდონში და დააწესა ფუფუნების თავისი სტანდარტები, რომლებიც შემდეგ საყოველთაოდ იქცა.

მისი ხედვა ეფუძნებოდა იდეას, რომ სასტუმრო უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დასაძინებელი ადგილი. Ritz იყო ერთ-ერთი პირველი სასტუმრო, რომელმაც დაიქირავა პერსონალი და გადაამზადა ის, რათა სტუმრისთვის გაეწიათ პერსონალიზებული და უაღრესად ყურადღებიანი მომსახურება. იგი ორიენტირებული იყო დეტალებზე, როგორიცაა თეთრეული, სამზარეულო, სხვადასხვა სივრცე შენობაში, ექსტერიერი და სხვა.

დროთა განმავლობაში Ritz-Carlton-ის ბრენდი გასცდა აშშ-ის საზღვრებს და სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა, როგორც ქსელი.

ამერიკული ისტორია

Ritz-Carlton-ის ამერიკული ისტორია 1911 წელს დაიწყო, როდესაც ბოსტონში გაიხსნა პირველი სასტუმრო Ritz-Carlton-ის სახელწოდებით. ბოსტონელი ბიზნესმენების ჯგუფმა, მათ შორის გავლენიანმა ალბერტ კელერმა, შთაგონება მიიღო სეზარ რიცის პარიზული ხედვიდან და გახსნა გრანდიოზული სასტუმრო ქალაქის გულში. შენობა დააპროექტა არქიტექტორმა, უილიამ ჯი პრესტონმა, რომელიც რიცის ორიგინალურ იდეებს იზიარებდა.

ბოსტონის Ritz-Carlton სწრაფად გახდა დახვეწილობისა და ელეგანტურობის სიმბოლო, მიიპყრო მდიდარი სტუმრების ყურადღება მთელი მსოფლიოდან. სასტუმრომ შექმნა ახალი სტანდარტი ამერიკული სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში თავისი გრანდიოზული დეკორით, მდიდრული კეთილმოწყობითა და უნაკლო სერვისით.

გაფართოება და ზრდა

ბოსტონური წარმატების მერე Ritz-Carlton-ის ბრენდი გაფართოვდა შეერთებულ შტატებში და გახსნა დამატებითი სასტუმროები ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში. თითოეული სასტუმრო იცავდა Ritz-Carlton-ის ფილოსოფიას და ბრენდის საერთაშორისო რეპუტაციას.

1920-იან წლებში Ritz-Carlton კიდევ უფრო გაფართოვდა და შეიძინა ქონება მსოფლიოს სხვა წერტილებში. 1927 წელს Ritz-Carlton Chicago გაიხსნა. მიუხედავად დიდი დეპრესიის გამოწვევებისა, ის განაგრძობდა აყვავებას. 

1980-იან და 1990-იან წლებში The Ritz-Carlton-მა განიცადა ტრანსფორმაცია მისი ახალი მშობელი კომპანიის, Marriott International-ის ხელმძღვანელობით. ბრენდი გახდა Marriott-ის პორტფოლიოს ნაწილი, რამაც საშუალება მისცა, გაეფართოებინა გლობალურად, კარიბის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებით. 

დღეს Ritz-Carlton-ს 100-ზე მეტი ლოკაცია აქვს მთელ მსოფლიოში, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, აზიას, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს. მალდივის მზიანი პლაჟებიდან ნიუ-იორკის ხმაურიან ქუჩებამდე, Ritz-Carlton გთავაზობთ ფუფუნების უმაღლეს სტანდარტებს. 

ბრენდმა მოიპოვა მრავალი აღიარება, მათ შორის, მიშლენის მრავალი ვარსკვლავი და ჯილდოები ბრწყინვალე სტუმართმოყვარეობისთვის. 21-ე საუკუნეში The Ritz-Carlton-მა გააფართოვა თავისი პორტფელი და მოიცავს რეზიდენციებს, კერძო კლუბებს და მდიდრულ კურორტებს. ამის მიუხედავად, აგრძელებს სეზარ რიცის მემკვიდრეობის შენარჩუნებას. კომპანია ამჟამად Marriott International-ის შვილობილად რჩება.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ელემენტ ჰოლდინგი კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს მფლობელი გახდა

რეკლამა მონიტორზე, რომელშიც შენც მონაწილეობ – Outdoor Effect Georgia-სგან