23
Jul
2019

რივენდელი – ახალი ბუტიკ სასტუმრო ბორჯომში

23 Jul 2019

Rivendell – თუკი “ბეჭდების მბრძანებელი” გიყვართ, ეს სიტყვა ელფების სამფლობელოს გაგახსენებთ. ისე, ზოგადად კი, “ბოლო მშვიდობისმოყვარე სახლს” ნიშნავს. ასეთი სახლის პოვნა, თანაც ზუსტად ამ სახელით, ბორჯომის პარკთან ახლოს შეგიძლიათ. სიმშვიდისა და სიმყუდროვის გარდა, აქ ორიგინალურ, ხეში გაწყობილ გარემოს შეხვდებით, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად დაგამახსოვრებთ თავს. რივენდელის ისტორიისა და სამომავლო გეგმების შესახებ მის დამფუძნებელს, ნათია თევზაძეს გავესაუბრეთ:

M: საიდან გაჩნდა სასტუმროს შექმნის იდეა?

სასტუმროს იდეა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების/ მოგზაურობის შედეგად გაჩნდა. ტურიზმის ინდუსტრია ბოლო რამდენიმე წელია, საგრძნობლად შეიცვალა – აქცენტი ნელ-ნელა კეთდება გამცდილებაზე და არა აუცილებლად მაქსიმალურ კომფორტზე/ სტანდარტულ სერვისებზე. ამის ფონზე საქართველოში დომინირებს ორი სეგმენტი 1. მაღალი კლასის სასტუმროები – ე.წ. დელუქსი მომსახურებით და შესაბამისად, მაღალი ფასით. 2. აპარტამენტები, რომლებიც სთავაზობენ მისაღებ კომფორტს (მინიმალური მომსახურებით) და შეღავათიან ფასს. ნაკლებად არის ბაზარზე კონცეპტუალური (ე.წ. ბუტიკ სასტუმროები) საკუთარი ნიშით. ეს არის საშუალო სეგმენტი, რომელიც რისკიანია, რადგან წინასწარ არ იცი, თუ როგორ მიიღებს ბაზარი.

იდეაც აქედან გაჩნდა. გადავწყვიტეთ, რაღაც ახალი, უნიკალური შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის და გაამართლა. გვიხარია, რომ სასტუმრო მოსწონთ როგორც უცხოელ, ასევე ქართველ დამსვენებლებს. რივენდელი 2018-ში booking.com მა სტუმრების რჩეულ სასტუმროდ დაასახელა (ე.წ. Guest Reward მივიღეთ); ხოლო2019 წელს ჯერჯერობით 9.3 რეიტინგით უძღვება.

M: კონკრეტულად, რას სთავაზობს მომხმარებელს სასტუმრო რივენდელი?

სასტუმრო რივენდელი ე.წ. ბუტიკ სასტუმროა – აქვს სხვებისგან განსხვავებული კონცეფცია, რაც, სხვა ბევრ თავისებურებასთან ერთად, გამოიხატება უნიკალურ დიზაინსა და სტუმრებისადმი ინდივიდუალურ მიდგომაში.

რივენდელი ბორჯომის ცენტრალურ პარკს 4 კმ-ითაა მოშორებული და ჩადგმულია პატარა მდინარის პირას, გარშემო მთების ხედით. ეს ქმნის სიმყუდროვეს და “სოფელში სახლის” შეგრძნებას, რასაც ჩვენი სტუმრები ყველაზე მეტად აფასებენ. სასტუმროს აქვს 9 ნომერი და განეკუთვნება ე.წ. ეკო მეგობრული სასტუმროების ტიპს (ყველა ოთახში დგას ნაძვის ხის სუნი, რადგან ოთახები ხეშია ჩასმული და კერძები ორგანული პროდუქციით მზადდება – სასტუმროს ბოსტნიდან). სასტუმროს ყველა ოთახი არის სხვადასხვა ფერის და აქვს განსხვავებული ვინტაჟური დიაზინი -ქართულ-ევროპული ელემენტებით. მომხმარებელს ვთავაზობთ რამდენიმე ენოვან ბიბლიოთეკას, ბოსტანს, რომელშიც თავად დაკრეფენ ბოსტნეულს, ღია კინოთეატრს, ველოსიპედებს, ქართულ სამზარეულოს, ვინილების კოლექციას, ბუხარს, სახლში დაწურულ და ჩამოსხმულ ღვინოებს, და, რაც მთავარია, სურვილს, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით წავიდნენ ჩვენგან.

M: რატომ რივენდელი?

ალბათ იმიტომ, რომ ლამაზად ჟღერს და ასევე იმიტომ, რომ ბეჭდების მბრძანებელი გვიყვარს და სასტუმრო სულ გაგვახსენებს მას. ასევე, საინტერესოდ ისმინება, როცა ჩვენი სტუმრები ამბობენ რივენდელში მივდივართო – თავი ტოლკინის სამყაროში გვგონია.

M: როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა მოვიდეს თქვენთან სტუმარი?

ჩვენი სასტუმრო, პირველ რიგში, არის გამოცდილება – რაღაც უნიკალურის გამოცდა. სტუმარზეა დამოკიდებული, რა სურს – ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაფერმა შეიძლება მიიზიდოს სტუმარი. ყველაზე მეტად მაინც სამზარეულოს და თანამშრომლებს გამოარჩევენ. სასტუმროში ფუნქციონირებს მცირე ზომის რესტორანი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ქართული კერძების დიდ არჩევანს. თანამშრომლებს რაც შეეხებათ, რეკორდული შეფასება აქვთ booking.com ზე – 9.8. სასტუმროს მენეჯერს, ისევე როგორც მფლობელებს, აქვთ ინდივიდუალური მიდგომა – სტუმრებთან საუბარი, საქართველოზე საინტერესო ფაქტების გაცნობა, ტურების დაგეგმვა.

M: ვისთვის არის რივენდელი? 

საინტერესო ადამიანებისთვის. ადამიანებისთვის, ვისაც სურთ, ცოტა ხნით გარე სამყაროს მოწყდნენ და სოფელში “ბავშვობის დასვენება” გაიხსენონ.

ფასების მხრივ კი, საშუალო სეგმენტზე ვმუშაობთ – 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებზე ბევრად დაბალი, თუმცა აპარტამენტებზე – მაღალი ფასი გვაქვს. ფასი უცხოელებისთვის იაფიც კი არის, ქართველების უმრავლესობისთვის – ხელმისაწვდომი, ასე ვიტყოდი.

M: საინტერესო გამოცდილებებს ხომ ვერ გაიხსენებდით?

შოტლანდიელი წყვილი, რომელიც 1 დღით ჩამოვიდა, დისტანციურად სამუშაოდ დარჩა ერთი თვით. გვითხრეს, რომ თავისი ბებიის სახლი გაახსენდათ, რომელშიც ინტერნეტი და გემრიელი საჭმელია. რივენდელში მუშაობისთვის საკმაოდ კარგი გარემოა, რადგან ეზო კეთილმოწყობილია და სიწყნარეა დღის განმავლობაში.
ასევე, ფრანგი გოგონა, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა 1 კვირით დარჩა ჩვენთან. ასე ვთქვათ, “ვიშვილეთ” – ჩვენი ოჯახის ცხოვრებით ცხოვრობდა, ყველგან თან დაგვყვებოდა. ქვეყანას არაჩვეულებრივი შეფასება დაუწერა.

ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ელჩიც გვყავდა სტუმრად. წინასწარ არ გაგვაფრთხილა, რომ მიდიოდა, შემდეგ გვითხრა, მინდოდა, ჩემთვის დამესვენაო.. დადებითი შთაბეჭდილებებით წავიდა ჩვენგან. ერთხელ, რამდენიმე წყვილი გერმანიიდან მოვიდა სხვადასხვა დროს ერთმანეთის რეკომენდაციით – მსოფლიო მართლა როგორ დაპატარავდა!

M: სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

სამომავლოდ მომსახურებას გავხდით მრავალფეროვანს. განვიხილავთ ე.წ. ფუტკრების ტურებისა და სოფლის ცხოვრების ტურების მოწყობას – ძალიან პოპულარულია ევროპაში და საქართველოშიც ნელ-ნელა ფეხს იდგამს.

[R]

განხილვა