in

„გამარჯვებას რა უნდა?“ – „რკენას“ შემოქმედებითი გუნდი გვიყვება, როგორ შეიქმნა ახალი ქართული MMA ბრენდი

„გამარჯვებას რა უნდა? გამარჯვებას რა უნდა?“ – თუკი „რკენას“ ვიდეორგოლი ერთხელ მაინც ნახეთ, ამ სიტყვებს მისი მელოდიით წაიკითხავდით. ახალმა ქართულმა MMA პლატფორმამ საზოგადოებას თავი ემოციური და შთამბეჭდავი კამპანიით გააცნო, ცოტა ხნის წინ კი, უკვე პირველ მასშტაბურ ღონისძიებასაც უმასპინძლა. მასშტაბური დასაწყისის მიღმა დიდი მიზანი დგას – შეიქმნას ეკოსისტემა, რომელიც ნიჭიერ ათლეტებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაში დაეხმარება.

„რკენა“ საინტერესოა ბრენდინგის თვალსაზრისითაც. სახელდება ატარებს იმ ქართულ, ავთენტურ საბრძოლო სულისკვეთებას, რომელიც ჩვენს კულტურაში ღრმადაა ფესვგადგმული, ვიზუალური იდენტობა კი გამბედავ, გამარჯვებისთვის განწყობილ მტკიცე ხასიათს ასახავს. პლატფორმის შექმნასა და განვითარებაში აქტიურად არის ჩართული Setanta Sports-ის შემოქმედებითი გუნდი, რომელიც მებრძოლთა მხარდაჭერის გარდა, ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხისთვის ქმნის კონტენტს. სახელდებასა და საკომუნიკაციო ვიდეორგოლზე სააგენტო Advan-მა იმუშავა, ვიდეორგოლის მელოდია კი Avira Sounds-ის შემოქმედებაა და „საჭიდაოს“ შთაგონებით შეიქმნა. როგორ იქცა ქართული საბრძოლო ხასიათი თანამედროვე ბრენდად და რა გზა გაიარა ორგანიზაციამ დაფუძნებიდან პირველ ღონისძიებამდე – დეტალებზე გვესაუბრნენ: ანანო დოდელია, AdVan-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, გიორგი დოდელია – „რკენას“ დამფუძნებელი, ნათია ნოზაძე, Setanta Sports-ის ბრენდ ლიდი, თათა ჩიკვილაძე – Setanta Sports-ის ფროდაქშენის ხელმძღვანელი, ქეთა ქარჩავა ქომიუნითის იმფექთის ლიდი და სალომე ყალიჩავა – ქომიუნითის იმფექთის ხელმძღვანელი.

M: „რკენა“ საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი ვიდეორგოლით გამოჩნდა. როგორ ჩამოყალიბდა კამპანიის კონცეფცია და რა გზავნილის მიტანა გსურდათ აუდიტორიამდე?

ანანო დოდელია: ჩვენთვის მთავარი ამოცანა ქართული ხასიათის წარმოჩენა და იმის ხაზგასმა იყო, რომ ამ სპორტში მარტივი გზები არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მთელი ვიდეორგოლის კონცეფცია დავაფუძნეთ ფრაზაზე – „გამარჯვებას რა უნდა?“.

გვსურდა, მაყურებლისთვის გვეჩვენებინა ყველა ის ეტაპი, სირთულე და შინაგანი ბრძოლა, რასაც მებრძოლი გამარჯვებამდე მიჰყავს. აქცენტი გავაკეთეთ არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, არამედ იმ მენტალურ მდგომარეობაზე, რომელიც რეალურად განსაზღვრავს ათლეტის გზას: ნებისყოფა, სიმტკიცე, რწმენა და საკუთარი თავის მუდმივი გადალახვა.

გვქონდა ბევრი რეალური მაგალითი, თუ როგორ მიაღწიეს ათლეტებმა წარმატებას, შესაბამისად, ეს ყველაფერი გავამხატვრულეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ. ვიდეორგოლისა და კამპანიის მთავარი მიზანი ასევე იყო ნებისმიერი ადამიანისთვის მოტივაციის მიცემა – არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა სპორტში, გამარჯვების გზა ყველას ჩვენი გვაქვს და გვსურდა, ეს ყველასთვის სამოტივაციო კამპანია ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გამოგვივიდა: სოციალურ ქსელში ხშირად მხვდება ვიდეოები, სადაც ჩვენი მუსიკისა და ტექსტის ფონზე ზოგი სახლს აშენებს, ზოგი მუშაობს, ზოგიც ვარჯიშობს. ეს ნიშნავს, რომ მთავარი მიზანი შესრულდა.

ვიზუალური სტილიც განსხვავებულია – დავამძიმეთ ემოციური ტონალობა და მებრძოლები, მეტწილად, საკუთარ თავთან „ჭიდილის“ პროცესში წარმოვაჩინეთ. არ გვსურდა სტანდარტული ჩხუბის სცენების გამოყენება, რადგან კამპანიის მიზანი იყო არა ტექნიკის დემონსტრირება, არამედ ხასიათის, განწყობისა და ნამდვილი ქართული სიმტკიცის გადმოცემა. საბოლოოდ, ვიდეორგოლში სწორედ ეს შინაგანი ენერგია უნდა ყოფილიყო მკაფიოდ გამოკვეთილი – ის ძალა, რომელიც ქართველ მებრძოლს გამარჯვებამდე მიჰყავს.

M: როგორი იყო უშუალოდ ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესი და რა გამოწვევები ახლდა თან გადაღებებს?

ანანო დოდელია: პროდიუსერები საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე იდგნენ, რადგან გვჭირდებოდა ბევრი სხვადასხვა ლოკაცია, ავთენტური გარემო და ბევრი დღე გადაღებისთვის. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მხატვრობასაც, რაც ძალიან კარგად მოახერხა ლიზა ყაჯრიშვილმა. პროექტზე მუშაობდა ჯგუფი, რომელიც ტექნიკურად გვეხმარებოდა ბიჭების ჰაერში აფრენის სცენებზე, რაც ასევე არ იყო მარტივი გასაკეთებელი. მოკლედ, ბევრი ვიმოგზაურეთ, გავიცანით მებრძოლები და დიდ შრომასთან ერთად, ყველამ დიდი სიამოვნება მივიღეთ. ამ ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესი იყო ალბათ ყველაზე სასიამოვნო ჩემს გამოცდილებაში. ზოგადად, არასდროს მენატრება ხოლმე ჩავლილი გადაღების დღეები, თუმცა ამ პროექტზე მუშაობის პერიოდი ძალიან მენატრება.

M: შეუძლებელია გვერდი ავუაროთ დინამიკურ მუსიკას – როგორ ადაპტირდა ნაცნობი ქართული მელოდია „რკენასთან“?

ანანო დოდელია: მახსოვს ის მომენტი, როცა თავში უცბად გამიელვა მელოდიამ და კითხვამ – „ჭიდაობას რა უნდა?“. დავიწყე მუსიკალური ვერსიების მოძიება, ბევრი ვარიანტი არ იყო, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ თუ ეს მუსიკა გამოვიდოდა, ვიდეორგოლი ძალიან ემოციური და მამოტივირებელი იქნებოდა.

მოვიპოვეთ ლიცენზია და მუსიკალური მხარე Avira Sounds-ს გადავაბარეთ. მახსოვს, გადაღებაზე ვიყავით, როცა შეცვლილი მუსიკის პირველი „დრაფტი“ მოვიდა. იმდენად ეფექტური იყო, რომ გადაღების ის დღე ფაქტობრივად ჩაგვივარდა, რადგან ორ წამში ერთხელ თავიდან ვრთავდით და ვუსმენდით.

რაც შეეხება ტექსტს, მასზე სააგენტო „ედვენმა“ (Advan) ვიმუშავეთ. თავიდან იყო მოსაზრება, რომ ტექსტი ზედმეტად ბევრი იყო, თუმცა ვფიქრობ, დღეს, ის ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რაც მოტივაციის ამაღლების განწყობას ქმნის.

M: როგორ შეარჩიეთ სახელდება „რკენა“ და როგორია ვიზუალური იდენტობის სიმბოლური დატვირთვა?

ანანო დოდელია: სახელდებაზეც სააგენტო „ედვენში“ ვიმუშავეთ. ქართული სახელწოდების შერჩევა გვინდოდა და როდესაც ძიება დავიწყეთ, მალევე მივაგენით სიტყვას „რკენა“, რაც „კაცთა ჭიდილს“ ნიშნავს – ამით უკვე ყველაფერი იყო ნათქვამი. თუმცა, იყო ბევრი კამათი იმაზე, რომ რაგბის სპორტში დამკვიდრებული ტერმინისკენ – „შერკინებისკენ“ არ წავსულიყავით. საბოლოოდ, მაინც „რკენა“ გადაწყდა, რადგან ამ სიტყვის ფუძე რეალურად მთავარ შინაარსს ატარებდა.

ვიზუალურ სტილზე სალი ნიკოლაიშვილმა იმუშავა და ძალიან საინტერესო, თანამედროვე და ამავდროულად ქართული ხასიათის ვიზუალური იდენტობა შექმნა. მთავარია, გუნდს ჰქონდეს შეგრძნება და სწორი ხასიათი დაიჭიროს. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ „რკენა“ უკვე გახდა ბრენდი, რომელიც ყველანაირ ადამიანს აერთიანებს მის გარშემო და რომელიც ხალხისთვის ძალიან მამოტივირებელია.

M: როგორია „რკენა“, როგორც ბრენდი და ორგანიზაცია და რას ეფუძნება თქვენი ხედვა კონტენტის თვალსაზრისით?

ქეთა ქარჩავა: პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ „რკენა“ არის ახალი სიტყვა ქართულ MMA-ში. მთავარი გამოწვევაც სწორედ ეს გახლდათ – ორგანიზაციული იდენტობა ზუსტად შეგვესაბამებინა სახელწოდებისთვის. გვინდოდა, ვყოფილიყავით ისეთივე ქართული, ავთენტური, თანამედროვე და უნიკალური, როგორიც თავად სიტყვა „რკენაა“ – რაღაც, რაც თითქოს ჯერ არ თქმულა, მაგრამ ძალიან ნაცნობად და მშობლიურად ჟღერს.

საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვისას მთავარ ინსაითს მივაგენით: აუდიტორიას, ისევე როგორც ჩვენ, ყველაზე მეტად ადამიანური ისტორიები აინტერესებს. ვინ არიან ეს მებრძოლები? რა გზა გაიარეს აქამდე? შესაბამისად, კონტენტ-მარკეტინგის მთავარი ღერძი სწორედ ათლეტების გაცნობა გახდა. მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენი გზავნილები ერთნაირად გასაგები და მიმზიდველი ყოფილიყო ორივე აუდიტორიისთვის: როგორც MMA-ს ერთგული ქომაგებისთვის, ისე მათთვის, ვისთვისაც „რკენა“ საბრძოლო ხელოვნებასთან პირველი შეხება იქნებოდა – ზუსტად ისე, როგორც ეს პირადად ჩემ შემთხვევაში მოხდა.

ამ მიზნის მისაღწევად, ფაქტობრივად, ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხი ავითვისეთ. გვინდოდა, ბრენდის ხმა მაქსიმალურად ფართო აუდიტორიას გაეგო და „რკენა“ მათთვისაც ისეთივე საყვარელი გამხდარიყო, როგორიც ჩვენთვის გახდა მუშაობის პროცესში.

ნათია ნოზაძე: „რკენა“ ქართულ შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) ახალი ერის დასაწყისია – განაცხადი ხარისხსა და ტრანსფორმაციაზე. ეს არის ადგილი, სადაც ადგილობრივ ტალანტებს საერთაშორისო დონის ათლეტებად ჩამოყალიბების რეალური შანსი ეძლევათ. ორგანიზაციის მთავარი მიზანია, საქართველო და მთელი რეგიონი სპორტული თვალსაზრისით თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანოს. ჩვენი ფილოსოფია მიზნად ისახავს რეგიონში აღქმის შეცვლას: MMA ქაოსური სანახაობიდან უნდა იქცეს დისციპლინირებულ და პრესტიჟულ სპორტად. „რკენას“ შემოაქვს თამაშის ახალი წესები, რაც გულისხმობს მებრძოლების პროფესიულ ზრდას, ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზებასა და სამართლიან გარემოს.

სალომე ყალიჩავა: „რკენა“ მომავლის MMA ორგანიზაციაა, რომელიც რეგიონში ამ სპორტის კულტურის ტრანსფორმაციასა და მაღალი სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. კონტენტის მთავარი ღერძი ადამიანური ისტორიაა: მებრძოლი, რომელიც ვითარდება და მიდის გამარჯვებისკენ. ვცდილობთ, ტრადიციული სპორტული მიდგომებისა და პერსონალური სთორითელინგის სინთეზით ეს ამბები ადამიანებამდე მივიტანოთ და ისინი ჩვენს გულმხურვალე გულშემატკივრებად ვაქციოთ.

M: როგორია „რკენა“ კადრს მიღმა?

თათა ჩიკვილაძე: პროექტ „რკენას“ შექმნისას, ალბათ, ყველაზე ღირებული ის ერთიანი განზრახვა იყო, რომელმაც ათეულობით ადამიანი გააერთიანა – სურვილი, შეგვექმნა რაღაც მართლაც განსაკუთრებული. მხოლოდ დაგეგმარების ეტაპიც კი შეხვედრების დაუსრულებელ კასკადად იქცა. გვქონდა მრავალშრიანი და მრავალცვლადიანი ამოცანა, თუმცა ამ რთულ პროცესში, ახლაც კი გვიჭირს გავიხსენოთ მომენტი, როცა იდეის ან მისი აღსრულების ირგვლივ ვიკამათეთ.

იშვიათია შემთხვევა, როცა რამდენიმე განსხვავებული ტიპის „ფროდაქშენ“ კომპანია ერთ პროექტზე მუშაობს და არავის აწუხებს ამბიცია, რომ მაინცდამაინც მისი აზრი უნდა იყოს პრიორიტეტული. „რკენა“ სწორედ ასეთი, ეგოსგან დაცლილი სინერგიის მაგალითი იყო.

ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ქართული რეალობისგან სრულიად განსხვავებული, მაღალი ხარისხის პროდუქტი – როგორც ლაივ-ტრანსლაციის, ისე სპორტის მიღების გამოცდილების კუთხით. შედეგიც შესაბამისი დადგა. ხშირად ისმოდა კითხვები: „ვინ გააკეთა ეს? უცხოელებმა? ექსპერტები ჩამოიყვანეთ UFC-დან?“

გულშემატკივრებსა თუ სკეპტიკოსებს, შეგვიძლია ამაყად ვუთხრათ: არანაირი უცხოელი ექსპერტი ან „გურუ“ პროცესს ახლოსაც არ გაკარებია. ეს შევქმენით ჩვენ – ადამიანებმა, ვისაც გვინდოდა, გაგვეკეთებინა რაღაც განსაკუთრებული არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც.

ვფიქრობ, ის დადებითი უკუკავშირი, რაც მივიღეთ, სწორედ ამ გუნდური მუშაობის შედეგია. და მართალია, ჩვენი გუნდის უმრავლესობამ „რკენა“ საეთერო ოთახების პატარა ეკრანებში, კამერის ლინზებსა და „მონიტორებში“ მოჭუტული თვალით ვნახეთ, მაგრამ ჩემთვის ეს იყო საუკეთესო უძილო ერთი თვე. იმიტომ, რომ ჩვენ ეს გამოგვივიდა. ამ უნიკალური გამოცდილებით კი, უკვე „რკენა II“-ის დაგეგმვას ვაგრძელებთ.

M: „რკენას“ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს „სეტანტას“ გუნდს – რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც შემოქმედებისთვის, ასეთი პლატფორმის დაბადება?

სალომე ყალიჩავა: ყველაზე საინტერესო პროცესია ადამიანების შემოკრება „რკენას“ ირგვლივ. ყველაფერი ნული გამომწერით დავიწყეთ, ამიტომ თითოეულ უკუკავშირს, კომენტარსა თუ გაზიარებას განსაკუთრებული ყურადღებით ვეპყრობით. ვცდილობთ, აუდიტორია კონტენტის შექმნის თანამონაწილედ ვაქციოთ.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ჩვენ და ის კომუნა, რომელიც ახლა იბადება, აუცილებლად ვიამაყებთ, რომ „რკენას“ დასაწყისიდანვე ვიცნობდით და ვგულშემატკივრობდით, სანამ ის საყოველთაოდ პოპულარული გახდებოდა. სპორტის გულშემატკივრისთვის ხომ აღმოჩენის სიხარული და პირველობის განცდა ყველაზე მნიშვნელოვანია!

ნათია ნოზაძე: ჩვენთვის „რკენას“ შექმნა ნიშნავს ისეთი სივრცის ჩამოყალიბებას, რომელიც მუდმივ პროგრესსა და სრულყოფილებაზე იქნება ორიენტირებული. Setanta Sports-ში ამ იდეის დიდი მომავლის ვირწმუნეთ და გადავწყვიტეთ, რომ ახალ ორგანიზაციას ამბიციურ გზაზე მხარში ამოვდგომოდით. სპორტული ღონისძიებების 14 ქვეყანაში ტრანსლირების საშუალება გვაქვს, რაც გვაძლევს მყარ გარანტიასა და რესურსს, რომ ჩვენი ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანოთ. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ სანახაობას. „რკენა“ არის ორიგინალური ქართული პროდუქტი, რომელიც დაამკვიდრებს MMA-ს მაღალ კულტურას და გულშემატკივარს სრულიად განსხვავებულ, უმაღლესი კლასის გამოცდილებას შესთავაზებს.

M: როგორია „რკენას“ შემოქმედებითი სამუშაო გარემო?

ქეთა ქარჩავა: ხშირად ვამბობთ, რომ სინამდვილეში „რკენა“ ამ პროექტზე მუშაობის ყოველ დღეს, ჩვენს ოფისში იმართება. შეიძლება იკითხოთ – „რკენას კონტენტის შექმნას რა უნდა?“. გეტყვით, რომ ამასაც სჭირდება სიმამაცე, შემართება და თავდაჯერება. თუმცა, ყველაზე მეტად, საქმის სიყვარული და სირთულეების მიუხედავად, პროცესით ტკბობაა საჭირო. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენც ისევე მზად ვართ ახალ გამოწვევებთან შესარკინებლად, როგორც ჩვენი მებრძოლები.

M: როგორია ბრენდის სტრატეგია და განვითარების ხედვა?

გიორგი დოდელია: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რკენა“, როგორც ბრენდი, რეკორდულ დროში – სულ რაღაც 2.5 თვეში შედგა. ამ შედეგს სწორმა სტრატეგიამ შეუწყო ხელი: ბაზარზე ეფექტურმა პოზიციონირებამ, თანმიმდევრულმა კონტენტ-მარკეტინგმა და სოციალური მედიის სწორმა მართვამ.

განსაკუთრებული როლი ითამაშეს თავად მებრძოლებმაც, რომლებიც რინგს მიღმა, კონტენტ-კრეატორების როლსაც იდეალურად ითავსებდნენ.

29 ნოემბრის ღონისძიება კი კულმინაცია აღმოჩნდა. მიუხედავად გუნდის შიდა დადებითი პროგნოზებისა, რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა – თბილისის სპორტის სასახლე გულშემატკივრით სრულად შეივსო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აუდიტორიის დიდი ნაწილისთვის ეს პირველი ცოცხალი შეხება იყო MMA-სთან, თუმცა მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ისინი უკვე ერთგულ გულშემატკივრებად აქცია.

სამომავლო გეგმები ამბიციურია: 2026 წელს ვგეგმავთ მასშტაბირებას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. პარალელურად, აქტიურად ვეძებთ ახალ ტალანტებს და ვავითარებთ ციფრულ არხებს, სადაც ზრდის ტემპი შთამბეჭდავია – 4 საათში გაორმაგებული აუდიტორია ამის ნათელი დასტურია. „რკენა 1“-ის წარმატება კი გუნდის პროფესიონალიზმისა და პროექტისადმი რწმენის და სიყვარულის შედეგია.

როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. სულ რაღაც 2.5 თვეში შემდგარი ბრენდი 2026 წლისთვის უკვე საერთაშორისო მასშტაბებსა და გაფართოებას უმიზნებს. „რკენამ“ თამასა მაღლა ასწია – როგორც სპორტული ეკოსისტემის, ისე სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით. ახლა კი ჯერი განვითარების მომდევნო ეტაპზეა, სადაც ქართული საბრძოლო ხასიათი და „გამარჯვებისთვის საჭირო“ განწყობა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც უნდა გავიდეს.

[R]

„მთავარია, ადამიანს მივცე პროფესია, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის“ – ლაშა ქარელი, ბაუმერის აკადემიის ლექტორი

ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად – კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა