2016 წლის დეკემბერში, ქართულ ბაზარზე ბავშვის ტანსაცმლის ახალი ბრენდი – RKO გამოჩნდა. კომპანია სამმა მეგობარმა: თაკო მეგრელიშვილმა, ნინო მესარკიშვილმა და თამუნა მესარკიშვილმა შექმნეს. “რკო” ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისგან შექმნილ, ფერად ტანისამოსსა და აქსესუარებს სთავაზობს, 0-დან 10 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს. მარკეტერი კომპანიის შექმნის ისტორიასა და გამოწვევებზე ერთ-ერთ დამფუძნებელს – თაკო მეგრელიშვილს ესაუბრა:
M: თაკო, როგორ გაგიჩნდათ საბავშვო ტანსაცმლის ბრენდის შექმნის იდეა?
ორსულობის პერიოდში, ძალიან მინდოდა მომავალი შვილისთვის, ჩემი ხელით შექმნილი სამოსი
ჩამეცვა. ქსოვა არ ვიცოდი, თუმცა ვისწავლე. ჩემ გარდა, ჩემ მიერ მოქსოვილ ტანსაცმელს, ჩემი მეგობრებიც კარგად იყენებდნენ, თავიანთი ბავშვებისთვის. მსგავსი სიტუაცია იყო თამუნას შემთხვევაშიც, ორსულობის პერიოდში ისიც ქსოვდა შვილისთვის სამოსს. რაც შეეხება ნინოს, მას მოსწონდა და ეხერხებოდა კერვა. მთავარი იდეა, რომელმაც გაგვაერთიანა, იყო ის, რომ ჩვენი და სხვების შვილებისთვის ხარისხიანი, ბუნებრივი და კომფორტული ტანსაცმელი შეგვექმნა. დავიწყეთ სახელზე, ლოგოზე და მსგავს საკითხებზე მუშაობა. “რკოს” ლოგოს შექმნაში გიორგი პოპიაშვილი დაგვეხმარა. ჩვენი აღქმით, რკო ჯანსაღ ბუნებასთან ასოცირდება სახელიც აქედან გაჩნდა, ამით ბავშვების ბუნებასთან სიახლოვეს გამოვხატავთ.
M: როგორია ტანისამოსის შექმნის პროცესი და რა სახის პროდუქცია გაქვთ კოლექციებში?
ვთანამშრომლობთ ატელიესთან, სადაც ჩვენი დიზაინი, ასევე, ქსოვილები მიგვაქვს და გვიკერავენ. ქსოვის საჭიროების შემთხვევაში, ვთანამშრომლობთ რამდენიმე ადამიანთან, რომელიც ჩვენთვის ასრულებს ამ სამუშაოს. კოლექციებში წარმოდგენილი გვაქვს: კაბები, ჟაკეტები, ქუდები, ბრიჯები, პერანგები და ა.შ.
M: რა უპირატესობები გაქვთ სხვა საბავშვო ბრენდებთან მიმართებაში?
ჩვენი პროდუქცია არის ქართული, ძალიან ხარისხიანი და კომფორტული ბავშვებისთვის. ლამაზი და ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებული. სპეციალურად ჩამოგვაქვს მაღალი ხარისხის ქსოვილები უცხოეთიდან. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ხარისხიანი პროდუქტის მიღება, ამიტომ დეტალებზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამუნა, იღებს ფოტოებს ჩვენი გვერდისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ბიზნესისთვის რისი გაკეთებაც შეგვიძლია, თვითონ გავაკეთოთ. 
M: სად და რა ფასებშია შესაძლებელი თქვენი პროდუქციის შეძენა?
ჯერჯერობით, ვყიდით facebook-ის მეშვეობით, გვაქვს უფასო საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით. მიტანა ხდება მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის განმავლობაში. ფასწარმოქმნისას გავითვალისწინეთ ქართული ბაზრის სპეციფიკა, ვეცადეთ მოვრგებოდით მას. ფასები არის 35-დან 80 ლარამდე, რა თქმა უნდა, გააჩნია პროდუქტს.
M: რამდენი კოლექცია გაქვთ შექმნილი და როგორია მათზე მოთხოვნის მაჩვენებელი?
მოთხოვნა საკმაოდ დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბაზარი არ არის დიდი, ხანდახან არის შემთხვევა, როცა მოთხოვნას ვერ ვეწევით. ვფიქრობთ, ის ფაქტორი, რომ ქართული პროდუქტს ვქმნით, დიდწილად იწვევს დაინტერესებას, რადგან, ამ შემთხვევაში, ნდობის და ხარისხიანობის შეგრძნება მეტია. არის შემთხვევები, როცა ჩვენი პროდუქცია საჩუქრის სახით გადის უცხოეთში და იქიდან ძალიან დადებით შეფასებებს ვიღებთ. რაც შეეხება კოლექციას, ჩვენ გვქონდა ზამთრის კოლექცია, ახლა გაზაფხულის გვაქვს და ვმუშაობთ საზაფხულო კოლექციაზე. 
M: “რკოს” სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით..
სამომავლოდ ვაპირებთ ჩვენი პროდუქციის კონცეპტუალურ მაღაზია Flying Painter-ში განთავებას. გეგმაში გვაქვს საკუთარი წარმოების, ატელიეს შექმნა და სისტემატიზაცია, სადაც გვეყოლება თანამშრომლები. ეს არის ძალიან ახლო პერსპექტივა. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე მოლაპარაკება, რომელიც ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანას უკავშირდება.














