in

RMG: “ჩვენი სტრატეგია ქართულ ბიზნესში CSR-ის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას ითვალისწინებს”

“კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა” ქართულ ბიზნეს სამყაროში სულ უფრო აქტუალური ცნება ხდება. კომპანიები მკაფიოდ განსაზღვრავენ ღირებულებებს, რომლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობასაც იღებენ საკუთარ თავზე. განათლება, კულტურა, სპორტი, ადგილობრივი თემის გაძლიერება – ეს “რიჩ მეტალს გრუპის” RMG საკვანძო სფეროებია. კომპანიის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ადგილობრივ სოციალურ პროექტებს, მათ შორის, ბოლნური ღვინის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო ჰაბ “იდეების ლაბორატორიასა” და სხვა ჩანაფიქრებს. “არემჯიმ” “საუკეთესო CSR-ის” მქონე კომპანიის ტიტულიც მოიპოვა ბიზნესრეიტინგის მე-20 დაჯილდოებაზე და ამ მიმართულებით, სათქმელიც ბევრი დაუგროვდა. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ გადაწყვიტა, განხორციელებული პროექტების შესახებ ეამბნა და მასში მონაწილე ადამიანები ფართო საზოგადოებისთვის ვიდეორგოლის საშუალებით გაეცნო. მაინც, რას მოიცავს “არემჯის” CSR პროექტები? როგორია უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები? ჩვენს კითხვებს „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნატალი ნოზაძე პასუხობს.

BOG
BOG

M: რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი მიმართულების კომპანიისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა?

“არემჯისთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც ინტეგრირებულია კომპანიის ბიზნეს სტრატეგიაში და ხდება მისი დანერგვა საწარმოს ყოველდღიურ ოპერაციებში.

ბოლო წლებში, ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, აგრო, საგანმანათლებლო, კულტურული თუ სპორტული პროექტის მდგრადი მხარდაჭერით, ვფიქრობთ, ჩვენმა კომპანიამ შეძლო ქართულ ბიზნესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვის კუთხით, ერთ-ერთი მოწინავე პოზიციის მოპოვება. 

გასულ წელს, „არემჯის“ ბიზნესრეიტინგის მე-20 დაჯილდოებაზე „საუკეთესო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის“ ჯილდოც გადაეცა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ მიღწეული შედეგებით დაკმაყოფილებას და მომავალში არაერთი სოციალური პასუხისმგებლობის გრძელვადიანი პროექტისა თუ კამპანიის განხორციელებას ვგეგმავთ, რომლის მთავარი მიზანი რეგიონში არსებული ეკონომიკური, გარემო თუ სოციალური პრობლემების გადაჭრა იქნება.

M: გვიამბეთ, როგორია CSR რიჩ მეტალს გრუპში: რა ტიპის პროექტებზე ხართ ორიენტირებული? 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოპერირების დაწყების დღიდან, „არემჯის“ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ადგილობრივი თემის, მათი სოციალური საჭიროებების უკეთ გაცნობა და შემდგომ, შესაბამისი პროგრამების შეთავაზება წარმოადგენდა. სწორედ ადგილობრივ მოსახლეობასთან ხანგრძლივი და მიზნობრივი კომუნიკაციის შედეგად იქმნება თითოეული პროექტი, რომელსაც კომპანია შემდგომში CSR-ის მიმართულებით ახორციელებს. 

სხვადასხვა სახელოვნებო პროექტის, სპორტსმენებისა და სპორტული გუნდების, შემოქმედებითი ახალგაზრდებისა და კოლექტივების, ბოლნისის მუზეუმის მშენებლობის, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციების,   ბოლნური მეღვინეობის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროგრამებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით, ასეულობით პროექტში, 2012 წლიდან დღემდე, „არემჯის” მიერ განხორციელებული მხარდაჭერა 50 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

M: მოგვიყევით RMG-ის უკვე განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან CSR პროექტებზე

კომპანიას საქმიანობის დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი და შედეგიანი პროექტი აქვს განხორციელებული. მართალია, გამიჭირდება მხოლოდ ერთის ან ორის გამოყოფა, მაგრამ მოგიყვებით იმ ორი საამაყო მიმართულების  შესახებ, რომელიც მოხვდა ჩვენს CSR პროექტებზე გადაღებულ ახალ ვიდეო რგოლში.

  • “არემჯის” სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა / საგანმანათლებლო პროექტი „იდეების ლაბორატორია“

საქართველოს მასშტაბით, წარმატებული მოსწავლეების და სტუდენტების მხარდაჭერა, მათთვის არაფორმალური განათლების მიმართულებით, სხვადასხვა პროექტის ორგანიზება, სტუდენტებისთვის „არემჯის“ სტიპენდიის დანიშვნა – ეს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი მიმართულებაა. 

მინდა ყურადღება გავამახვილო საგანმანათლებლო პროექტზე – იდეების ლაბორატორია“, რომლის მე-2 სეზონის გამარჯვებულიც 2 კვირის წინ გამოვავლინეთ. საფინალო ღონისძიებაზე მიღებული დადებითი მუხტი ამ დრომდე გამომყვა, სწორედ ამიტომ, ამ პროექტის შესახებ მინდა თქვენი მეშვეობით, რაც შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ შეიტყოს.

საგანმანათლებლო პროექტი რეგიონში მოტივირებული სკოლის მოსწავლეების შერჩევას და მათთვის „არემჯის სასწავლო აკადემიაში“ არაფორმალური განათლების კუთხით საუკეთესო ტრენერების მიერ სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. ახალი, პრაქტიკული უნარ-ჩვევებით და ცოდნით „შეიარაღებული“ მონაწილეები ტრენინგების დასასრულს, წერენ პროექტებს. საუკეთესო პროექტი ფინანსდება კომპანიის მიერ და ბავშვებს მისი დამოუკიდებლად განხორციელების საშუალება ეძლევათ.

იდეების ლაბორატორია 2020“-ის ფინალს ბოლნისის ახალი მუზეუმის საპრეზენტაციო სივრცეში 60-ზე მეტი ძალაინ ჭკვიანი, თვალებანთებული, მოტივირებული და მომავალზე ორიენტირებული უფროსკლასელი ესწრებოდა. ეს ახალგაზრდები გვაძლევენ სტიმულს, რაც შეიძლება მეტ საგანმანათლებლო პროექტს დავუჭიროთ მხარი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლისათვის და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ხელს შეუწყობს ამ ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას.

  • ბოლნური ღვინის მხარდაჭერის პროგრამა

ქართული ღვინის რუკაზე ბოლნისი პერსპექტიული ადგილწარმოშობის დასახელებაა, თუმცა დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, ძალიან რთულია საკუთარი ადგილის დამკვიდრება და ტრადიციულ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის ღვინოებისათვის კონკურენციის გაწევა. მიუხედავად ამისა, ბოლო 3 წლის განმავლობაში „არემჯის“ მხარდაჭერით, მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისში” გაწევრიანებულმა მეღვინეებმა და მცირე ტიპის საოჯახო მარნებმა, მოახერხეს ევრო სტანდარტის ლაბორატორიებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნიადაგების კვლევა, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღება და „ბოლნური ღვინის“ სახელის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ მთავარი მიზანი უძველესი ქართული ტრადიციის – ღვინის ქვევრში დაყენების კულტურის აღდგენა ბოლნისში მიღწეულია. ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალი 25 მცირე საოჯახო მარანი საუკეთესო ღვინოებს აწარმოებს, რომელიც ჰოლანდიაში, პოლონეთსა და ავსტრალიაშიც კი იყიდება.  

განვითარების შემდგომი ეტაპი, ღვინის წარმოებისას მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, სწორი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვას, ღვინოების საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და მთავარ გამოწვევას,  პანდემიის პერიოდში გაყიდვების სტიმულირებას ითვალისწინებს, რაშიც „არემჯი“ აქტიურად ეხმარება ბოლნისელ მეღვინეებს.

M: როგორია კომპანიის CSR სტრატეგია? რა პროექტებს გეგმავთ სამომავლოდ?

კომპანიის გრძელვადიანი CSR სტრატეგია ქართულ ბიზნესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას ითვალისწინებს. 

სამომავლოდ, ვგეგმავთ ყველა იმ პროექტის გაგრძელებას, რომელსაც რამდენიმე წელია აქტიურად ვუჭერთ მხარს ქვემო ქართლში და რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და განათლების პოპულარიზაცია. მცირე მეწარმეების მხარდაჭერა და სხვა.  

 „არემჯის“ მიერ ბოლნისში, დაბა კაზრეთსა და დმანისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედი სხვადასხვა სპორტული წრეები და სახელოვნებო სტუდიები ჯამში 2000-ზე მეტ ბავშვს აერთიანებს. ჩვენი მიზანია, ამ ახალგაზრდებს ყოველ წელს ახალი პროექტები შევთავაზოთ და ხელი შევუწყოთ მათ პიროვნულ განვითარებას. 

ასევე, გვექნება სხვა ახალი პროექტებიც, რომლებიც გაცდება რეგიონის ფარგლებს და მთელ საქართველოს მოიცავს.

M: შეაფასეთ, როგორია კომპანიის საკომუნიკაციო მიმართულება და რა არის ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გადაიღეთ?

ჩვენი ვიდეორგოლი “არემჯის“ CSR პროექტებში ჩართულ ადამიანებს და მათ ისტორიებს აერთიანებს. ჩვენი მიზანია, ისეთი წარმატებული და ტიტულოვანი სპორტსმენების გვერდით, როგორიც არიან ჩვენი საამაყო ძიუდოისტები ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ბექა ღვინიაშვილი, წარმოვაჩინოთ ახალი თაობა, რომელიც „არემჯის“ მხარდაჭერით, პირველ ნაბიჯებს დგამს საკუთარი განვითარების და წარმატების გზაზე. ვიდეო აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ურყევი მიზანი, მზად არიან დაძლიონ ნებისმიერი წინააღმდეგობა, რათა მოიპოვონ გამარჯვება – სპორტში, კულტურაში, საუკეთესო ღვინის წარმოებაში, განათლებაში… 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, ნიჭიერი და საინტერესო ხედვის მქონე ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომელმაც ჩვენს საიმიჯო ვიდეოზე იმუშავა და რა თქმა უნდა, კლიპის ყველა მონაწილეს.

 

[R]

გაეცი სულ ცოტაოდენი სიყვარული! – John Lewis-ის საახალწლო რეკლამა

შეტყობინებები, რომლებიც ავტომატურად ქრება – მესენჯერსა და ინსტაგრამს ახალი ფუნქცია დაემატა