თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ესეისტი რობერტ მენასე ეწვევა. იგი გამომცემლობა „ინტელექტის”, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მოწვევითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩამოდის.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მწერალი ქართული საზოგადოების წინაშე პირველად 30 მაისს, 13:00-ზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში წარდგება, იმავე დღეს კი გაიმართება მისი წიგნის „დედაქალაქი“ წარდგენა ფესტივალის ფარგლებში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე.
მწერლის ცენტრალური ღონისძიება გაიმართება 31 მაისს, 19:00-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, სადაც რობერტ მენასე და თანამედროვე ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე ისაუბრებენ თემაზე „ევროპის პოლიტიკა და პოეტიკა“. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს გამოიცა ზურაბ ქარუმიძის „ევროპული რომანიც“ „Untergang. მოგზაურობა ევროპაში“. ღონისძიების მოდერატორები იქნებიან მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე და ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო. ღონისძებაზე დასწრება თავისუფალია.
რობერტ მენასე 1954 წელს ვენაში დაიბადა.იგი ავსტრიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ჰანს მენასეს შვილია. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2001 წელს რომანით „ჯოჯოხეთიდან გაძევება“, სადაც ავტობიოგრაფიული თემები და ებრაული წარმომავლობის საკითხი განხილულია კითხვის ჭრილში, რამდენად ობიექტურია ისტორია. 1987 წლიდან დღემდე მიღებული აქვს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ევროპული პრიზი ბელეტრისტიკისა და პუბლიცისტიკის დარგში.
არანაკლებ ცნობილია ესეისტური პუბლიცისტიკით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ესეები ევროკავშირისა და გლობალიზაციის თემაზე. მისი დამოკიდებულება ევროპული თემის მიმართ გულისხმობს ცალკეული ეროვნული სახელმწიფოების ძალუფლებისა და გავლენის კრიტიკას ერთი მხრივ და პოსტნაციონალური გაერთიანებული ევროპის იდეის პროპაგანდას მეორე მხრივ. მას იდეალურად მიაჩნია ევროპის რეგიონების გაერთიანებით ევროპული რესპუბლიკის შექმნა.
რობერტ მენასეს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა რომანმა „დედაქალაქი“, რომელმაც 2017 წელს საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნის წოდება მოიპოვა, დაიდგა ციურიხში, ვენაში, ესენში და დასაბამი მისცა ინტელექტუალურ დისკუსიას ევროპული იდეის, ევროპის მომავლის შესახებ. აღნიშნულ რომანში რობერტ მენასე ევროპული იდეის დაუღალავ დამცველად გვევლინება. „დედაქალაქი“ ქართულ ენაზე გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2018 წელს გამოსცა და ის გერმანული ენიდან მაია ფანჯიკიძემ თარგმნა.
პოლიტიკა, მკვლელობა, შეთქმულება, ბიუროკრატია, ევროკავშირის სხვადასხვა წევრი-ქვეყნის წარმომადგენელთა განსხვავებული და თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ისტორიები, ლტოლვილთა ტალღა და ტერორისტული აქტი, ხოლო ლაიტმოტივად ღორი, რომელიც თავისუფლად დარბის ბრიუსელის ქუჩებში და ყველაფერ ამის უტყვი მოწმეა – მენასეს რომანი „დედაქალაქი“ იუმორით, ცოდნით, სატირულ-გროტესკულად ხატავს ევროპის ფაქტობრივი დედაქალაქის – ბრიუსელის პანორამას და ოცნებობს მომავლის ნამდვილ, დღევანდელი ევროპელების მიერ ერთობლივად აგებულ დედაქალაქზე, როგორც „პოსტნაციონალური ისტორიის პირველ გაბედულ, დიდ, გაცნობიერებულ კულტურულ მიღწევაზე, რომელიც განასახიერებს დიდ ევროპულ იდეას, დატვირთულს პოლიტიკური მნიშვნელობით და ფსიქოლოგიური სიმბოლოს ძალმოსილებით.“