ტომ ჰენქსისა და რობინ რაიტის საკულტო ჰოლივუდურ დუეტს ახალ ფილმში ვიხილავთ, სახელწოდებით Here. რეჟისორი კი სხვა არავინ იქნებოდა, თუ არა „ფორესტ გამპის“ რობერტ ზემეკისი. ამჯერად ცნობილმა რეჟისორმა გაახალგაზრდავების ტექნოლოგიას მიმართა, რათა მსახიობების ასაკი მნიშვნელოვნად შეემცირებინა. თვის მხრივ, ეს სიუჟეტური განვითარებისთვის დასჭირდა — ერთი ნარატივის ფარგლებში ათწლეულებს გაივლის.
უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, 67 წლის ჰენქსსა და 58 წლის რაიტს ციფრულად შეუმცირებენ ასაკს. ტექნოლოგია გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შეიმუშავეს, სახელწოდებით Metaphysic Live. ეს უკანასკნელი ჰიპერრეალისტურად ცვლის სახეებს რეალურ დროში. მაგალითად, რობინის შემთხვევაში ასაკს 19 წლამდე ამცირებენ.
რაც შეეხება სიუჟეტს, ის რიჩარდ მაკგუარის 2014 წლის ამავე სახელწოდების გრაფიკულ რომანზეა დაფუძნებული. სცენარი ერთი საუკუნის განმავლობაში ვითარდება — ყველაფერი ერთ სივრცეში, „დროში გაყინული“ სახლის ფარგლებში ხდება. კამერა ურყევად დგას და აღბეჭდავს მათ ისტორიებს, ვისაც კი აქ უცხოვრია. ჰენქსი ბეიბუმერ რიჩარდს განასახიერებს, ხოლო რატი მის გარდაცვლილ შეყვარებულსა და შემდგომში მეუღლეს, მარგარეტს. დროის მსვლელობის აღსაბეჭდად კი ტრადიციული მაკიაჟისა და ციფრული ჯადოქრობის სინთეზს მიმართავენ…
„ყოველთვის მიზიდავდა ტექნოლოგია, რომელიც ამბის მოყოლაში მეხმარება. ეს ფილმი კი უბრალოდ ვერ შედგება, თუ მსახიობები შეუფერხებლად არ გარდაიქმნებიან საკუთარი თავის ახალგაზრდულ ვერსიებად“, — განმარტავს რობერტ ზემეკისი.
კრიტიკოსების აზრით, ზემეკისი კინოს საზღვრებს გადალახავს ვიზუალური ეფექტებით. რეჟისორიც ირწმუნება, რომ მისი ფილმი ერთგვარ მედიტაციად იქცევა მოკვდაობაზე, შეეხება უნივერსალურ თემას ყველაფრის გავლის შესახებ…