ცხოველებით შთაგონებული რობოტების პოპულარობას „ბოსტონ დაინამიქსის“ Spot-მა შეუწყო ხელი. ახლა კი ბაზარზე მორიგი რობოძაღლი გამოჩნდა, სახელად Sparky — მოდელს სირბილი, ახტომა და ნამდვილი ძაღლის მსგავსი თამაშიც კი შეუძლია.
10-წლიანი გამოცდილებისა და კვლევების საფუძველზე, ჩინურმა კომპანია Hengzhi Future Team-მა განიზრახა, ტექნოლოგიასა და რეალურ სამყაროს შორის არსებული ზღვარი სრულად გაარღვიოს. ამას კი ადამიანებისთვის უფრო ნაცნობი ფორმის მქონე რობოტების შექმნით აპირებს, რომელთა ზედაპირზე შეხებაც უფრო თბილია, ვიდრე უბრალოდ ცივ ლითონზე. თანაც, აღსანიშნავია, რომ Sparky-ის მოძრაობები რეალური ცხოველების კუნთოვან სისტემაზე დაყრდნობით შეიქმნა — სირაქლემების, ცხენებისა და ძაღლების.
მას შემდეგ, რაც რობოძაღლი მასობრივად ჩაეშვება წარმოებაში, მისი მთავარი მიზანი ადამიანებთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება იქნება — როგორც ნამდვილი შინაური ცხოველების შემთხვევაში ხდება. ამის გათვალისწინებით, Sparky იდეალური ალტერნატივა იქნება მათთვის, ვისაც ოთხფეხა მეგობრები სჭირდება, მაგრამ მოვლას ვერ ახერხებს. ამასთან, დროიდი აღჭურვილია ჩაშენებული კამერითა და მიკროფონით, რათა გარშემომყოფებთან კონტაქტის დამყარება შეძლოს.
ხოლო ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებული სისტემა რობოძაღლს საშუალებას აძლევს, ბრძანებების ინტერპრეტაცია შეძლოს.