სულ ცოტა ხნის წინ სიმფონიურ ორკესტრს რობოტი შეუერთდა და ჩელოზე დაუკრა. ეს კი ამგვარი პირველი შემთხვევა უნდა იყოს ისტორიაში. უფრო ზუსტად, მკვლევრისა და კომპოზიტორის ფრედერიკ გრანის მიერ დაპროგრამებული ინდუსტრიული რობოტის მკლავები, Malmo Symphony Orchestra-სთან ერთად, შვედი კომპოზიტორის იაკობ მულრადის ნაწარმოებს უკრავდა.
ამ უჩვეულო ამბის კადრებიც მოგვეპოვება, რომლებშიც ჩანს, რომ მკლავები შეუფერხებლად ასრულებს საკუთარ პარტიას, ადამიანი მუსიკოსის მსგავსად. ხოლო 3D ბეჭდვის ტექნიკით მიღებული დანამატი ე. წ. ფრეტბორდზე მანიპულაციის საშუალებას აძლევს მას, რის შედეგადაც უხეში, პრიმიტიული შესრულება მიიღება, რომელსაც ნამდვილად აკლია ემოციები… ამიტომ, ადამიანის ჩანაცვლებაზე ფიქრით თავს ნუ შეიწუხებთ.
თუმცა ტექნოლოგიური კუთხით, ეს ნამდვილად დიდი მიღწევა გახლავთ, თანაც თუ ინსტრუმენტზე დაკვრის კომპლექსურ ბუნებას გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით ჩელოს, რაც კლავიშზე თითის დაჭერისა და დრამზე ჯოხის დარტყმისგან ბევრად რთულ მანიპულაციებს მოითხოვს.
„გრანი ორ ინდუსტრიულ რობოტ მკლავზე მუშაობდა, რომელთაც ჩელოს დაკვრა უნდა შესძლებოდა და ვიფიქრე, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა… მრავალი მსგავსი პიანინო გვაქვს, მაგრამ ეს ინსტრუმენტი იმდენად რთულია, რომ მე ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, რათა გამეგო, თუ როგორ მუშაობდა ის რეალურად“, — აცხადებს მულრადი.

საინტერესოა, რომ თავად მულრადიც შეისწავლიდა მსგავს მოწინავე ტექნოლოგიებს, ახლა კი ამბობს: „ჩემთვის, როგორც კომპოზიტორისთვის, გათავისუფლებას ჰგავს ადამიანის ანატომიის მიღმა გასვლა, როცა ფიქრობ იმაზე, თუ რა უნდა დაწერო ჩელოსთვის“.
მართალია, შემდგომი გამოსვლის დროს პროცესში AI-ის ჩართვას გეგმავს, მაგრამ თავადვე აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტითა და რობოტებით ადამიანი მუსიკოსების სრულად ჩანაცვლება შეუძლებელია…













