ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხორციანი და „ოდნავ ოფლიანი“ რობოტული თითი შექმნეს. ის ადამიანის კანის უჯრედებიდან წარმოქმნილი ცოცხალი კანის ვარდისფერი ფენით არის დაფარული. სინთეზური კანის თვალსაზრისით ეს ტექნოლოგია ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს დანერგავს — გზას გაუხსნის ულტრა რეალისტურ ჰუმანოიდ რობოტებს ან თუნდაც წარმოუდგენელ ახალ პროთეზებს.
ცოცხალი კანი
ცოცხალი კანის უჯრედებისგან შექმნილი ფენა არა მხოლოდ წყალგაუმტარია, არამედ მეცნიერები ამბობენ, რომ მას თვითგანკურნება და ტენიანობის შენარჩუნებაც შეუძლია. ასევე, აუცილებელი არ არის კანის ზედმიწევნით დამუშავება, რადგან თავად ახერხებს რობოტული თითის ირგვლივ თავად იღებს შესაბამის ფორმას. ეს კი კოლაგენისა და ადამიანის კანის ფიბრობლასტების კომბინაციის წყალობით მიიღწევა, რომელსაც შეკუმშვა და ამა თუ იმ ფორმის მიღება შეუძლია.
„ჩვენ გაკვირვებული ვართ, რამდენად კარგად ემთხვევა კანის ქსოვილი რობოტის ზედაპირს. თუმცა ეს ნამუშევარი მხოლოდ პირველი ნაბიჯია ცოცხალი კანით დაფარული, ჰუმანოიდი რობოტების შესაქმნელად“, — ამბობს შოჯი ტაკეუჩი, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი და ჟურნალ Matter-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის წამყვანი ავტორი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თითი ოდნავ „ოფლიანად“ გამოიყურება, რაც კიდევ უფრო რეალისტურ შესახედაობას აძლევ მას… მაგრამ ის ჯერ კიდევ შორს არის ადამიანის კანისგან, რომელიც ბევრად მდგრადია. ამ შემთხვევაში კი სპეციალურ ფენას მუდმივად სპეციალური ნივთიერებებით მომარაგება სჭირდება. ასევე, ამ რობოტულ კანს აკლია სენსორული ნეირონები, რომ აღარაფერი ვთქვათ ფრჩხილებსა და ოფლის ჯირკვლებზე, რომლებიც გუნდის თქმით, მომდევნო განახლებებში მოგვარდება.
„ვფიქრობ, ცოცხალი კანი შესანიშნავი გამოსავალია რობოტებისთვის ცოცხალი არსებების იერსახის მისაცემად, რადგან ეს არის ზუსტად იგივე მასალაა, რომელიც ცხოველთა სხეულებს ფარავს“, — აღნიშნავს ტაკეუჩი.