დღეს რობოტიკის გამოყენება, მით უმეტეს, ტექნოლოგიურ სფეროში სიახლეს არავისთვის აღარ წარმოადგენს, თუმცა როგორც ყველა ისტორიას, ამასაც აქვს დასაწყისი და იყო დრო, როცა რობოტი პირველად გამოიყენეს. ჩვენი რუბრიკის ფარგლებში, რადგან ავტოისტორიაში ვმოგზაურობთ, ისიც გავიგოთ, როდიდან იქცა ტერმინი სამრეწველო რობოტი ავტოინდუსტრიის სინონიმად.
ჯერ იყო იდეა…
რობოტის თანამედროვე იდეა პირველად სპექტაკლში გამოჩნდა 1921 წელს. ამ სპექტაკლში რობოტები იყვნენ მექანიკოსები, რომლებიც თავიდან ეხმარებოდნენ ადამიანებს, მაგრამ მოგვიანებით, აჯანყდნენ და დაიპყრეს მსოფლიო.
რეალური ნაბიჯი ამ სფეროში მეორე მსოფლიო ომის დროს გადაიდგა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომი წინსვლას წარმოადგენდა ტექნოლოგიაში. აშშ-ის ავტომწარმოებლებს ჰქონდათ მაღალი კვოტები და მუდმივად ეძებდნენ გზებს გამომუშავების გასაუმჯობესებლად. კონფლიქტმა დააჩქარა ისეთი ტექნოლოგიების განვითარება, როგორიცაა პირველი კომპიუტერი. 1970 წელს, როდესაც გამოჩნდა პირველი ინტეგრირებული წრე, ავტომატიზაციის რბოლაც დაიწყო.
პირველი რობოტი ავტოინდუსტრიაში
სამრეწველო რობოტები ავტოინდუსტრიასთან ასოცირდება. ჯერ კიდევ 1962 წელს General Motors-ის ნიუ ჯერსის ქარხანაში Unimation-ის UNIMATE დამონტაჟდა, რომელიც პირველი სამრეწველო რობოტი გახდა, რაც კი ოდესმე მსხვილ მწარმოებლებს გამოუყენებიათ. თუმცა ამ ამბიდან 20 წლის შემდეგ ინდუსტრიული რობოტები ავტოინდუსტრიის სინონიმი გახდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, მწარმოებლებმა დაიწყეს რობოტიკაზე გადასვლა, რათა უფრო მეტი პროცესის ავტომატიზაცია მოეხდინათ, ვიდრე ოდესმე. მათ შორის იყო შედუღება, შეღებვა, აწყობა, ჩამოსხმა და მძიმე საგნების გადატანა.
General Motors-ის მიერ რობოტის გამოყენების წარმატებამ მალევე მიიპყრო Ford-ის ყურადღება. 1969 წელს შეიქმნა Stanford Arm, რომელსაც შეეძლო ისეთი ამოცანების შესრულება, რომლებსაც ადრეული რობოტები ვერ ასრულებდნენ.
მას 1974 წელს მოჰყვა Silver Arm MIT-დან. წნევისადმი მგრძნობიარე სენსორებისა და მიკროპროცესორის გამოყენებით, ეს ახალი მკლავი ბევრად უფრო მრავალმხრივი იყო. მან გზა გაუხსნა რობოტების ბუმს, რომლის მერეც მათი წლიური ზრდა 30%-ით მეტი გახდა, ვიდრე მანამდე.
1980-იანი წლებისთვის კომპანიებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარი დახარჯეს, რათა თავიანთი ასამბლეის ქარხნებში ძირითადი ამოცანების ავტომატიზაცია მოეხდინათ.
co-bots – ყველაზე პოპულარული სახეობა
Ford, GM, Mercedes-Benz, BMW და პრაქტიკულად ყველა სხვა დიდი მწარმოებელი co-bots-ებს იყენებს. ისინი ისეთ ამოცანებს ასრულებს, როგორებიცაა მანქანის შეღებვა, შედუღება და აწყობის ხაზი. co-bot ინდუსტრიული რობოტია, რომელიც რომელსაც შეუძლია უსაფრთხოდ იმუშაოს ადამიანებთან ერთად საერთო სამუშაო სივრცეში. ისინი ბევრად მოქნილია, ვიდრე ტრადიციული სამრეწველო რობოტები. მათი განლაგება შესაძლებელია მრავალფეროვან ამოცანებზე, დაწყებული მანქანების მოვლიდან, შედუღება-შეფუთვითა და პალეტიზაციით დამთავრებული.
პირველი co-bot 1996 წელს ჯ. ედვარდ კოლგეიტმა და მაიკლ პეშკინმა გამოიგონეს. ისინი co-bot-ს უწოდებდნენ „მოწყობილობასა და მეთოდს, რომელიც კონტროლდება პიროვნებისა და კომპიუტერის მიერ”. წლების განმავლობაში კიდევ რამდენიმე co-bot გამოჩნდა ბაზარზე. ტერმინის მნიშვნელობა „კოლაბორაციული რობოტიდან” მომდინარეობს.
რობოტიკის ზოგადი უპირატესობები
ზემოთ ნახსენები კონკრეტული ამოცანების გარდა, რობოტებს აქვთ სხვადასხვა უპირატესობა, რაც მათ ძლიერ აქტივად აქცევს მანქანის წარმოებისთვის. რობოტებს უწყვეტად შეუძლიათ მუშაობა დაღლილობის ან ყურადღების გაფანტვის გარეშე. ინდუსტრიული რობოტები ხშირად მუშაობენ 24/7 რეჟიმში. მათ წარმოუდგენელი სიზუსტით შეუძლიათ შეასრულონ განმეორებადი დავალებები შეცდომების დაშვების გარეშე.
მათი პროცედურული უპირატესობის მიუხედავად, რობოტები ვერ მუშაობენ მუშების მხარდაჭერის გარეშე, ამიტომ ის აზრი, ხომ არ ჩაანაცვლებენ რობოტები მუშა ხელს, რეალობას მოკლებულია.
ავტომობილების ავტომატიზაცია დღეს
დღეს რობოტები საავტომობილო ქარხნების კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღევანდელი რობოტები ბევრად უფრო დახვეწილნი არიან, ვიდრე მათი წინამორბედები. ბევრი ნახევრად ავტონომიურია და მანქანური ხედვის სისტემებით ურთიერთქმედებენ ცვალებად გარემოში, ზოგიერთს შეუძლია ადამიანებთან ერთად იმუშაოს და ა.შ.
არსებობს რამდენიმე მსხვილი კომპანია, რომლებიც ცნობილი ბრენდებისთვის ამზადებს რობოტექნიკას. ესენია: Rockwell Automation, KUKA, Acieta და სხვები.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი