ეს მიღწევა Neuralink-ის პროექტს ეხმიანება, რომლითაც ილონ მასკი ცდილობს, ტვინში ჩიპების ჩანერგვით ადამიანებს სარგებელი მოუტანოს… ახლა კი ამბავი ასეთია: ჩინელმა მკვლევრებმა წარმატებით შექმნეს რობოტი, რომელიც მინიშნებებს ადამიანის ტვინის უჯრედებიდან იღებს. სამეცნიერო ფანტასტიკას კი ჰგავს, მაგრამ ეს დღეს ჩვენი რეალობაა — ნაწილობრივ ბოტი ლაბორატორიაში შექმნილი ადამიანის ტვინის უჯრედებისგან კონტროლდება.
ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ადამიანის ტვინის ქსოვილი შექმნეს და მას „ტვინი ჩიპზე“ უწოდეს. ეს პატარა, მაგრამ ძლიერი ქმნილება ბრძანებებს რობოტულ მკლავზე აგზავნის საკმაოდ რთული პროცესის გავლით, რაც ელექტრულ სიგნალებს და სენსორულ ინფორმაციებს მოიცავს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ რობოტს თვალები არ აქვს… სუპერ გმირი ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ ამბობენ, რომ ბევრნაირი დავალების შესრულებას შეძლებს.
ამ ინოვაციისთვის მთავარი ღია წყაროს Brain-Computer Interface (BCI) გახლავთ, რომელიც მეცნიერთა გუნდმა განავითარა. ჩათვალეთ, რომ ეს ინტერფეისი მთარგმნელივით მუშაობს, ოღონდ ამჯერად ტვინის უჯრედებიდან მიღებულ ელექტრულ სიგნალებს გარდაქმნის ქმედებებად, რომელსაც რობოტის მკლავი შეასრულებს. თავად ტვინის ორგანოიდები კი, რომელთაგანაც თითოეული 10 000 უჯრედისგან შედგება, ადამიანების ღეროვანი უჯრედებისგან მიიღეს და დაბალი ინტენსივობის ულტრაბგერების გამოყენებით კომპლექსური ნერვული ქსელებიც ჩამოაყალიბეს.
უნდა ვაღიაროთ, რომ რობოტის ტვინის მსგავსი გარეგნობა ვიზუალურად მიმზიდველი ნაკლებად არის, თუმცა პოტენციალი საკმაოდ დიდი აქვს… თანაც მკვლევრები უკვე ტვინის ორგანოიდების ტრანსპლანტაციის საკითხსაც განიხილავენ ცერებრალური ქერქის დაზიანებისა და ნერვული სქემების რეკონსტრუქციისთვის…