მეცნიერებმა შექმნეს ჰუმანოიდი, ტრანსფორმატორი რობოტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, თხევად მდგომარეობაში გადასვლა და შემდეგ კვლავ ჩვეული ფორმის დაბრუნება შეუძლია. პატარა რობოტი ძალიან ჰგავს T-1000-ის პროტოტიპს 1991 წლის Terminator 2-დან, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არასოდეს უნდა შეგეპაროთ ეჭვი ჯეიმს კამერონის ხედვებში…
ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში ახსნილია, რომ მეცნიერებს სურდათ, ტრადიციულად გამძლე და „რბილ“ რობოტებს შორის არსებული უფსკრული ამოევსოთ. საბოლოო მიზანი კი უფრო ელასტიკური და სუსტი მასალებისგან დამზადებული მოდელების შექმნაა. ამჟამინდელ ნიმუშს ფორმის სწრაფ ცვლილებასთან ერთად, მაგნიტურობა და ელექტროგამტარობაც გამოარჩევს — მასში მოთავსებულია გალიუმის მაგნიტური ნაწილაკები, რომელიც დნობის ძალიან დაბალი ზღვრის მქონე ლითონია. შესაბამისად, მის გასაცხელებლად მხოლოდ მაგნიტური ველის ცვლილებებიც კი საკმარისია და დნობასაც მარტივად იწყებს. ამ პროცესს „მყარ-თხევად ფაზაში გარდამავალი მაგნიტოაქტიური მექანიზმი“ (MPTM) ეწოდება.
როგორც პრესრელიზში განმარტავენ, მაგნიტური ნაწილაკები მასალას მგრძნობიარეს ხდის ალტერნატიული მაგნიტური ველის მიმართ. ამასთანავე, ისინი რობოტებს სტაბილურობას და გადაადგილების უნარს ანიჭებს.
ამ შესაძლებლობების გათვალისწინებით, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ MPTM შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სპეციფიკური, საინჟინრო ან სამედიცინო პროგრამებში. „მომავალი კვლევები იმის გასარკვევად იქნება განკუთვნილი, თუ როგორ შეიძლება ამ რობოტების გამოყენება ბიოსამედიცინო კონტექსტში. ამჯერად მხოლოდ ერთჯერადი დემონსტრაცია და კონცეფციის დასტური ვაჩვენეთ“.