რაღამ შეიძლება გაგვაკვირვოს დღევანდელ რობოტიკაში? უკვე უამრავი სახის მექანიკური არსება გვინახავს, სხვადასხვა ფუნქციითა და მნიშვნელობით… თუმცა, როგორც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, იდეებს საზღვარი არ აქვს — ახალი OMOY: პორტატიული რობოტული გაჯეტი წონას ემოციებისა და განზრახვების გამოსახატად იცვლის.
ინოვაციური მოწყობილობის მიზანია, თქვენი შეტყობინებები ხმამაღლა წაიკითხოს და დაგამშვიდოთ, როცა ნერვიულობთ. ცუკუბას უნივერსიტეტის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ რობოტის წონის ცვლილების ფიზიკური შეგრძნება აშკარა სერიოზულობას მატებს მის ნათქვამს.
სოციალური რობოტი ერთგვარ შუამავლის როლს ითავსებს ადამიანსა და ტექსტურ შეტყობინებებს შორის. იგი ხმამაღლა კითხულობს ტექსტს და მომხმარებელს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს იმის შესახებ, თუ რა განწყობით უნდა შეხვდეს მიღებულ მესიჯს. შესაძლოა, ეს სოციალური ტოქსიკურობისგან განკურნების გზა არ იყოს… თუმცა მკვლევრები ირწმუნებიან, რომ მისი მეშვეობით, საგრძნობლად მცირდება ბრაზისა და შურისძიების შემცველი პასუხის დაბრუნების სურვილი.
„როგორც შედეგები ცხადყოფს, მეტყველებასთან ერთად წონის ცვლილება, საშუალოდ, მომხმარებლის ბრაზის 23%-ს თრგუნავს. წონის ცვლილების ფუნქციის გარეშე კი ბრაზის მხოლოდ 3.5% ითრგუნებოდა“, — განმარტავენ მეცნიერები. მართლაც, ექსპერიმენტში მონაწილეთა თქმით, ნეგატიური ტექსტების მოსმენისას, რობოტის ხელში დაჭერა ნაკლებ ბრაზს იწვევდა.