კემბრიჯში რობოტი მტვერსასრუტი სასტუმროდან თავისუფალ სამყაროში გაიქცა. არავინ იცის, რეალურად რა ამოძრავებდა მოწყობილობას — შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნილება, გარე სამყაროსადმი გადაჭარბებული ინტერესი, თუ სამუდამო თავისუფლების დაუოკებელი სურვილი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ არ შეჩერდა იქ, სადაც ნებისმიერი სხვა რობოტი შეჩერდებოდა და სასტუმროს ერთფეროვანი ყოფიდან, თავისუფალ სამყაროში გააღწია.
პრეცედენტი სასტუმრო Travelodge-ში მოხდა. ინფორმაცია დაწესებულების პერსონალმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ჩვენი ერთ-ერთი ახალი მტვერსასრუტი თავისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სასტუმროდან გაიქცა”, — წერს Travelodge-ის უმცროსი მენეჯერი და იმედოვნებს, რომ რობოტს სამუშაო გარემოში, მალე, უსაფრთხოდ დააბრუნებენ.
“მეამბოხე” მტვერსასრუტთან დაკავშირებით ორი ძირითადი მოსაზრება წარმოიშვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მას ბუნებაში მტაცებელი არ ჰყავს, ამდენად, ამ ავანტიურას უსაფრთხოდ მიიჩნევდა და რობოტის არაორდინალურ ვოიაჟს გულშემატკივრობდა. სხვების აზრით კი, სამყარო შეუწყნარებელი და სასტიკია თავისუფალი რობოტი მტვერსასრუტების მიმართ და იმედოვნებდნენ, რომ დამოუკიდებლობის მოყვარულ მოწყობილობას მალე “სახლში” დააბრუნებდნენ.
საბოლოოდ, რობოტის თავგადასავალი ერთი დღის თავზე დასრულდა — მტვერსასრუტი დეკორატიული გამწვანების ქვეშ იპოვეს და სასტუმროში დააბრუნეს. როგორც დაწესებულების წარმომადგენლები გვამცნობენ, ახლა ის რობოტი მტვერსასრუტების ოჯახურ გარემოში, ამ მოწყობილობებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმყოფება და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.