ბოლო რამდენიმე წელია ადამიანები სერიოზულად არიან შეპყრობილი სურვილით, შექმნან რობოტი ადამიანური რეფლექსებით, კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნებითა და იუმორის გრძნობითაც კი. ამ ჩანაფიქრის მთავარი მიზანი ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება და მათი ტვინის რაღაც ახლის შესაქმნელად გამოყენებაა. თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება რობოტი სარეკლამო სფეროში, ცალკე თემაა. სააგენტო Sonobi–მ , რომელიც სარეკლამო სივრცეში ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს, ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან სახალისო და თანაც საკმაოდ სარკასტული კამპანია წამოიწყო სახელწოდებით “Bro-Bot”.
Bro-Bot–ი, როგორც უკვე მიხვდით, რობოტია, მაგრამ არა ჩვეულებრივი. კამპანიაში მოცემულია სიტუაციები, რომლებშიც სარეკლამო სფეროს წარმომადგენელმა თავი მაქსიმალურად ოპტიმალურად უნდა გამოავლინოს. თუმცა, რასაც რობოტი აკეთებს ნამდვილად სრული კატასტროფაა. არასწორ აუდიტორიასთან არასწორად საუბარი, მარტივი საქმის გართულება, ჩახლართვა და რაც მთავარია, სარეკლამო საქმიანობასთან არასწორი მიდგომა.
რობოტი ვერასდროს მოიფიქრებს კომპანიისთვის შესაფერის და კარგ სახელწოდებას, რობოტი ვერასდროს შექმნის ისეთ სრულყოფილ სამოქმედო გეგმას, როგორსაც ადამიანი. თუმცა, პრობლემა მხოლოდ რობოტშიც არ არის, Sonobi–ს კამპანია გულისხმობს ნებისმიერი სახის ტექნოლოგიას, რომელიც სრულებით არ ერგება რეკლამას. მაშ ასე, Sonobi-ს დასკვნა ასეთია: ტექნოლოგიების სარეკლამო სფეროში ზედმეტი სიჭარბით გამოყენება ვერ მიგვიყვანს წარმატებამდე.