in

ონლაინ მედიაში „რობოტი ჟურნალისტები“ გამოჩნდნენ

ისინი კონტენტს მხოლოდ AI-ს დახმარებით ადგენენ

NewsGuard-ის გამოძიების მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა კონტენტმა შეიძლება ჩუმად გაანადგუროს ონლაინ ჟურნალისტიკა იმ ფორმით, რა ფორმითაც ვიცნობთ… კონკრეტულად კი, 48 ახალი ამბების ვებგვერდი აღმოაჩინეს, რომლებიც გვიზიარებდა ინფორმაციებს პოლიტიკაზე, ფინანსებზე, ჯანმრთელობაზე, გართობაზე, ტექნოლოგიასა და ზოგადად, გარემოზე.

კონტენტი 7 ენაზეც კი იყო წარმოდგენილი და მთლიანად შემუშავებული AI გენერატორების მიერ. მიუხედავად ამისა, ჩეტბოტის ჩარევაზე არცერთი მათგანი საუბრობდა… 

თანაც, სახელების შერჩევისას საკმაოდ ჭკვიანურ ხრიკს მიმართეს, მათ სანდო გამომცემლების მსგავსი სახელები დაირქვეს — Daily Business Post, Biz Breaking News, The News Network, News Live 79, Market News Reports. ზოგიერთმა მათგანმა კი ოპერირება მხოლოდ გასულ წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ChatGPT-ის მსგავსი ხელსაწყოები საჯარო გახდა.

საინტერესოა ისიც, რომ კონტენტი ხშირად ისეთ ფრაზებს შეიცავდა, როგორებიცაა: მე არ შემიძლია ამ მოთხოვნის დასრულება, „როგორც AI ენის მოდელი“… რამაც ასეთი საიტების პოვნა მეტად გაამარტივა. ზოგიერთი მსგავსი ვებგვერდი ასობით სტატიასაც კი აქვეყნებდა დღეში იმ მიზნით, რომ რეკლამებისგან მეტი სარგებელი მიეღო. ამგვარად, ისინი არც სარედაქციო პოლიტიკაზე და არც ხარისხზე ზრუნავდნენ. კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ კონტენტში ხშირად ვხვდებით გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციებს.

თუმცა ზოგჯერ თავად ხელოვნურ ინტელექტშივე „იღვიძებდა სინდისი და კონკრეტული მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობდა. ასევე, სათაურშივე ვხვდებოდით ფრაზებს: ვწუხვარ, მე არ შემიძლია ამ მოთხოვნის შესრულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება ეთიკურ და მორალურ პრინციპებს…. მართალია, საკმაოდ აშკარა იყო, რომ ეს საიტები ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა, მაგრამ მათ არასდროს უხსენებიათ ისინი და ავტორებადაც ადმინს, რედაქტორს, პირობითად, ალექსს ან ტომს აწერდნენ.

კონტენტში ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი განმეორებადი ფრაზებიც საკმაოდ ხშირი იყო. მიზეზი კი კვლავ ის არის, რომ მსგავსი საიტები ე. წ. პროგრამული რეკლამით იკვებება, რაც გულისხმობს რეკლამებს, რომლებიც ალგორითმულად თავსდება ინტერნეტში და აფინანსებს მსოფლიო მედიის დიდ ნაწილს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყველა ასეთი საიტი ერთნაირად წარმატებულია — მაგალითად, თუ ScoopEarth.com-ს 124 000 გამომწერი ჰყავს Facebook-ზე, FilthyLucre.com-ს ერთიც კი არ ჰყოლია.

და რას ამბობენ ამ საიტების მფლობელები? ზოგიერთის თქმით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმ ძველ სტატიებს არედაქტირებენ, რომლებსაც არავინ კითხულობს, ზოგიც კი ამბობდა, რომ ავტომატიზაციას მიმართავდა და ფაქტებიც 100%-ით გადამოწმებული იყო…

„Have a…“ — შეგიძლიათ ფრაზის დასრულება?

Toyota Kids — კამპანია ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის წინააღმდეგ