in

2025 წელს რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადის ჩატარება საქართველოში იგეგმება

სულ ცოტა ხნის წინ რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2025 წელს ოლიმპიადას საქართველომ უმასპინძლოს — ინიციატივა ამჟამად მოლაპარაკების პროცესშია. ცხადია, ეს დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მასში მსოფლიო მასშტაბით, ორგანიზებაში, მონაწილეობასა და სპონსორობაში ასიათასობით ადამიანია ჩართული. დიდი ბრენდებისთვის კი ეს უზარმაზარი საკომუნიკაციო პლატფორმაა. 

საგულისხმოა, რომ რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადა ყველა კონტინენტის მონაწილეობით ტარდება და 2022-ში საქართველოც იღებდა მასში მონაწილეობას. ის სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, 6 წლიდან ზრდასრულების ჩათვლით. შეჯიბრებიც განსხვავებულია. მსოფლიო ოლიმპიადამდე მონაწილე ქვეყნებში შიდა შესარჩევი ტური ტარდება, საიდანაც თითო შეჯიბრში მონაწილე ასი გუნდიდან ერთი გუნდის წაყვანაა შესაძლებელი. საქართველოში, ოლიმპიადის რეგიონულ შეჯიბრს რობოტექნიკის აკადემია იუჯი-ლიმესი აორგანიზებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ღონისძიება უზარმაზარი მასშტაბისაა, მონაწილეები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და ჩვენს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნობიან. ეს საქართველოს მსოფლიო რუკაზე წარმოჩენაში დაეხმარება, დააკავშირებს საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოსთან და ამასთან, ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს ქვეყანას. ამ დონის ღონისძიების საქართველოში ჩატარება ბავშვებში გააჩენს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობაც და ორგანიზებაც. ესაა მრავალმხრივი სარგებელი ქვეყნისთვის, ტურისტული თვალსაზრისითაც“, — აღნიშნავს ალექსანდრე ტატიშვილი, იუჯი-ლიმესის დამფუძნებელი. 

როგორც იუჯი-ლიმესში აცხადებენ, 2025 წლის ოლიმპიადის ფარგლებში, იგეგმება ქართული კულტურის დღეების მოწყობაც, სადაც მსოფლიო ოლიმპიადის მონაწილეები, მათი თანმხლები პირები და სტუმრები იქნებიან მოწვეულები. „ვაპირებთ, გავმართოთ ქართული სიმღერისა და ფოლკლორის პერფორმანსიც და ქართული კულტურა თუ ღირებულებები მათ გონებაში ისე ჩავბეჭდოთ, რომ კვლავ მოუნდეთ აქ დაბრუნება“.

ახლა, იმისათვის, რომ მსოფლიო ოლიმპიადა ნამდვილად შედგეს საქართველოში, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი სივრცის პოვნა — დაახლოებით, 8000 კვ.მ. სივრცე. ჯგუფი სწორედ ამ სივრცის აქტიურ ძიებაშია ახლა და შემოთავაზებებსაც ელიან.

9 ციფრული ხელსაწყო თქვენი ონლაინსივრცის ოპტიმიზაციისთვის

CANADABALL-ის ადმინი საქართველოშია და დიდი გეგმები აქვს!