ალექსანდრე ქართველის მუზეუმის გახსნა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მან განსაკუთრებული ყურადღება რობოტების შეჯიბრის გამარჯვებულებისთვის დაწესებული პრიზითაც მიიპყრო — ალ. ქართველის ასოციაციის დამფუძნებლების ინიციატივით, ხელმძღვანელთან ერთად გამარჯვებულები, ლუკა გაფრინდაშვილი, ნიკა ლობჟანიძე და ნიკა ნასყიდაშვილი, NASA-ში, კერძოდ JPL-ის (Jet Propulsion Laboratory) კალიფორნიის დაწესებულებაში, სრული დაფინანსებით, გაემგზავრებიან. ისინი მთავარ ინჟინრებსაც შეხვდებიან და მეტიც, მათ NASA-ს JPL-ის დაწესებულებაში ექსკურსიასაც ჩაუტარებენ.
მუზეუმის გახსნის ღონისძიებაში „იუჯი-ლიმესი“, როგორც STEM-ისა და ელექტრონული ინჟინერიის ცოდნის გამავრცელებელი აკადემია, აქტიურად იყო ჩართული და ჩვენ მის ხელმძღვანელს ალექსანდრე ტატიშვილს გავესაუბრეთ:
M: მოგვიყევით ალექსანდრე ქართველის მუზეუმისა და კონკრეტული ღონისძიების შესახებ…
ალექსანდრე ქართველის მუზეუმის გახსნა მიზნად ისახავს ბავშვებსა და სტუდენტებში ალექსანდრე ქართველიშვილის ისტორიის, STEM-ისა და ინჟინერიის პოპულარიზაციას. გახსნითი ღონისძიება კი ორ ნაწილად — დახურულ და ღია ღონისძიებებად გაიყო. ორგანიზატორები აკადემია „იუჯი-ლიმესი“, ალექსანდრე ქართველის ასოციაცია და საქართველოს უნივერსიტეტი გახლდათ. იგი სამი აქტივობისაგან შედგებოდა. პირველი „ალექსანდრე ქართველის რობოტების შეჯიბრი“ იყო. მეორე, სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი სქემებისა და საინჟინრო პროექტების გამოფენა და მესამე — ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლები.
M: უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას მოიცავდა რობოტის შეჯიბრი?
შეჯიბრში ერთმანეთს აკადემიის მიერ სხვადასხვა სასწავლებლიდან შერჩეული რვა სამკაციანი გუნდი, ჯამში 24 მონაწილე, უპირისპირდებოდა. ბავშვებს LEGO-ს პროგრამირებადი ელექტრონული სქემებით რობოტები უნდა შეექმნათ, „თვითმფრინავები“ და „საწვავის ავზები“ ე.წ. ალექსანდრე ქართველის აეროდრომზე არსებულ კონკრეტულ ფერად ზონებში უნდა გადაეტანათ. აეროდრომს კი მაგიდაზე დაფენილი პლაკატი წარმოადგენდა.
შეჯიბრი სულ ხუთი დავალებისაგან შედგებოდა, რომლის სრულად შესრულების შემთხვევაში გუნდი 100 ქულას იღებდა. შეფასება სრულიად ობიექტურად ხდებოდა, ყველა წესი თუ შეფასების კრიტერიუმი ღია და მონაწილეებისთვის ცნობილი იყო. საბოლოოდ კი, როგორც გამარჯვებულმა, ისე დამარცხებულმა გუნდებმა თავი დაფასებულად იგრძნო.
M: რა პრიზი გადაეცით მათ?
რობოტების შეჯიბრის ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები, ვაუჩერები და სერტიფიკატები გადავეცით. თუმცა დამსწრე საზოგადოებაზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გამარჯვებულისათვის გამოყოფილმა მთავარმა საიდუმლო პრიზმა მოახდინა — გუნდის წევრები და მათი ხელმძღვანელი NASA-ში კერძოდ JPL-ის (Jet Propulsion Laboratory) კალიფორნიის დაწესებულებაში, სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან. როგორც ვიცით, ბავშვებისათვის ასეთი სახის პრიზი საქართველოში ჩატარებულ არცერთ ოლიმპიადასა თუ ღონისძიებას არ გადაუცია. ამიტომაც, ხალხში დიდი სიხარული გამოიწვია, მათ საკუთარი ყურებისაც კი არ სჯეროდათ…
M: თქვენი აზრით, NASA-ში გამგზავრება რა გამოცდილებას შემატებს ბავშვებს?
ვფიქრობ, ბავშვების NASA-ში გამგზავრება და მთავარ ინჟინრებთან შეხვედრა იქნება ის გამოცდილება, რაც მათ საკუთარი წარმატების რწმენის საშუალებას მისცემს… ჩვენი, როგორც აკადემიის, მთავარი მიზანიც ესაა, დავაჯეროთ ყველას, რომ მძიმე შრომა დაუფასებელი არასდროს რჩება.
M: გეგმავთ თუ არა მომავალში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებასა და მონაწილეების ჯილდოებით წახალისებას?
გვინდა, რომ მსგავსი ღონისძიება წელიწადში ორჯერ მაინც ჩავატაროთ. ეს ხელს შეუწყობს როგორც ალექსანდრე ქართველის სახელის პოპულარიზაციას, ისე მომავალი ქართველი ინჟინრების განვითარებასაც. მეცნიერებისა და ინჟინერიის განვითარება ხომ ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური და ინტელექტუალური განვითარების საწინდარია. დარწმუნებულები ვართ, რომ ალექსანდრე ქართველის ცხოვრება და მოღვაწეობა ახალგაზრდა ინჟინრებს დიდი მიზნებისკენ სწრაფვის მაგალითსაც მისცემს.