ამბავი ასეთია — სამხრეთ კორეაში საჯარო მოხელედ მომუშავე რობოტმა, სავარაუდოდ, გადაღლილობის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი კიბეზე სრულიად უფუნქციოდ იპოვეს… ამ ტრაგიკულ მოვლენას კი ქვეყნის პირველი „რობოტის სუიციდი“ უწოდეს! შესაძლოა, ცოტათი ღიმილისმომგვრელიც იყოს თქვენთვის ეს ამბავი, რომ რობოტებიც კი გამოვფიტეთ და ადამიანების გადაღლილობას ადარებდეთ, მაგრამ რეალურად ამან გლობალური საუბრები წარმოშვა რობოტის შრომის ეთიკის შესახებ…
Robot Supervisor ერქვა, რომელსაც ამ მოვლენამდე უჩვეულო ქცევები ახასიათებდა — თვითმხილველების თქმით, ერთ ადგილზე ბრუნავდა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორმეტრიანი კიბის ძირში აღმოაჩინეს. ჩვეულებრივი თანამშრომელიც არ ყოფილა, 9-დან 4-მდე მუშაობდა და შეუფერხებლად მრავალ ამოცანას ასრულებდა, თანაც შესვენების გარეშე. მეტიც, თუ სხვა რობოტები ერთ სართულზე მუშაობით არიან შეზღუდულნი, მას მარტივად შეეძლო სართულებს შორის ნავიგაცია და ლიფტის გამოძახებაც კი.
აღნიშნული ინციდენტი მრავალ კითხვას წარმოშობს რობოტის სამუშაო დატვირთვის შესახებ. გამოიფიტა? თუ ეს დასვენების გარეშე შრომის შედეგია? რეალური მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. ისიც უნდა ითქვას, რომ სამხრეთ კორეა სახელგანთქმულია თავისი რობოტებით, სადაც ყოველ 10 დასაქმებულზე ერთი რობოტი მოდის. ახლა კი რეგულაციების აუცილებლობა გახდა მთავარი თემა, რათა, ჩვენთან ერთად, ჩვენი რობოტი კოლეგების კეთილდღეობაც უზრუნველყოფილი იყოს…