in

ახალ რობოტს იუმორის გრძნობა აქვს და სხვების ხუმრობებზე იცინის

კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი რობოტი, სახელად ერიკა, რომელიც იმისათვის შეიქმნა, რომ დამწყები კომიკოსი ცუდი ხუმრობის შემდეგ უხერხული დუმილისგან იხსნას. 

ერიკა ხელოვნური ინტელექტის საწვრთნელ პროგრამაზეა დაფუძნებული — ის შეისწავლის ადამიანის სიცილს, ამოწმებს ყველაფერს, დაწყებული ჩუმი სიცილით, დასრულებული ხარხარით. ჟურნალ Frontiers in Robotics and AI-ში გამოქვეყნებული კვლევა კი სიცილის დახვეწილ ნიუანსებს იკვლევს, რომლებსაც ადამიანები მეტისმეტად შეჩვეულნი არიან ყოველდღიურ საუბრებში.

დოქტორი კოჯი ინოუ, კვლევის წამყვანი ავტორი, აღნიშნავს, რომ თანაგრძნობა საუბრის დროს აუცილებელია, რათა AI-სთან საუბარი უფრო რეალური ჩანდეს. აქ საუბარია, როგორც ბოტების სწორად დაპროგრამებაზე, რათა სწორი პასუხები დააგენერიროს, ისე გრძნობებსა და ემოციებზე. მათ გამოსახატად იდეალური გზა კი სწორ დროს გაღიმება/გაცინების ფუნქციის დამატებაა.

გაზიარებული სიცილის ეს მოდელი შემუშავდა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც აანალიზებდა, იცინოდა თუ არა ადამიანი, უნდა გაეცინა თუ არა თავადაც და რა ტიპის სიცილი იქნებოდა ყველაზე შესაბამისი. სისტემას 80-ზე მეტი მაგალითი მიეწოდებოდა, რათა სხვადასხვა სიტუაციაზე ყოფილიყო „გაწვრთნილი“.

კვლევის თანახმად, თითოეული ტიპის სიცილის იდენტიფიცირება და კატეგორიის დადგენა რთული აღმოჩნდა, რადგან დახვეწილი განსხვავება არსებობს თუნდაც ღიმილსა და ნერვულ ჩაცინებას შორის. გარდა ამისა, აქ გარკვეული ეთიკური საკითხიც გასათვალისწინებელია — მაგალითად, საზოგადოებაში ხომ მიუღებელია გაცინება, როდესაც ვინმე ეცემა (როგორი კომიკური სიტუაციაც არ უნდა იყოს). ხშირად ბავშვებისთვის ამ თავშეკავების სწავლება საკმაოდ რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ალგორითმზე…

თუმცა ერიკამ „გაიმარჯვა“, რადგან მეცნიერებმა მისთვის საკუთარი იუმორის განვითარება შეძლეს, თანაც ოთხი განსხვავებული ფორმით. პირველ შემთხვევაში მას შეეძლო გაეცინა, როცა ელაპარაკებოდნენ. მეორე და მესამე შემთხვევაში მან მხიარულად ჩაიცინა, ბოლო საცდელზე კი ორივე ტიპი გააერთიანა. ამასთან, 130 ადამიანს სთხოვეს, რობოტის მსგავსება ბუნებრივთან შეედარებინათ და როგორც აღმოჩნდა, მისით ყველა აღფრთოვანებული იყო. ერიკამ სპეციალურად გენერირებული დიალოგები იმაზე კარგად გარდაქმნა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ბარმენების მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ბორის კიკაძე კურორტ “საირმის” ბარმენეჯერი გახდა

Airbnb ახალი კამპანიის ფარგლებში დასვენების მრავალ ვარიანტს სთავაზობს მომხმარებლებს