in

გადახურებასთან გასამკლავებლად, რობოტებს უკვე ოფლიანობა შეუძლიათ

M2

ადამიანის ოფლიანობა საკმაოდ ლოგიკური და სასიცოცხლოდ საჭირო პროცესია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს პროცესი მიმდინარეობს, გადახურებასთან გამკლავებაა. თუ აქამდე რობოტიკაში გადახურების თავიდან არიდებას გაგრილების სისტემებით ცდილობდნენ, ახლა რობოტებს ავტონომიურად შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, „ოფლი მოიდინონ“. საჭიროება კი შესაძლოა დადგეს ისეთი სცენარებისას, როცა რობოტს დიდი ხნის განმავლობაში უწევს სამუშაოს შესრულება.

ამ სიახლის შესახებ მეცნიერები Science Robotics-ზე გამოქვეყნებული კვლევით იტყობინებიან. მათ შექმნეს „სამთითიანი“ დამჭერი, რობოტის ერთგვარი კიდური, რომლის შიგთავსიც წყლითაა სავსე. „თითები“ სითბოზე რეაგირებადი პლასტიკური მასალისგანაა დამზადებული. როცა მასალა კონკრეტულ ტემპერატურამდე გაცხელდება, ფორები იხსნება და წყალი ზედაპირზე წვეთას იწყებს.

რობოტთა უმეტესობა მეტალისგანაა დამზადებული და არა იმ პლასტიკური მასალისგან, რასაც გამოსახულებაზე ვხედავთ. რაც ნიშნავს, რომ ოფლიანობის ფუნქცია მხოლოდ ერთგვარ რბილ რობოტებზე გავრცელდება. ანუ, მივიღებთ რობოტების ორ სახეს, გაგრილების სისტემების მიხედვით – რობოტები, რომლებიც ოფლიანობენ და რომლებიც გაგრილების სისტემებს იყენებენ.

რბილი რობოტები, ძირითადად, დელიკატური სამუშაოსთვის იქმნებიან. მაგალითად, სამედიცინო პროცედურებისთვის გამოსადეგი ზოგი რობოტი რეზინისგანაა დამზადებული. თუ რბილი რობოტიკა ჩვენს ყოველდღიურობაში შემოვა და თუნდაც, თუ მას სპეციფიკურ სფეროებში გამოიყენებენ, მას საკუთარი გაგრილების სისტემა სჭირდება. „ოფლიანობა“ კი კარგი გამოსავალია და ამ კომპონენტის გაჩენა ნიშნავს, რომ ამ ტიპის რობოტებს ავტონომიურად შეეძლებათ საკუთარ გაგრილებაზე იზრუნონ.

კორნელის უნივერსიტეტისა და იტალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერების ეს მიგნება, შესაძლოა, რბილი რობოტების წარმოების განუყოფელ ნაწილად იქცეს. კორნელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კვლევის თანაავტორი – რობერტ შეპარდი, The Verge-თან საუბრისას ამბობს, რომ რობოტების ოფლიანობას, სამომავლოდ, ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს. ერთი მხრივ, ის რაზეც უკვე ვისაუბრეთ – წყლის დახმარებით გაგრილების ეფექტის მიღწევა და მეორე – სხვადასხვა გარემოდან, ანალიზის მიზნით, მათ თხევადი ნიმუშების აღება შეეძლებათ (ოღონდ, ალბათ, მთავარია ეს სწრაფად მოხდეს, რათა ამ თხევადი ნიმუშებით ოფლიანობა ვერ მოასწროს).

რა თქმა უნდა, რობოტების ოფლიანობას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, თუ ადამიანი სითხეს, რომელსაც ოფლის სახით გამოყოფს, სითხის დალევითვე აღიდგენს, რობოტებს სხვა მეთოდი დასჭირდებათ. თუმცა, უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ ოფლიანობა სამუშაოს შესრულებისას გარკვეულ გვერდით ეფექტებს იძლევა – ამცირებს ხახუნს, სამუშაოს სისწრაფეს და ასველებს რობოტის „თითებს“.

Radisson Collection-ის სასტუმრო Tsinandali Estate უძრავი ქონების საერთაშორისო კონკურსის ფინალშია

Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate-ისა და MORE is LOVE-ის კოლაბორაცია