იცოდით, რომ, როცა იცვამთ ან ბურთს თამაშობთ, თქვენს ტვინს გეგმა ყოველთვის წინასწარ აქვს შემუშავებული, რათა სხეულის მოძრაობა დაჯახების, ფეხის წამოკვრისა თუ დაცემის გარეშე შეძლოთ? დიახ, ადამიანები ჩვენივე სხეულის შესახებ ცოდნას ჩვილობიდანვე ვიღებთ, რობოტების შემთხვევაში კი ეს აქამდე ასე არ იყო…
ახლა კოლუმბიის საინჟინრო ჯგუფი აცხადებს, რომ შექმნეს რობოტი, რომელსაც ისტორიაში პირველად საკუთარი სხეულის შესწავლა ნულიდან შეუძლია, თანაც, ადამიანის დახმარების გარეშე. მკვლევრებმა აჩვენეს, თუ როგორ შექმნა რობოტმა საკუთარი თავის კინემატიკური მოდელი და შემდეგ, როგორ გამოიყენა ის მოძრაობის დაგეგმვისას, მიზნების მისაღწევად და სხვადასხვა სიტუაციაში დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად. იგი ავტომატურად ამოიცნობდა სხეულის დაზიანებას და შემდეგ მას აღადგენდა კიდეც.
რობოტის ირგვლივ ვიდეოკამერები დააყენეს, რობოტი კი საკუთარ თავს სწორედ მათი დახმარებით უყურებდა. ტრიალებდა, რათა გაეგო, როგორ მოძრაობდა მისი სხეული, 3 საათის შემდეგ კი გაჩერდა, რადგან მისმა შიდა ღრმა ნერვულმა ქსელმა მოტორული უნარების შესწავლა დაასრულა.
რობოტების თვითმოდელირების უნარი კი მნიშვნელოვანი მრავალი მიზეზის გამოა. იგი არა მარტო შრომის დაზოგვაში ეხმარება მათ, არამედ საკუთარი რესურსების უკეთ გამოყენებაში, დაზიანების აღმოჩენასა თუ გამოსწორებაში. ეს უკეთესი ავტონომიური სისტემების მისაღებადაც სასარგებლო იქნება, მას შეეძლება აღმოაჩინოს, რომ რაღაც სწორად არ მუშაობს, შემდგომში კი შეაკეთოს ან დახმარება ითხოვოს.
„თვითმოდელირება თვითშემეცნების პრიმიტიული ფორმაა, თუ რობოტს, ცხოველს ან ადამიანს ზუსტი თვითმოდელი აქვს, მას მსოფლიოში უკეთ მოქმედება, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ევოლუციური უპირატესობაც კი აქვს“, — აცხადებს ლიპსონი, რომელიც რობოტების თვითმოდელირების საკითხს უკვე მრავალი წელია, რაც იკვლევს.
მეცნიერებმა რობოტების ავტონომიურობის რისკებისა და საფრთხეების შესახებაც იციან, თუმცა კვლევისას გამოვლენილ თვითშემეცნებას ადამიანთან შედარებით ტრივიალურად მიიჩნევენ… ჩვენ ki ნელა და ფრთხილად უნდა გავყვეთ ამ გზას, რათა რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ და მეტი სარგებელი მივიღოთ.