in

როგორ ვმართოთ სიტუაცია, როდესაც ხელმძღვანელი მიმართულებას მუდმივად ცვლის

სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში მომუშავე კომპანიებში ხშირია შემთხვევა, როდესაც ხელმძღვანელი გეგმებსა და პრიორიტეტებს მუდმივად ცვლის და ვერც კი ამჩნევს, რამდენად აბნევს ეს გუნდს. ინდივიდუალურ შეხვედრაზე შეთანხმებული სტრატეგია შესაძლოა სულ რაღაც ორ დღეში, მენეჯმენტის საერთო შეკრებაზე, რადიკალურად განსხვავებული იდეით ჩანაცვლდეს. მსგავს ვითარებაში მენეჯერი ხშირად იბნევა, რადგან საჯარო წინააღმდეგობის გაწევა რისკებთან ასოცირდება, პირისპირ საუბრებში კი მენეჯერის წუხილი უყურადღებოდ რჩება. შედეგად, თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია იძაბება, შეცდომები მატულობს და ჩნდება განცდა, რომ ხარისხიანი სამუშაოს შესრულება შეუძლებელია.

პერსპექტივათა შეუთავსებლობა

პრობლემა ხშირად არა მენეჯერის უყურადღებობაში, განსხვავებულ ხედვებსა და პრიორიტეტებში მდგომარეობს. ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ახალ შესაძლებლობებზე სწრაფი რეაგირება და შემოქმედებითი მიდგომა აუცილებელია. გუნდის წევრები კი ფიქრობენ, რომ მათი მთავარი მოვალეობა ლიდერის ხედვის შეფერხების გარეშე შესრულებაა. ამას თან ერთვის შიში, რომ კითხვების დასმა არაკომპეტენტურობად აღიქმება, ხოლო პროტესტი ხელმძღვანელთან ურთიერთობას დააზიანებს.

ეს ვითარება აყალიბებს ქცევას, რომელსაც თავაზიან მორჩილებას უწოდებენ – როდესაც გუნდი თანხმდება გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც რეალურად უარის თქმა სურს. ეს ხელმძღვანელს უმყარებს მცდარ რწმენას, რომ პრობლემა არ არსებობს და შეფერხების ერთადერთი მიზეზი თანამშრომლების ნელი ტემპია. როდესაც მიმართულება მუდმივად იცვლება, ინერციით მიყოლა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. გაურკვევლობა და დაძაბულობა დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება, რაც საქმეს კიდევ უფრო შეანელებს.

დაძაბულობის კონსტრუქციულ დიალოგად გარდაქმნა

ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად საუკეთესო გზა ხელმძღვანელისთვის იმის მტკიცება კი არ არის, რომ მისი ქცევა გუნდს მოტივაციას უკარგავს, შექმნილ დაძაბულობაში შესვლა და ცნობისმოყვარეობაზე დაფუძნებული დიალოგის დაწყებაა. მთავარი ამოცანა გადაწყვეტილების მიღმა არსებული ლოგიკის გაგება და მოლოდინების შეთანხმებაა, ნაცვლად იმისა, რომ გუნდი დაუფიქრებლად გადაერთოს მოქმედებაზე.

ამ მიდგომის პრაქტიკაში დასანერგად სამი ძირითადი ეტაპია გასათვალისწინებელი.

პირველი ეტაპი გადაწყვეტილების მიღმა არსებული აზროვნების გამოკვეთაა. მიზანია იმ მოტივების გაგება, რამაც ცვლილება განაპირობა, და არა მიმართულების დაუყოვნებლივ კორექტირება. ამ დროს სასარგებლოა იმის გარკვევა, თუ რა არის საბოლოო მიზანი, რა შეიცვალა ბაზარზე, რა დეტალი შეიძლება დარჩენილიყო ყურადღების მიღმა და რატომ ხედავს მენეჯერი საკითხს განსხვავებულად.

მეორე ეტაპი საერთო თანხვედრის წერტილების პოვნაა. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, თუ სად ემთხვევა გუნდის მიზნები ხელმძღვანელის ხედვას. ეს ანეიტრალბს დაპირისპირების განცდას. საუბარში ყოველთვის უნდა ჩანდეს მხარდაჭერა ისეთი საკვანძო პრიორიტეტების მიმართ, როგორიცაა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, ბაზარზე უპირატესობის მოპოვება, პროცესების სისწრაფე, ინოვაციურობა თუ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია.

მესამე ეტაპი გავლენისა და მოლოდინების მკაფიოდ ჩამოყალიბებაა. მენეჯერმა ღიად უნდა აჩვენოს, როგორ იმოქმედებს ახალი გადაწყვეტილება მიმდინარე ამოცანებზე, სამუშაო გრაფიკზე, ხარჯებსა და გუნდის რესურსზე. ამის შემდეგ ხდება ალტერნატივების შეთავაზება და საზღვრების შეთანხმბა – მაგალითად, იმის დაფიქსირება, რომ ახალი ვადების დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ სხვა პროექტის გადავადების ხარჯზე, რაც ხელმძღვანელს უბიძგებს, მკაფიოდ განსაზღვროს უპირატესი ამოცანა.

დაძაბულობასთან გამკლავება მენეჯერის ჩვევას ყოველთვის ვერ შეცვლის, თუმცა არსებითად შეცვლის შედეგებს გუნდისთვის. მუდმივი გაურკვევლობის ნაცვლად, ღია კითხვებითა და საერთო მიზნებზე დაფუძნებული თანხვედრით მენეჯერი შეძლებს პროცესების მართვას და გუნდისთვის ხარისხიანი, მკაფიო და სწრაფი მუშაობის უზრუნველყოფას.

წყარო: Fastcompany

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა