in

როცა პროფესიის შეცვლა გვინდა – მედეა ტაბატაძე

„კარიერის შეცვლა“ და „პროფესიის შეცვლა“ შეიძლება სინონიმებად განვიხილოთ, თუმცა მცირე განსხვავების მოძებნა რთული არ არის, მაგალითად, პროფესიის შეცვლა საქმის შინაარსისა და მთლიანად საქმის ცვლილებაა; კარიერის შეცვლა კი შეიძლება მხოლოდ პოზიციისა და საქმიანობის ცვლილებად მოვიაზროთ. ორივე ცვლილება საინტერესო გამოწვევებს ქმნის. თუმცა, პროფესიის შეცვლა საკმაოდ რთულია და სწორად შერჩეულ სამოქმედო გეგმას მოითხოვს.
ამას წინათ, ერთმა ნაცნობმა გვიამბო, როგორ უნდოდა (და კვლავ ძალიან უნდა) ფინანსების მართვიდან ადამიანური რესურსის მართვის განყოფილებაში გადასვლა, მაგრამ ვერ გაბედა, რადგან დააფიქრა საკუთარი ცოდნა-გამოცდილების სიმწირემ, ამ სფეროში.

საკმარისი ისტორიებია, სადაც სფეროს (იგივე პროფესიის) შეცვლა წარუმატებლად დასრულდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წარმატებულ „ტრანსფერებზეც“ გვაქვს ინფორმაცია და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კომპანიაც და თანამშრომელიც ცვლილებების გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

პროფესიის შეცვლის სურვილის გაჟღერებისას, არ არსებობს „წარმატების მისაღწევი უებარი წესი“, მაგრამ არსებობს კონკრეტული არგუმენტები იმისთვის – რა გავაკეთეთ ცვლილებისათვის და რატომ შეიძლება, ვიყოთ წარმატებული ახალ სფეროში. ჩვენს განაცხადს „მე მინდა“ ან „ძალიან მაინტერესებს“ მაგალითად, ფინანსებში გადასვლა, კომპანიის HR მენეჯერსა თუ ჩვენს მენეჯერს უნდა გავუზიაროთ შემდეგი არგუმენტები:
ა) რატომ დავინტერესდით – საუბარი საქმესა და პროფესიაზე;
ბ) რა ვიცით ამ პროფესიის შესახებ – რა ინფორმაცია მოვძებნეთ, რა ვისწავლეთ, რა წავიკითხეთ და სხვ.
გ) რა საქმე გამოგვივა კარგად – ის კომპეტენციები, რასაც ჩვენი მიმდინარე პროფესიაც მოითხოვს.ამ რჩევის დასასაბუთებლად, პროფესიის ცვლილების  საინტერესო „ამბავსაც“ გაგიზიარებთ, როდესაც კვლავ კარგმა ნაცნობმა, მარკეტინგის განყოფილებაში გადასვლის სურვილი საკუთარი ინიციატივით მომზადებული მარკეტინგული პროექტით დაასაბუთა (პროექტი კომპანიის ახალ პროდუქტზე; პროექტი კი კომპანიის წარმატებულ პროდუქტადაც იქცა) და მარკეტინგის განყოფილების მენეჯერმა ჰკითხა – „როდის შეძლებ ჩვენთან გადმოსლვას?“

სფეროს ცვლილებას, კომპანიის მხრიდან, აუცილებლად  სჭირდება მხარდაჭერა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ახალი, ან სხვა საქმის გაკეთების დროს, ადამიანების მოტივაცია ძალიან მაღალია, მით უფრო, როდესაც ახალი საქმის კეთების სურვილი თვითონ ინდივიდისგან მოდის. კარგი იქნება, თუ კომპანია და მისი მენეჯერები მსგავს ინიციატივას მოუსმენენ და ცვლილების მსურველს, თუნდაც, იმავე კითხვებით მიმართავენ, რაც ზემოთ ცვლილების არგუმენტებად მოვნათლეთ, ანუ:
ა) რატომ დაინტერესდა ცვლილებით;
ბ) რა იცის ან ისწავლა სასურველ სფეროზე/საქმეზე და
გ) რა უნარები ან ცოდნა დაეხმარება წარმატების მიღწევაში.

თუნდაც, იმავე პროექტის მომზადების „დავალებაც“ არ იქნება ურიგო – ამ შემთხვევაში, კარგად გამოჩნდება თანამშრომლის ცოდნაც, მოტივაციაც და საინტერესო იდეებიც.ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან საინტერესოა. არ არსებობს სფერო, სადაც არ ხდება ცვლილებები და თანაც, სწრაფ ტემპში. თანამედროვე ბიზნესს ბევრი გამოწვევა აქვს, იგივე თანამშრომლების განვითარებისა თუ შენარჩუნების მიმართულებით. მთავარ გამოწვევად კი „სხვადასხვა საქმის მცოდნე“ და „მულტიუნარებიანი“ ადამიანური რესურსის შექმნა მოიაზრება. ვფიქრობთ, პროფესიული ცვლილება, კომპანიის მხრიდან ინიცირებული თუ არ იქნება, მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი მაინც აუცილებლად უნდა იყოს. „ახალი ხედვა ახალ სფეროში“ კარგ შედეგებს იძლევა! ასე რომ, პროფესიის შეცვლის მსურველებმა უნდა დაგეგმონ ცვლილებები და მენეჯერებმა კი მოუსმინონ, რა არის მოტივი და რას მიიღებენ შედეგად.ავტორი: მედეა ტაბატაძე

„უშიშარი გოგონას” ქანდაკება – 3 გრან პრი კანის ფესტივალზე!

ამბავი და ფაქტები, თუ როგორ პარავენ ქართულ სარეკლამო სააგენტოებს კრეატიულ იდეებს