in

Rockstar Games მეტავერსის შემქმნელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და Grand Theft Auto-ს შემოქმედებით პლატფორმად გარდაქმნას გეგმავს

Rockstar Games რევოლუციური ნაბიჯისთვის ემზადება – კომპანია აპირებს Grand Theft Auto-ს მეექვსე ნაწილი მეტავერსის წამყვან პლატფორმად აქციოს. წელს დაგეგმილი რელიზი არა მხოლოდ ათწლეულის უმნიშვნელოვანესი გეიმინგ მოვლენა იქნება, არამედ სრულიად ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს – GTA პოპულარული თამაშების სერიიდან სრულფასოვან შემოქმედებით პლატფორმად გარდაიქმნება.

ინდუსტრიის ინსაიდერების ცნობით, Rockstar Games უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს Roblox-ისა და Fortnite-ის წამყვან დეველოპერებთან, ასევე GTA-ს კონტენტ კრეატორებთან. მიზანი მარტივია – მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ თამაშის გარემო და რესურსები საკუთარი შეხედულებისამებრ მოარგონ, შემოიტანონ თავიანთი ინტელექტუალური საკუთრება და, რაც მთავარია, ბრენდების სარეკლამო კამპანიებიც კი GTA-ს ვირტუალურ სამყაროში განათავსონ.

საინტერესოა, რომ GTA V-ის გამოცდილება უკვე აჩვენებს ამ მიმართულების პერსპექტიულობას. თამაშის გამოსვლიდან 14 წლის შემდეგაც კი, ის კვლავ ყველაზე პოპულარული კონტენტია Twitch-ზე, რაც დიდწილად FiveM-ის დამსახურებაა. ეს მოდიფიკაცია მოთამაშეებს საშუალებას აძლევს შექმნან და შეუერთდნენ მულტიპლეერის სერვერებს, სადაც ასობით მომხმარებელი ერთდროულად თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ Rockstar-მა თავდაპირველად FiveM-ის შემქმნელები დაბლოკა, 2023 წელს კომპანია შეიძინა, რითაც ფაქტობრივად აღიარა როლური თამაშების საზოგადოების მნიშვნელობა.

Wavemaker-ის გეიმინგისა და esport-ის ხელმძღვანელი პიტ ბასგენი განმარტავს, რომ FiveM-ის შეძენის მიზანი სწორედ მეტავერსული სამყაროს შექმნაა, სადაც მომხმარებლების მიერ შექმნილი კონტენტი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკა იქნება მთავარი მამოძრავებელი ძალა. მისი შეფასებით, ეს პლატფორმა იდეალური გაგრძელება იქნება იმ აუდიტორიისთვის, რომელიც Roblox-იდან და Minecraft-იდან ჩამოყალიბდა.

განსაკუთრებით საინტერესოა მონეტიზაციის მოდელი. Roblox-ისა და Fortnite-ისგან განსხვავებით, FiveM-ზე განთავსებული GTA-ს სერვერები უკვე იყენებენ საგამომწერო მოდელს. კრეატორებმა მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს თვიური გამოწერებით (25-100 დოლარი), რომელიც მომხმარებლებს აძლევს წვდომას უნიკალურ კოსმეტიკურ ელემენტებზე და პრიორიტეტულ სტატუსს სერვერებზე.

მნიშვნელოვანი ცვლილება იკვეთება ბრენდებთან მიმართებაშიც. თუ აქამდე Rockstar ცნობილი იყო იმით, რომ რეალურ ბრენდებს პაროდიული სახელებით ცვლიდა (მაგალითად, Sprite-ის ნაცვლად, “Sprunk”, IKEA-ს ნაცვლად, “Krapea”), ახლა, თამაშის სავარაუდო 2 მილიარდიანი ბიუჯეტის გათვალისწინებით, კომპანია შესაძლოა უფრო გახსნილი გახდეს სარეკლამო ინტეგრაციების მიმართ.

JOGO-ს დირექტორი ჩედ მასტარდი აღნიშნავს, რომ Rockstar-ის მიერ მომხმარებლების მიერ შექმნილი კონტენტის (UGC) მიღება თამაშის წესებს შეცვლის. ინდუსტრიის ექსპერტის შეფასებით, მოთხოვნა შემქმნელებზე ორიენტირებულ გამოცდილებებზე უკვე უზარმაზარია და ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო შესაძლებლობებს შექმნის სტუდიოებისთვის. მისი თქმით, ეკონომიკური მოდელი უკვე დამტკიცებულია, აუდიტორია მომზადებულია, დეველოპერებიც მზადყოფნაში არიან – ეს არის სწორედ ის მომენტი, რომელსაც GTA-ს შემქმნელთა საზოგადოება ელოდა.

წყარო: digiday

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის – რატომ უნდა დარეგისტრირდე STEM სკოლაში

Tinder რეკლამაში ნამდვილი ბრიჯიტ ჯონსის ამბავს ჰყვება