ტრადიციულად, ყველაფერი ასე იწყება: შედიხარ განცხადებების საიტზე, ჩამოუვლი ვაკანსიებს, შემდეგ მიწერ მეგობარს, აქვს თუ არა CV-ს კარგი ფორმა?! ან თუ დაგიწერს სამოტივაციო წერილს?! შემდეგ, ჩამოუვლი და სათითაოდ დააგზავნი შენს ძვირფას “კურიკულუმ ვიტაეს”, რომელიც სულ რამდენიმე ხაზისგან შედგება (ვინაობა, ტელეფონი, მისამართი, ოჯახის წევრები (ზოგჯერ, ძაღლისა და კატის ჩათვლით) და სასწავლებელი), რადგან შენ ჯერ არ გაქვს სამუშაო გამოცდილება. უტრირებულია, მაგრამ დაახლოებით ასე გამოიყურება დამწყების აპლიკაცია, ხოლო თავად სამსახურის ძიებას ხშირად ახლავს ფრაზა, რომელიც სათაურადაა მოყვანილი.
რა უნდა ქნას 20 წლის ახალგაზრდამ, რომელსაც არ აქვს სამუშაო გამოცდილება?! ერთი გამოსავალია ქართული დასაქმების სისტემის ლანძღვა, თუმცა, არამგონია ვინმემ ამის გამო ანაზღაურება დაგვინიშნოს. მაგრამ არის სხვა ალტერნატივა: უკვე არსებული რესურსების ეფექტური გამოყენება.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ნიჭიერი, თუმცა გამოუცდელი თანამშრომელი არავის აინტერესებს. უბრალოდ, ზოგჯერ არასაკმარისად კარგად ვეძებთ. ზოგჯერ, ზედმეტად მაღალ ბარიერებს თავად ვუყენებთ საკუთარ თავს და ბუნებრივია, ვზარალდებით. გასაგებია, რომ დამსაქმებელი ყოველთვის ცდილობს, არსებული შესაძლო კანდიდატებიდან აირჩიოს საუკეთესო, მაგრამ ეს არ გვართმევს შანსებს. პრობლემა შიშშია, თუმცა, ის ხომ ყველგანაა: თუკი 20 წლის ახალგაზრდას ეშინია, რომ გამოუცდელობის გამო დაიწუნებენ, გამოცდილს ეშინია, რომ ვინმე უკეთესი გამოჩნდება, დაჩრდილავს და მას დააწინაურებენ, ხოლო ძალიან გამოცდილს კი ეშინია, რომ ასაკის გამო მასზე ახალგაზრდას აირჩევენ.
რაგინდ მსუბუქად ვისაუბროთ, საკითხი მწვავეა და ხშირად გაღიზიანებასაც იწვევს. ეს პოსტი ვერ მოგაწვდის მზა რეცეპტს, ვერც 30 წლიან გამოცდილებას, თუმცა, გარკვეული საკითხები განსხვავებულად შეიძლება დაგანახოს.
რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ჩვენი გავლენის ფარგლებში?!
პირველ რიგში, გავერკვიოთ საკუთარ შესაძლებლობებში. რა გინდა აკეთო? რას ეძებ? რა გამოგდის? რა არ გამოგდის? რა გჭირდება განვითარებისთვის? საკუთარი სურვილების, ძლიერი და სუსტი მხარეების ადეკვატური ანალიზის არქონა სამსახურეობრივი იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზია. გონიერი დამსაქმებელი უპირატესობას მიანიჭებს იმ კანდიდატს, რომელმაც იცის, რატომ უნდა მაინცდამაინც ამ ორგანიზაციაში ან ამ სფეროში მუშაობა, ვიდრე მას, ვისთვისაც ეს მორიგი მცდელობაა, დაიწყოს სამსახური. განსაზღვრულობა გვაძლევს მოტივაციასა და ენთუზიაზმს, რაც გვეხმარება საქმიანობის პროდუქტიულად წარმართვასა და კარიერული სირთულეების გადალახვაში. ადამიანი, რომელმაც იცის, რა უნდა, დიდ უპირატესობას ფლობს, ზოგჯერ ნაკლები ცოდნისა და გამოცდილების პირობებშიც კი. თითოეული ჩვენგანი პროდუქტია შრომით ბაზარზე. იპოვო სამსახური, ნიშნავს, “გაყიდო” შენი შრომითი რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ საკითხის მიმართ ასეთი კომერციული დამოკიდებულება ბევრს არ მოსწონს. ფაქტია, რაც უფრო მცოდნე და ღირებული თანამშრომელი იქნები, მით “ძვირად” შეფასდები.
სპეციალურად, ამ თემაზე, დავუკავშირდი რამდენიმე ქართული კომპანიის დამფუძნებელს შემდეგი კითხვით: როგორ თანამშრომელს აიყვანდი გამოუცდელს, მაგრამ ენთუზიაზმითა და მოტივაციით სავსეს, თუ გამოცდილს, მაგრამ ნაკლებად მოტივირებულს? გთავაზობთ რამდენიმე რესპონდენტის პასუხს:
ლევან ლეფსვერიძე, Leavingstone: აუცილებლად გამოუცდელს და მოტივირებულს. ჩვენი ინდუსტრია იმდენად სწრაფად იცვლება, უმეტეს პოზიციებზე გამოცდილება არათუ პლიუსი, არამედ მინუსიც შეიძლება იყოს.
თეონა ბაღდავაძე, Key Communications: მხოლოდ მოტივაცია. სხვა კრიტერიუმს არ ვცნობ.
ლევან გომშიაშვილი, HOLMES&WATSON: პირველს, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია.
როგორ დავიწყოთ სამსახური? გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, სამსახურმა თავად უნდა აგირჩიოს, თუმცა, ნამდვილად არის ასე?! ზოგჯერ ღირს, უბრალოდ, გამოვიდეთ დამკვიდრებული პარადიგმიდან და წარმოვიდგინოთ: რა მოხდებოდა, შენ თავად რომ არჩევდე სამსახურს?! წარმოიდგინე, შედიხარ დასაქმების საიტზე, ჩამოუვლი ვაკანსიებს და არჩევ: მომწონს? არ მომწონს? გამომადგება? შევძლებ აქ განვითარებას? მიღირს აქ მუშაობა?! ემთხვევა იმას, რასაც მე ვეძებ? ოოო, ეს რაღაც საინტერესოა. მოდი, ვნახოთ, რა შესაძლებლობა იმალება აქ… ასეთ დროს გამართლებულია ექსპერიმენტები. შესთავაზე გარკვეული დროით უფასო სტაჟირება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორგანიზაციას ვაკანსია საერთოდ არ აქვს გამოცხადებული. არასტანდარტულ მიდგომას საინტერესო შედეგები მოაქვს ხოლმე, ინიციატივა კი ასეთ დროს, სწორი მიდგომის შემთხვევაში, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. სისულელეა?! უარს გეტყვიან?! ჯერ სცადე, დაუკავშირდი ორგანიზაციებს. შემდეგ გადაწყვეტ, არის თუ არა ეს სფერო საინტერესო შენთვის. ეძებე, გამოიკვლიე, შეისწავლე. დააკვირდი ყველა ხელმისაწვდომ დეტალს. ორგანიზაცია ნამდვილად ხელმძღვანელობს იმ ფასეულობებით, რომლითაც ის პოზიციონირებს, თუ ეს უბრალოდ, იმიჯია?! როგორია ხელმძღვანელი გუნდი? თუ გაქვთ საერთო ღირებულებები და ხედვა? ფიქრობ, რომ ეს მიდგომა ილუზიასაა მოკლებული? არადა, მე სწორედ ასე ვიპოვე სამსახური.
როგორი ანაზღაურება მოვითხოვოთ? სამწუხარო ფაქტია, რომ ხშირად ანაზღაურებაზე ორიენტირების გამო, საინტერესო შესაძლებლობაზე ამბობენ უარს. ზოგჯერ, ღირს მიზერულ ანაზღაურებაზე (ან, თუნდაც, ანაზღაურების გარეშე) დათანხმება იმისთვის, რომ ისწავლო საინტერესო ადამიანებისგან და შეიძინო ის, რის გამოც ხარ ახლა უმუშევარი – გამოცდილება.
ავტორი: თაკო მეფარიშვილი