კომპანიებმა მომხმარებლის მოსმენა საკმაოდ კარგად ისწავლეს. ისინი ყოველდღიურად აგროვებენ შეფასებებს, მხარდაჭერის სამსახურთან მიმოწერას, სოციალურ ქსელებში დაწერილ კომენტარებსა და პროდუქტის გაუმჯობესების მოთხოვნებს. ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფრის გაანალიზებასაც ამარტივებს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება: მომხმარებელი მხოლოდ იმას კი არ ამბობს, რა უნდა ან რას გრძნობს, ხშირად მიანიშნებს იმასაც, რამდენად სწრაფად ელოდება რეაგირებას.
ერთსა და იმავე პრობლემაზე ორი მომხმარებელი შეიძლება ერთნაირად უკმაყოფილო იყოს, მაგრამ განსხვავებული მოლოდინი ჰქონდეს. ერთისთვის საკითხი სასურველი გაუმჯობესებაა, რომელიც რამდენიმე თვეც მოიცდის. მეორისთვის კი იგივე პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ მალე არ მოგვარდა, პროდუქტის გამოყენებას საერთოდ შეწყვეტს. სწორედ ამ განსხვავების ამოცნობას უწოდებენ მკვლევრები დროით გადაუდებლობას.
ზოგჯერ ეს ძალიან პირდაპირ ჩანს. მომხმარებელი წერს „ახლავე გაასწორეთ“, ამბობს, რომ სერვისს დატოვებს, ან აღნიშნავს, რომ პროდუქტი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა. ხშირად კი მინიშნებები ბევრად შეუმჩნეველია: ადამიანი აღწერს, როგორ არღვევს პრობლემა ყოველდღიურ ჩვევას, ამბობს, რომ უკვე რამდენჯერმე მოუხდა დროებითი გამოსავლის მოძებნა, ან ეჭვი შეაქვს მომდევნო განახლების გამოყენებაში.
სწორედ ამიტომ, მხოლოდ კომენტარის ემოციურობის გაზომვა საკმარისი არ არის. ძალიან გაბრაზებული მომხმარებელი შეიძლება ისეთ პრობლემაზე საუბრობდეს, რომლის მოგვარებასაც რამდენიმე კვირა დაელოდება. ამავე დროს, რამდენიმე შედარებით მშვიდი კომენტარი შეიძლება აჩვენებდეს პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
ამის კარგი მაგალითი OpenAI-ის GPT-5-ის 2025 წლის გამოშვებაა. მომხმარებელთა ნაწილი მხოლოდ მოდელის ტექნიკურ შესაძლებლობებს არ აკრიტიკებდა. მათ არ მოეწონათ, როგორ შეიცვალა საუბრის ტონი: ახალი მოდელი უფრო ოფიციალური და ნაკლებად ნაცნობი ეჩვენებოდათ. რამდენიმე დღეში OpenAI-მ ფასიანი მომხმარებლებისთვის GPT-4o მოდელების ჩამონათვალში დააბრუნა და GPT-5-ის სტილიც შეცვალა. მომხმარებლები აშკარად მიანიშნებდნენ, რომ საუბრის მანერა მათთვის მეორეხარისხოვანი დეტალი არ იყო და ცვლილებას მომავალში კი არა, ახლავე ელოდნენ.
მსგავსი შემთხვევა ჰქონდა Epic Games-საც, როცა Fortnite-ში მშენებლობის ერთ-ერთი ძირითადი მექანიკა შეცვალა. მოთამაშეებისთვის ეს უბრალოდ ახალი პარამეტრი არ აღმოჩნდა. ცვლილება მათ უკვე ჩამოყალიბებულ თამაშის სტილს და ჩვევებს შეეხო, რის გამოც რეაქცია სწრაფად გამწვავდა. კომპანიამ ძველი სიჩქარე უკვე მეორე დღეს აღადგინა.
თუმცა მომხმარებლის მოსმენა ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ მთავარი გზავნილი სწორედ დაყოვნების მოთხოვნაა.
როდესაც Microsoft-მა Recall-ის გამოშვება დააანონსა, ფუნქციას, რომელიც კომპიუტერის ეკრანზე მიმდინარე აქტივობას პერიოდულად ინახავს, მომხმარებლებმა სწრაფად გამოთქვეს კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება. კომპანიამ ფართო გამოშვება გადადო, ფუნქცია ჯერ შეზღუდულ ჯგუფთან გამოცადა და დამატებითი უსაფრთხოების ზომები დაამატა. ამ შემთხვევაში მომხმარებლის გზავნილი იყო არა „სწრაფად გამოუშვით“, არამედ „ნუ იჩქარებთ, სანამ უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ ვიქნებით“.
ეს მაგალითები აჩვენებს, რომ მომხმარებელზე რეაგირება მხოლოდ სიჩქარის საკითხი არ არის. ზოგ სიტუაციაში საჭიროა პრობლემის დაუყოვნებლივ გამოსწორება, ზოგჯერ ძველი გამოცდილების დაბრუნება, ზოგჯერ განახლების გადადება, დამატებითი ტესტირება ან მომხმარებლის ნდობის აღდგენა.
კომპანიებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა პროგრამები, ციფრული სერვისები და AI პროდუქტები გაცილებით სწრაფად იცვლება. თუ ყველა უარყოფით კომენტარს გადაუდებელ პრობლემად ჩათვლი, პროდუქტის გუნდი მუდმივად ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით გაიქცევა. ხოლო თუ ყველა მოთხოვნას „სამომავლო გეგმაში“ გადაიტან, შეიძლება გამოგრჩეს მომენტი, როცა დაგვიანებული რეაგირება უკვე მომხმარებლის დაკარგვას ნიშნავს.
ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტიც ერთდროულად დახმარება და გამოწვევაა. AI-ს შეუძლია ათასობით კომენტარის სხვადასხვა ენიდან თარგმნა, დაჯგუფება და შეჯამება. მაგრამ სიტყვების სწორად თარგმნა ყოველთვის არ ნიშნავს მათი ტონისა და დროის მოლოდინის სწორად გაგებას. ერთი კულტურის მომხმარებელი უკმაყოფილებას შეიძლება ძალიან პირდაპირ გამოხატავდეს, მეორეში კი იგივე გადაუდებლობა გაცილებით ფრთხილი ენით გამოიხატოს. თარგმნილ ტექსტში ეს განსხვავება ადვილად იკარგება და კომპანიას შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მომხმარებლების აზრი სრულად ესმის, მაშინ როცა ყველაზე მნიშვნელოვანი მინიშნებები გამოტოვა.
ამიტომ მხოლოდ ზოგადი შეფასებები, მაგალითად „დადებითი“ ან „უარყოფითი“ უკუკავშირი, აღარ არის საკმარისი. კომპანიებიუნდა დააკვირდნენ, რა დროის მოლოდინი დგას კომენტარის უკან. მაგალითად, მომხმარებლის უკუკავშირი შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს: საკითხი, რომელიც ახლავე უნდა მოგვარდეს; პრობლემა, რომელიც შემდეგ განახლებაში უნდა შესწორდეს; მოთხოვნა, რომელიც გრძელვადიან გეგმაში შეიძლება გადავიდეს; და იდეა, რომელსაც მოქმედებამდე ჯერ დამატებითი ტესტირება სჭირდება.
ასევე მნიშვნელოვანია, ერთმანეთში არ ავურიოთ კომენტარების რაოდენობა და მათი მნიშვნელობა. ყველაზე ხშირად ნახსენები პრობლემა ყოველთვის ყველაზე გადაუდებელი არ არის. მცირე რაოდენობის მომხმარებელმა შეიძლება ისეთი სირთულე აღწეროს, რომელიც ბიზნესისთვის გაცილებით დიდ საფრთხეს ქმნის, მაგალითად უსაფრთხოების ხარვეზს, ძირითადი ფუნქციის მოშლას ან მომსახურების დატოვების რეალურ მიზეზს.
საუკეთესო შედეგი მაშინ მიიღება, როცა მონაცემების ფართო ანალიზს ადგილობრივი ცოდნაც ემატება. AI-მ შეიძლება სწრაფად შეამჩნიოს, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ერთ თემაზე საუბარი მოულოდნელად გაიზარდა, მაგრამ ადგილობრივი მომხმარებელთა მომსახურების გუნდი უკეთ მიხვდება, რეალურად რას ნიშნავს ეს ტონი და რამდენად სწრაფ რეაგირებას ელიან ადამიანები.
ასეთი სისტემა განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება, თუ კომპანიას წინასწარ ექნება განსაზღვრული რეაგირების წესები. მაგალითად, უსაფრთხოების პრობლემა, ძირითადი ფუნქციის მოშლა ან სწრაფად გავრცელებული უნდობლობა შეიძლება 24 ან 48 საათში სპეციალური განხილვის მიზეზი გახდეს. ნაკლებად მძიმე, მაგრამ გადაუდებელი საკითხი შეიძლება მცირე ტესტით ან დროებითი ცვლილებით მოგვარდეს. ხოლო დიდი გავლენის მქონე, მაგრამ ჯერ არაგადაუდებელი თემის შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება შეიძლება სწორედ პროცესის შენელება იყოს.
მომხმარებლის მოსმენა საბოლოოდ მხოლოდ იმის ცოდნა აღარ არის, მოსწონს თუ არა მას პროდუქტი. ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება იმის გაგება, რა უნდა შეიცვალოს ახლა, რას შეიძლება დაელოდოს და როდის არის უკეთესი, საერთოდ არ იჩქარო.
კომპანიებისთვის, რომლებიც პროდუქტებს სულ უფრო სწრაფად ანახლებენ, სწორედ ამ განსხვავების სწორად წაკითხვა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა. კარგი რეაგირება ყოველთვის ყველაზე სწრაფ რეაგირებას არ ნიშნავს. მთავარი ისაა, რომ კომპანია სწორ დროს მოქმედებდეს.
წყარო: HBR












