ყოველდღიურად ვაწყდებით მცირე თუ დიდ სირთულეებს, რომელთა გასამკლავებლადაც ხშირად პროფესიონალების დახმარება გვჭირდება. ეს საჭიროება კი ძირითადად მაშინ ჩნდება, როცა ადამიანები საკუთარ ემოციებში გამორკვევას იწყებენ.
სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს სათანადო სერიოზულობით არ ეკიდება. ამის ნაცვლად, პირიქით, ზოგჯერ სირცხვილადაც კი აღიქმება მსგავს გართულებებზე საუბარი. თავის მხრივ, ამას ღრმად დამკვიდრებული უხეში შეხედულებებიც უწყობს ხელს — “ფსიქოლოგი თუ გჭირდება, გიჟი ხარ”; “რა დეპრესია, ნუ აზვიადებ ერთი”; “დაიკიდე რა, პანიკური შეტევა კი არა, უაზროდ ნერვიულობ” და ა. შ.
და მაინც, მნიშვნელოვანია, მოკლედ განვსაზღვროთ ის საერთო მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანები ფსიქოლოგებს მიმართავენ:
- დანაკარგი
- სტრესი და შფოთვა
- დეპრესია
- ფობიები
- ოჯახთან და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებული სირთულეები
- შრომისუნარიანობის დაქვეითება
- სხვადასხვა მენტალური აშლილობა
ზემოთ მოცემული ჩამონათვალი სრულიად ბუნებრივი და ფართოდ გავრცელებულია… ჩვენ ყველანი განვიცდით სტრესს, შფოთვას, განწყობის ცვალებადობასა და ემოციური სტრესის სხვა ფორმებს. შესაძლოა, რიგ სიტუაციებში თავს გადატვირთულად გრძნობდეთ ან სიცარიელის განცდა გეუფლებოდეთ, გაწუხებდეთ ნეგატიური სტერეოტიპები, რომელთაგან თავის დაღწევაც შეუძლებლად გეჩვენებათ.
ცხადია, ჩვენს ემოციებს, აზრებსა და ქმედებებს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ენერგიაზე, პროდუქტიულობასა და ზოგადად ჯანმრთელობაზე. მენტალურ სიჯანსაღეზე ზრუნვა კი აძლიერებს უნარს, გაუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესორებს თუ გამოწვევებს.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ თქვენს მენტალურ კეთილდღეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგს მიმართოთ.
ხშირად მოგვმართავენ კითხვით, სად ან როგორ შეიძლება, ფსიქოლოგის კარგი კონსულტაცია მიიღონ. საბედნიეროდ, საქართველოში ბევრი მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი ფსიქოლოგი გვყავს… თითოეული მათგანი ეფექტური, თანამედროვე მეთოდებით ზრუნავს ჩვენს ფსიქიკაზე და მათი დახმარებით, ცხოვრების ხარისხს ვაუმჯობესებთ. სტატიაში კი მრავალთაგან ათს წარმოგიდგენთ, რომელიც არც რაიმე ლოგიკითაა ჩამოწერილი და არც პოპულარობით. უბრალოდ, რჩევის მოსაცემად რამდენიმე მათგანი მოვიძიეთ.
ელენე სიხარულიძე ანიმუსის ხელმძღვანელი და ფსიქოლოგია. “ანიმუსი არის ახალი იდეა ფსიქოთერაპიულ სივრცეში. ჩვენ ვეხმარებით ადამიანს საკუთარი რესურსების აღმოჩენის გზით, ფსიქოლოგიური გამოწვევების გადაჭრაში და თვითგანვითარებაში” — ვკითხულობთ კომპანიის ვებ-გვერდზე. ის გვთავაზობს როგორც ფსიქოლოგის, ისე ჯგუფური თერაპიის, კუნდალინი იოგასა და საგანმანათლებლო კურსებს.
ელენე თანაავტორია ისეთი კვლევებისა, როგორიცაა: “კოვიდ-19-ის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე”; და “ფსიქიკური ჯანმრთელობა და კომორბიდული მდგომარეობები – დეპრესია, შფოთვა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა”.
2) მენტალ ჰაბი
“გვსურს მენტალ ჰაბი იყოს ჯანდაცვის საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი სივრცე – სადაც ზრუნავენ, იკვლევენ და ვითარდებიან!” — ასეთია მენტალ ჰაბის ხედვა. ის გვთავაზობს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფსიქიატრიულ და საგანმანათლებლო სივრცეს. რაც მთავარია, პაციენტებზე ორიენტირებული სივრცე მომხმარებლებს მშვიდ გარემოს, პროფესიონალთა გუნდს, ეთიკურობისა და კონფიდენციალურობის მაღალ სტანდარტს, ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა და პროცესებში ჩართულობის შესაძლებლობას ჰპირდება.
მაია ხოსიტაშვილი დამოუკიდებელი ტრენერი, კონსულტანტი და ფსიქოლოგია. სწორედ მისი დაფუძნებულია ფსიქო-განათლების ცენტრი “Psycho-Solutions”, სადაც დირექტორის პოზიციას იკავებს.
კომპანია აერთიანებს ფსიქო-განათლებისა და საკონსულტაციო ცენტრს, სადაც ფსიქოლოგთა გუნდის მიერ ინდივიდებისთვისა და ორგანიზაციებისთვის მუშავდება კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის ფსიქოლოგიური ალტერნატივები.
თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ეს უკანასკნელი განთქმულ სულიერ ლიდერად მოიხსენიება.
როგორც თავად თინათინი აღნიშნავს, სჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანში დიდი შინაგანი ძალაა და ყველას შეგვიძლია ჩვენი საოცნებო ცხოვრების შექმნა და გავხდეთ ბედნიერები, თვით-რეალიზებულები, ვიყოთ საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში.
გიორგი ჭანტურია ფსიქოთერაპევტი, კვებითი ქცევის სპეციალისტი და არტ-თერაპიის სერტიფიცირებული სპეციალისტია. “ვმუშაობ როგორც მოზარდებთან, ისე ზრდასრულებთან, რომელთაც აღენიშნებათ მაღალი შფოთვა, შიში, დეპრესიულობა, ტრავმული გამოცდილება, ფსიქოსომატური ავადობა, კვებითი დარღვევები, ძილის დარღვევა, ქცევითი პრობლემები, აგრესიის შეტევები, ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი, კომუნიკაციის პრობლემები, კონფლიქტები, სოციალური ადაპტაციის სირთულეები”.
პროფესორი თეა გოგოტიშვილი ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპული – EAGT აკრედიტაციის მფლობელი და EAP სერტიფიცირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტია. მან დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად დააარსა საქართველო-კავკასიაში პირველი “საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი”.
თეას დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად დაწერილი და გამოცემული აქვს სახელმძღვანელო “გეშტალტთერაპიის თეორია და პრაქტიკა“. ისინი ერთად მუშაობენ განწყობის თეორიისა და გეშტალტთერაპიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტეგრაციაზე.
ჯანა კახიანის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის სფეროებია ბავშვის ფსიქოლოგია და განვითარების ფსიქოლოგია, განვითარების დარღვევები, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქოკონსულტაცია. შესაბამისად იგი ეწევა როგორც კვლევით, ისე პრაქტიკულ საქმიანობას.
მას დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვის განვითარების დარღვევების შესწავლაში. უკვე წლებია, მუშაობს ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებთან, მოზარდებთან, ასევე სხვა დარღვევების მქონე პირებთან, როგორც ფსიქოდიაგნოსტი და ფსიქოკონსულტანტი.
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე დღევანდელი მშობლებისათვის ძალიან კარგად ცნობილი პიროვნებაა. მისი რჩევების საფუძველზე, ბავშვებისადმი მიდგომა და მათთან ურთიერთობა დადებითი კუთხით შეიცვალა. მაგალითად, მან უნიკალური თამაშით თერაპია შეიმუშავა, რომელიც ბავშვის განვითარების კანონზომიერებას არის მორგებული.
თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სხვადასხვა სახის მომსახურებას გთავაზობთ.
ნათია ფანჯიკიძე ყველასათვის ცნობილი ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის “კამარას” დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელია. კამარა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობს. ფსიქოთერაპიის სახლის გუნდი მათ არტ-თერაპიის მეშვეობით რეაბილიტაციაში და საზოგადოებაში დაბრუნებაში ეხმარება.
10) ირმა კვაჭაძე
ირმა კვაჭაძე კლინიკური ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოსინთეზისა და ბიოსინთეზის სპეციალისტი, ენეაგრამა მასტერი, ნლპ ქოუჩია. მის მიერ დაფუძნებული ფსიქოთერაპიული სივრცე გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ისე ოჯახურ კონსულტაციებს. ასევე, თემატურ მარათონებს და სასერტიფიკაციო სასწავლო ტრენინგებს.
ავტორი: ქეთია ბელქანია











