in

როდის ხდება ნოსტალგია საშიში?

ნოსტალგია იშვიათად იწყება დიდი იდეებით. ხშირად ის ბევრად უფრო პატარა რამიდან მოდის: ძველი სიმღერიდან, ბავშვობის უბნიდან, VHS-ის კადრიდან, ოჯახის ფოტოდან ან იმ შეგრძნებიდან, რომ ოდესღაც ყველაფერი თითქოს უფრო მარტივი იყო.

ამიტომ ნოსტალგია თითქმის ყოველთვის თბილ ემოციად გვეჩვენება. მასში შეიძლება იყოს სევდაც, მაგრამ ეს სევდა ხშირად სასიამოვნოა. გვახსენებს ადამიანებს, ადგილებსა და ცხოვრების პერიოდებს, რომლებიც აღარ გვაქვს. სხვადასხვა ენას ამ განცდისთვის საკუთარი სიტყვებიც აქვს. პორტუგალიურ saudade-ში დაკარგული ადამიანის ან დროის მიმართ ღრმა მონატრება იგრძნობა. გერმანული Sehnsucht უფრო ძლიერ, თითქმის ფიზიკურ ლტოლვას აღწერს. უელსური hiraeth ხშირად კონკრეტული ადგილისა და სახლის მონატრებას უკავშირდება, იაპონური mono no aware კი იმ სევდიან სილამაზეს, რომელიც ყველაფრის წარმავლობის გაცნობიერებას ახლავს.

ყველა მათგანი ერთ რამეს გვახსენებს: წარსულის მონატრება ძალიან ადამიანური გამოცდილებაა. მაგრამ ნოსტალგია ყოველთვის ასეთი უწყინარი არ არის.

თავად სიტყვაც გაცილებით ახალია, ვიდრე მისი ბერძნული ჟღერადობა გვაფიქრებინებს. ის XVII საუკუნეში ექიმმა შემოიღო და თავდაპირველად სამედიცინო დიაგნოზად ითვლებოდა. ნოსტალგიას უკავშირებდნენ გულის ფრიალს, კანკალს, ოფლიანობას და ზოგჯერ საკვებზე უარის თქმასაც. მაშინ ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიმპტომები ერთმანეთისგან ისე მკაფიოდ არ იყოფოდა, როგორც დღეს, ამიტომ ძლიერი მონატრება დაავადებადაც კი აღიქმებოდა.

თანამედროვე მედიცინა ნოსტალგიას ამგვარად აღარ უყურებს. თუმცა ფილოსოფოსმა სვეტლანა ბოიმ მას სხვა ტიპის საფრთხე დაუკავშირა. მისთვის მთავარი კითხვა აღარ იყო, რას აკეთებს ნოსტალგია სხეულთან. გაცილებით საინტერესოა, რას გვაფიქრებინებს ის წარსულზე და აწმყოზე.

ბოიმი ნოსტალგიის ორ განსხვავებულ მიმართულებაზე საუბრობს, რომლებიც პირობითად შეიძლება „algia“-დ და „nostos“-ად გავიგოთ.

Algia მონატრებაა. შეიძლება ბავშვობის მეგობარი გაგახსენდეს, რომელთანაც კავშირი დიდი ხანია დაკარგე. შეიძლება მოგენატროს ზაფხული, რომელიც აღარ განმეორდება, ოჯახის ძველი სახლი ან ადამიანები, რომლებიც მაშინ შენი ყოველდღიურობის ნაწილი იყვნენ. ასეთ დროს კარგად აცნობიერებ, რომ წარსული დასრულდა. ეს განცდა სევდიანია, თუმცა აუცილებელი არ არის, აწმყოსთან კონფლიქტში შეგიყვანოს. პირიქით, ზოგჯერ სწორედ წარსულის გახსენება გვაძლევს საშუალებას უკეთ გავიგოთ, რა გვიყვარდა, რას ვაფასებდით და რა შეიცვალა ჩვენში.

სხვა რამ ხდება მაშინ, როდესაც მონატრება დაბრუნების სურვილად იქცევა. სიტყვა nostos ძველ ბერძნულში შინ დაბრუნებას ნიშნავს. ბოიმი ამ ცნებას იყენებს იმ ნოსტალგიის აღსაწერად, რომელიც წარსულს არა უბრალოდ იხსენებს, არამედ მას იდეალურ სამყაროდ წარმოაჩენს და აწმყოს მასთან შედარებით მუდმივად წარუმატებლად ხედავს.

აქ ჩნდება „ადრე ყველაფერი უკეთესი იყო“. ქალაქები უკეთესი იყო: ადამიანები უფრო ზრდილობიანები იყვნენ. კულტურა უფრო ღირებული იყო. ბავშვები სხვანაირად იზრდებოდნენ. საზოგადოებაში მეტი ერთიანობა არსებობდა. მუსიკა უკეთესი იყო. ცხოვრება უფრო ნამდვილი იყო.

ზოგჯერ ამ მოგონებებში სიმართლეც არის. ეპოქები მართლაც კარგავენ რაღაცებს, ისევე როგორც ახალ შესაძლებლობებს იძენენ. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც წარსულის რთული რეალობა რამდენიმე სასიამოვნო მოგონებამდე იკუმშება და საბოლოოდ გამოგონილ „ოქროს ხანად“ იქცევა. ადამიანის მეხსიერებაც ამ პროცესს კარგად უწყობს ხელს. წარსულს მთლიანად არ ვინახავთ. გვახსოვს ადამიანები, სურნელები, მუსიკა, არდადეგები, საღამოები, განცდები. ბევრად მარტივად გვავიწყდება მოწყენილობა, შიში, სოციალური უთანასწორობა, შეზღუდვები, ყოველდღიური პრობლემები და ყველაფერი, რასაც იმ პერიოდში ჩვეულებრივად ვიღებდით.

ამიტომ ხშირად გვაკლია არა კონკრეტული ისტორიული პერიოდი, არამედ საკუთარი თავი იმ პერიოდში. ბავშვობის მონატრებისას შეიძლება სინამდვილეში ის დრო გვენატრებოდეს, როდესაც პასუხისმგებლობა ნაკლები გვქონდა. 1990-იანი წლების მონატრებისას შეიძლება თავად ათწლეულზე მეტად ის განცდა გვახსენდებოდეს, როგორი იყო სამყაროს პირველად აღმოჩენა. ძველი ქალაქის მონატრებისას კი შეიძლება ქალაქზე მეტად საკუთარი ახალგაზრდობა გვაკლდეს.

თუ წარსული იდეალურ სამყაროდ წარმოვიდგინეთ, ავტომატურად ჩნდება კითხვა: ვინ დაგვაკარგვინა ის? აქ ნოსტალგია გამყოფ ძალად შეიძლება იქცეს. ნაცვლად ფრაზისა „მენატრება ის დრო“, ჩნდება აზრი: „ის დრო იმიტომ აღარ არსებობს, რომ თქვენ შეცვალეთ ყველაფერი.“ „თქვენ“ შეიძლება ნიშნავდეს ახალ თაობას, მიგრანტებს, სხვა კულტურას, ტექნოლოგიას, ქალაქის ახალ მოსახლეობას ან ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც აწმყოს ცვლილებას განასახიერებს.

ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესი წარსულის წარმოდგენა ყოველთვის ცუდია. სოციალური ცვლილებების ბევრი მოძრაობაც უკმაყოფილებით იწყება. ადამიანი ხედავს, რომ არსებული მდგომარეობა არასაკმარისია და უკეთესი საზოგადოების იდეას ეძებს. განსხვავება უფრო იმაშია, რას ვაკეთებთ ამ უკმაყოფილებით.

დღეს ნოსტალგიას სოციალური მედია კიდევ უფრო აძლიერებს. რამდენიმე წამში შეიძლება ნახო 1980-იანი წლების ნიუ-იორკის ქუჩები, 1990-იანი წლების სავაჭრო ცენტრები, ძველი თბილისი, ძველი რეკლამები, ტელევიზია, მუსიკა და ბავშვობის ნივთები. ამ ფრაგმენტებში ეპოქის მძიმე მხარეები თითქმის არასდროს ჩანს.

ეკრანზე რჩება მხოლოდ საუკეთესო განათება. ამიტომ ნოსტალგიისგან თავის დაცვა საერთოდ არ ნიშნავს, რომ წარსული აღარ უნდა გვიყვარდეს. პირიქით, მოგონებას შეუძლია გვაჩვენოს, რას ვაფასებთ და რის დაკარგვაზე ვწუხვართ.

მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი განსხვავების შენარჩუნება: წარსულის მონატრება და წარსულში დაბრუნების მოთხოვნა ერთი და იგივე რამ არ არის.

შეიძლება გიყვარდეს ძველი მუსიკა ისე, რომ ახალსაც აფასებდე. შეიძლება გენატრებოდეს ძველი ქალაქი ისე, რომ ცვლილება ავტომატურად განადგურებად არ აღიქვა. შეიძლება ბავშვობა იდეალურად გახსოვდეს და მაინც იცოდე, რომ ის იდეალური იმიტომაც ჩანს, რომ მაშინ სამყაროს სხვანაირი თვალით უყურებდი.

ნოსტალგიის ყველაზე ჯანსაღი ფორმა ალბათ სწორედ ესაა: წარსულს სიყვარულით უყურებ, მაგრამ მასში ცხოვრებას აღარ ცდილობ. საფრთხე მაშინ იწყება, როდესაც მოგონება გეგმად იქცევა და წარმოსახვითი ოქროს ხანა აწმყოს წინააღმდეგ გამოიყენება.

როგორ აქცია Star Trek-მა ფანტასტიკა რეალურ ტექნოლოგიებად

რეტრო ტექნოლოგია თანამედროვე სახით ბრუნდება